ეკატერინე ბასილაია
25.12.2018

 დიახ, მიხეილ ჩინჩალაძეს ვანო ზარდიაშვილიც მფარველობს და ადეიშვილიც მისი მეგობარი იყო. მაშინაც სარგებლობდა ხელისუფლების სხვა შტოსთან გავლენებით და დღესაც.

„ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რბილად რომ ვთქვათ. ის არანაირად არ იმსახურებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. ის კი არა, წესით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეც არ უნდა იყოს," - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

„რეზონანსი": იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ წარდგენილ 10 კანდიდატურას დიდი კრიტიკა მოჰყვა და მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყავით თქვენც. რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს სია მიუღებელია თქვენთვის?

ნაზი ჯანეზაშვილი: ეს სია ძალიან საინტერესოა. მათი უმრავლესობა არიან მოსამართლეები, რომლებმაც დიდი ხანია სისტემაში მუშაობენ, რომლებიც არიან იმ განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ავტორები, რომლებმაც ძალიან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა წლების წინ და სასამართლო სისტემა მიჩნეული იყო ერთ-ერთ მწვავე პრობლემად საქართველოში, რაც, სამწუხაროდ, ისევ ასე რჩება და ბუნებრივია, მართლმსაჯულების პრობლემები მათი პასუხისმგებლობაცაა.

ეს არიან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ მოსამართლეები, იყვნენ თანამდებობაზე, დღესაც არიან მოსამართლეები და ახლა უკვე ითხოვენ უფრო მაღალ თანამდებობაზე დაინიშნონ სასამართლო სისტემის შიგნით უვადოდ. ჩემთვის ეს კანდიდატურებია მიუღებლები არიან. მიუღებლები არიან ასევე იმიტომაც, რომ ამ ხარვეზიან, ამ უსახურ პროცესს დათანხმდნენ.

პროცესი საერთოდ არ წარმართულა. ღამით დადეს დღის წესრიგი, დილით გამოგვიცხადეს გვარები და ეს იყო კანდიდატურების შერჩევა? არადა ამ დროს გიორგი მიქაუტაძე საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ პროცესი გამჭირვალე იქნებოდა. გვარების გამოცხადება გამჭირვალობა არ არის?!

24-ში გაიგზავნა პარლამენტში სია ისე, რომ ბიოგრაფიებიც არ ჰქონდა დართული. ეს ბიოგრაფიები მეორე დღეს გაუგზავნეს დამატებით დოკუმენტად. ეს საერთოდ რა პროცესია?! ამიტომ ამ პროცესს და ამ კანდიდატებს მხარს არ ვუჭერ.

„რ": თუმცა თქვენ პარლამენტში გაგზავნილი სიიდან 3 გვარი გამოყავით, რომელიც მიუღებელია - მიქაუტაძე, გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე. შეგიძლიათ ცალ-ცალკე გვითხრათ, ვის მიმართ რა პრეტენზია არსებობს და რა პრეტენზია გაქვთ თქვენ?

ნ.ჯ.: გიორგი მიქაუტაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი ტყავაძე - კლანის ეს წევრები სასამართლო სისტემაში ცნობილნი არიან. ეს ადამიანები არიან ყველაზე დაახლოებულები კლანთან, რომელიც ძალაუფლებას ფლობს სისტემაში. ამიტომ, თუ ეს ადამიანები, ან თუნდაც მათგან ერთი დაინიშნება, ეს იქნება იმის მინიშნება, რომ სასამართლო სისტემაში კლანი კიდევ უფრო ძლიერდება.

ეს ასუსტებს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ 20-25 წელი ეს ადამიანები იქნებიან უზენაეს სასამართლოში თანამდებობებზე და მერე უნდა ველოდოთ, როდის გავა მთელი ამდენი დრო, რომ რაღაც შეიცვალოს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. არ შეიძლება 20-25 წელი ჩინჩალაძე მართავდეს ამ სასამართლო სისტემას.

„რ": ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე?

ნ.ჯ.: ჩინჩალაძე კუბლაშვილის მოადგილე იყო წლების განმავლობაში. 10 წელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შემდეგ გადაინაცვლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის თანამდებობაზე. ეს არის ადამიანი, რომელიც გავლენებით სარგებლობდა კუბლაშვილის დროს, წინა ხელისუფლების დროს და ეს ადამიანი დღესაც არის გავლენიანი ფიგურა და ინარჩუნებს სკამს.

ჩინჩალაძე არის ამ სისტემის მთავარი პრობლემა ყოველთვის. ის რომ არ იყოს, ალბათ სასამართლო უკეთესი იქნებოდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც გარშემო შემოიკრიბა თანამოაზრეების გუნდი, კლანი და შექმნეს ის, რაც შექმნეს. მმართველობის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს და თუნდაც ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ მიიღეს, ეს ჩინჩალაძის გარეშე არ მოხდებოდა.

რ": საუბარია, რომ ჩინჩალაძეს ვანო ზარდიაშვილი მფარველობს.

ნ.ჯ.: დიახ, ვანო ზარდიაშვილიც მფარველობს და ადეიშვილიც მისი მეგობარი იყო. მაშინაც სარგებლობდა ხელისუფლების სხვა შტოსთან გავლენებით და დღესაც.

ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რბილად რომ ვთქვათ. ის არანაირად არ იმსახურებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. ის კი არა, წესით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეც არ უნდა იყოს.

რ": გვრიტიშვილთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არის დიმიტრი გვრიტიშვილი?

მ.კ.: გვრიტიშვილი არის ცნობილი ძალიან გახმაურებული საქმეებით. ცნობილი შემთხვევა იყო, როდესაც ნაცემი დაჩი ცაგურიას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა 2012-ში. ასევე ჯარიმებთან დაკავშირებით არის ცნობილი, სხვათა შორის ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში, როცა ოპოზიციაში იყვნენ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო.

ეს ადამიანი ებრძოდა ამ ხალხს და არ ვიცი, რა გააკეთა ამისთანა, რომ ბრუნდება. დამსახურება და კარგი რეპუტაცია ამ ადამიანს არ აქვს, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მტერიც იყო და ვერ გავიგე, რატომ უნდა იყოს უზენაესის მოსამართლე.

თუმცა, ის დღესაც არ არის დაბალ თანამდებობაზე, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოსამართლეა, დაახლოებით 9 000 ლარის ანაზღაურება აქვს.

რ": თქვენ პრეტენზიები გაქვთ გიორგი მიქაუტაძესთანაც. რა უნდა ვიცოდეთ მისი საქმიანობის შესახებ?

ნ.ჯ.: მიქაუტაძის მიმართ იყო სს საქმე დაწყებული, რომელზეც რა მოხდა, დასრულდა თუ არა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც კლანის მთავარი წარმომადგენელია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა იუსტიციის საბჭოს მდივანი.

დიახ, მიქაუტაძის მიმართაც არსებობს კითხვები. ბრიფინგიც მაქვს ჩატარებული. ერთმა ოჯახმა მიქაუტაძის გამო დატოვა ქვეყანა და საქართველოდან წავიდა. ეს საკმარისი არ არის, რომ მოსამართლის მიმართ ძალიან მწვავე შეფასება იყოს? მაგრამ საბჭომ მიიჩნია ის დამსახურებულად და მაინც წარადგინა პარლამენტში კანდიდატად...

როდესაც ამ ადამიანების ანგარიშზეა მართლმსაჯულების მწვავე კრიტიკა, როდესაც მათ ანგარიშზეა უამრავი გახმაურებული საქმის გადაწყვეტილება, გაუგებარია, რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები უმაღლეს თანამდებობაზე. ჩატარებულიყო გასაუბრება და მოგვესმინა მათთვის?!

„რ": რა მოლოდინი გაქვთ, პარლამენტი დანიშნავს ამ მოსამართლეებს უვადოდ?

ნ.კ.: სურვილი მაქვს, მაგრამ მოლოდინი - არც ისე ოპტიმისტური. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როცა ფაქტია, რომ ამ ადამიანებს გარკვეული კავშირები აქვთ?!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×