გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შედეგებს აჯამებს. გარდა იმისა, რომ 2012-13 წლებში დაწყებული პროგრამები გრძელდება, მნიშვნელოვანია რამდენიმე ახალი პროექტი, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებით, სოფლის განვითარების პროგრამებთან ერთად მნიშვნელოვანია, სოფლად ეკონომიკის ის დარგებიც წახალისდეს, რომლებიც დაკავშირებულია მეურნეობასთან. ეს შეიძლება იყოს აგროტურიზმი, სასოფლო ტურიზმი, ეკოტურიზმი ან სხვა.
უფრო ვრცლად, როგორი იყო 2018 წელი აგრარული სექტორისათვის, რა პრიორიტეტები დაისახა, რა პროექტები ხორციელდება და რამდენად შეცვალა მან ფერმერების საქმიანობა 2018 წლის განმავლობაში - "რეზონანსის" კითხვებს ლევან დავითაშვილი პასუხობს.
"რეზონანსი": რა დონეზეა დღეს აგრობიზნესი საქართველოში, რამდენად შეძლო მან ექსპორტზე შექმნილი დეფიციტის შემცირება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება?
ლევან დავითაშვილი: 2018 წლის 3 კვარტალში ჯამურად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 337.2 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა. აქედან, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება - 151.1 მლნ ლარით (5.2%), ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება 186.1 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა.
ექსპორტსა და იმპროტს შორის აგროსასურსათო პროდუქციაზე დეფიციტი დაახლოებით 900 მლნ დოლარს შეადგენდა, დამოკიდებული ვიყავით მთლიანად იმპორტულ პროდუქციაზე. დღეს ეს დეფიციტი 300 მილიონ დოლარამდე დავიყვანეთ. წელს ველოდებით 1 მლრდ დოლარამდე აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს საქართველოდან, რაც ჩვენ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირდება.
გაჩნდა ბევრი ქართული პროდუქტი. დღეს უკვე გვხვდება უამრავი ახალი ქართული მარკა, ბრენდი, სხვადასხვანაირი ქართული შეფუთვა. სოფლის მეურნეობა იზრდება სტაბილურად.
"რ": სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მწვანე ეკონომიკის განვითარებაა. ამ მიმართულებით რა მუშაობა გასწია სამინისტრომ და რა კეთდება იმისათვის, ქვეყანაში ეკო და ბიო წარმოებები რომ განვითარდეს?
ლ.დ: ჩვენი ხელისუფლების მთავარი ორიენტირი ეკოლოგია და მწვანე პოლიტიკაა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკოწარმოება, ბიოწარმოება და ორგანული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობა. საქართველოს აქვს პოტენცია, გახდეს მსოფლიოში ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების ქვეყანა. პრემიერის ინიციატივით, სოფლის მეურნეობაში წარმოებული ორგანული პროდუქცია ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდება.
მსოფლიოში არის დეფიციტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, მსოფლიო ბაზარზე წარდგეს ასეთი პროდუქციით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.
აქამდე იყო ფრაგმენტული დახმარებები ფერმერული მეურნეობებისათვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა ავაშენოთ უფრო ფართომასშტაბიანი მსხვილი პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს როგორც კონკრეტულ თანადაფინანსებას პირველადი თუ გადამამუშავებელი მწარმოებლებისათვის და საგადასახადო შეღავათებს, ისე სერტიფიცირების პროცესსა და ცოდნაში დახმარებას.
"რ": თბილისისა და რეგიონებისათვის ეკოლოგია ერთ-ერთ სენსიტიურ თემად რჩება, რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რათა ქვეყანაში ეკოლოგიური ვითარება გაუმჯობესდეს, რამდენად გაძლიერდა კონტროლი ამ მიმართულებით?
ლ.დ: წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები - დავიწყეთ კონტროლი მძიმე მეტალების შემცველობებზე. ამ კუთხით, მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ჰაერში გვხვდება ისეთი ტიპის დამაბინძურებლები, რომლებიც უკავშირდება გაუმართავ ტრანსპორტს, მტვერს და ა.შ. ამ კუთხით ღონისძიებები კომპლექსურია. ჰაერის მონიტორინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მომავალი წლიდან მოსახლეობას ექნება ახალ ვებ-პორტალზე წვდომის საშუალება, რომელიც მისცემს მას მცირე დროში, ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებას. ბენზინში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევა მიმდინარეობს. საწვავში ტყვიის შემცველობა არ ფიქსირდება.
თბილისის მასშტაბით კვლევები უკვე 45 წერტილში განხორციელდა (სექტემბერი-დეკემბრის მდგომარეობით). გარდა ამისა, 2018 წელს სატყეოს მიმართულებით რეფორმა მომზადდა, დაიგეგმა ინსტიტუციური ცვლილება, რომელიც ტყის დაცვის კუთხით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში ახალ პატრულირების დეპარტამენტს შექმნის.
"რ": როდესაც აგრარულ დარგში მიღწეულ პროგრესზე ვსაუბრობთ, მეღვინეობა ერთ-ერთი პირველია. რა წარმატებას მიაღწია დარგმა 2018 წელს?
ლ.დ: 2018 წელს გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი - 230 ათასამდე ტონა სუბსიდირების გარეშე, მევენახეების შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა (2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა). ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები. 2018 წლის დასასრულისათვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტს ველოდებით. 2019 წლიდან, მომავალი 5 წლისათვის ჩვენ გვაქვს ახალი მიზნები და ამ ახალი მიზნების მისაღწევად ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში 500-ზე მეტი ახალი საწარმოა რეგისტრირებული. მათ მიერ წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია, თუმცა მათ სჭირდება ბაზრებზე მიტანა.
"რ": რაც შეეხება მიზნობრივ ბაზრებს, რა პერსპექტივა აქვს ქართულ ღვინოს ამ მხრივ?
ლ.დ: ეს არის ტრადიციული სამეზობლო ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს, მაგალითად, აღმოსავლეთი ევროპა, სადაც საქართველოს მიმართ ლოიალობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ქართული ღვინის ცნობადობაა ნაკლები, მაგრამ სეგმენტი მზარდია. საინტერესო სეგმენტია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ყველაზე მეტი ღვინო მოიხმარება და რომელიც ყველაზე დიდი იმპორტიორია მსოფლიოში. ასევე, სწრაფად მზარდია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში იაპონია და სამხრეთი კორეა საქართველოს საექსპორტო ღვინის გეოგრაფიას დაემატება.
"რ": გამოწვევად რჩება ფაროსანა, რაც მოსავალს რეგიონებში სერიოზულ ზიანს აყენებს. რამდენად წარმატებული იყო წელს მავნებელთან ბრძოლა?
ლ.დ: მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები გვეუბნებიან, რომ საქართველო ფაროსანას პრობლემის მოგვარებას 2-3 წელიწადში მოახერხებს. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც საუკეთესო. შემდეგ წლებშიც მოგვიწევს ღონისძიებების გაგრძელება და დაფინანსება. ფაროსანა სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ მოკლევადიანი გამოწვევაა. ფაროსანა უკვე კონტროლშია მოქცეული. წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო ჩვენი ღონისძიებები, მეტი თანხებითა და რესურსით ჩვენ მოვახდინეთ მავნებლის გეოგრაფიული ლოკალიზება.
"რ": როგორია მიმდინარე სეზონი ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით და რა იგეგმება?
ლ.დ: ჩვენ წელს შევინარჩუნეთ მანდარინის მოსავალი და საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს ექსპორტთან დაკავშირებითაც.
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი 20 000 ტონას აჭარბებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შარშანდელ მონაცემებს. რეალიზაციის კუთხით შეზღუდვები არ არსებობს.
ციტრუსის ჩაბარების პროცესი საკმაოდ ორგანიზებულია, რომელსაც ჩვენთან კოორდინაციით აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზედამხედველობს. 20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 16,169 ტონა იყო. წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა.
(ბიზნესპრესი)