სესხების გაცემაზე შეზღუდვები დანამდვილებით 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. დებულება ეროვნულმა ბანკმა უკვე მიიღო. ცვლილება, რომელიც წინასაარჩევნოდ ორჯერ უკვე გადაიდო, 2019 წლიდან შევა ძალაში და მისი მთავრი მიზანი ჭარბვალიანობის თავიდან აცილება იქნება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეგულაციები ეფექტს მალევე არ მოიტანს და მისი სარგებელი საშუალოვადიან პერიოდში გამოჩნდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 დეკემბერს ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება მიიღო. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციობის ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხისათვის - 4 წელი.
ეროვნული ბანკის ბრძანების მიხედვით, ასევე განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის გადასახდელად განსაზღვრული ზედა ზღვრული თანხები, რომლებიც ხელფასიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ბანკებმა.
რეგულაციებს ეწინააღდეგებოდნენ ბანკები და მოახლოებული მეორე ტურის გარდა, მათი გავლენით მოხდა ცვლილების ამოქმედების ორჯერ გადავადება. უცნობია, როგორი იქნება ამჯერად მათი პოზიცია. ჯერჯერობით ნაადრევია ეფექტზე საუბარიც, რომელსაც დაკრედიტების ახალი სისტემა გამოიღებს.
ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი სესხებზე ახალი რეგულაციის ამოქმედების ეფექტს რეალურად გრძელვადიან პერიოდში ხედავს. ახლო მომავალში რამე განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
"საერთოდ, ნებისმიერი რეფორმა საშუალოვადიანი პერიოდიდან იწყებს შედეგების მოტანას, ამიტომ ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში მის გავლენას ბაზარზე არ უნდა ველოდოთ. ცვლილების დროს კლიენტებთან მიმართებით, ბანკებიც და მიკროსაფინანსოებიც ცდილობენ, შესაბამისი ინსტრუმენტები გამოძებნონ, რათა მათ არ შეუმცირდეთ გასაცემი სესხების მოცულობა. ამიტომ, რეგულაციის გარდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ფინანსური სექტორის ქცევას.
ვფიქრობ, თავიდან მცირე სესხებს მიღებული ცვლილება შეამცირებს. ამასთან ერთად, მეტი ყურადღება გამახვილდება, ვინ არის ნამდვილად გადახდისუნარიანი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კერძო სექტორი ყველაფერს გააკეთებს, შეინარჩუნოს კლიენტების ის რაოდენობა, რაც დღეს ჰყავს. ეს, ალბათ, პირველ ეტაპზე უფრო გაუჭირდებათ, შემდეგ კი მეტად აუღებენ ალღოს თამაშის ახალ წესებს", - აცხადებს "რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.
ბიზნესისათვის მუხრუჭი, ხოლო ჭარბვალიანობის აღმოფხვრისათვის დადებითი ეფექტის მქონე - ასე აფასებს ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციას ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია.
"პირველ რიგში უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, რას გვინდა მივაღწიოთ ახალი რეგულაციებით. თუ მიზანია ბინზესის განვითარების ხელშეწყობა, პირდაპირ უნდა ითქვას, ეს კანონპროექტი, პირიქით, ხელს შეუშლის განვითარებას. ნაკლებია შესაძლებლობა იმისა, რომ ბიზნესი მომავალში უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს.
თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ იმასაც, რომ ვალების განულების პროგრამა ამოქმედდა და ასიათასობით მოქალაქეს სესხი ჩამოეწერა. ამ კუთხით შემდეგი ნაბიჯი ნამდვილად ლოგიკურია. ამ ხალხმა მეორედ ვეღარ უნდა შეძლოს იმის გაკეთება, რის გამოც ერთხელ უკვე აღმოჩნდა შავ სიაში. ეს ჯანსაღი ეკონომიკის ჩამოყალიბების საფუძველია - ფულს როცა სესხულობ, აუცილებლად უნდა დააბრუნო.
ამ ყველაფრის გამო, რეგულაციის ეფექტი იქნება ორგვარი - გარკვეულ სეგმენტზე დადებითი და ცალსახად პოზიტიური, დანარჩენზე კი უარყოფითი და მუხრუჭის ეფექტის მქონე.
ეროვნულმა ბანკმა, ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ წასულიყო იმ გზით, რომლითაც თავად მოაგვარებს ბანკსა და მის კლიენტს შორის ურთიერთობას და არა - ბანკსა და ბიზნესს შორის. ეს მისი პოლიტიკაა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საუკეთესო ვარიანტი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, ცენტრალურმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეარბილა თავისი პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთებსა და განკარგვად შემოსავალთან მიმართებაში", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჭარაიამ.
ანალიტიკოსი ასევე კერძო მევახშეობის ზრდის საფრთხეზეც მიანიშნებს. მისი თქმით, რეგულაცია ფულზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს და მოქალაქეები ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებენ.
"თავისთავად ზედმეტად მკაცრი შეზღუდვები აბსურდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაშინ არავის მივცეთ სესხი, ვისაც კი 2 000 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს, მაგრამ ამით რას მივიღებთ? ჩვენ თუ შევხედავთ საბანკო სექტორს, ე.წ. გაფუჭებული სესხების მხოლოდ 3% მოდიოდა მათზე. ძირითადი ნაწილი ონლაინ სესხებსა და მიკროსაფინანსოებზეა. ამ მიმართულებით ბრძოლისათვის არ იყო აუცილებელი, რომ მთელ ფინანსურ სექტორზე გავრცელებულიყო ახალი რეგულაცია.
ვსაუბრობთ ასეულობით ათას ადამიანზე, რომლებსაც ფულზე მოთხოვნა კვლავ დარჩებათ, უბრალოდ, ვეღარ მიიღებენ ამ თანხას ოფიციალური სექტორისგან და მათი ნაწილი მევახშეებს მიმართავს. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სრული სეგმენტი, რადგან მათ, უბრალოდ, ვერ აუვა კერძო სექტორი, მაგრამ მაინც პრობელმაა მევახშეებისათვის მიმართვა, საპროცენტო განაკვეთებიდან და მათი მიდგომებიდან გამომდინარე", - აცხადებს ჭარაია "რეზონანსთან"