საპარლამენტო უმრავლესობის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიაში მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის ყოფნა იწვევს
ეკატერინე ბასილაია
26.12.2018

 უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურების გამო "ოცნების" დეპუტატების ნაწილში დიდი უკმაყოფილებაა. აღშფოთება გამოიწვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის ნაუცბათევად წარდგენილ 10-კაციან სიაში 2 მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის შეყვანამ და ლევან მურუსიძის მომწონებელი "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ახლა ამ 2 მოსამართლის მიუღებლობას იმით ხსნის, რომ ისინი სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეები არიან, რომლებსაც ადეიშვილის დაკვეთით უსამართლო განაჩენები გამოჰქონდათ და სასამართლოში მათი უვადოდ გამწესება დაუშვებელია - ეს სააკაშვილის ეპოქის დაბრუნებას ნიშნავს.

"რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატების ნაწილით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების უმრავლესობა, დაახლოებით 50-60 პარლამენტარი მაინც და იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ მოსამართლეებს უვადოდ დამტკიცებაზე უარს ეტყვის.

უფრო მეტიც, ფოფხაძის თქმით, ამ სიაში რამდენიმე ისეთი პერსონაცაა, რომლებიც გასაუბრებაზეც კი არ უნდა მივიდნენ.

"არის რამდენიმე პერსონა, რომლებზეც ხმის მიცემა გამორიცხულია, იმდენად წყალგამყოფია. ახლა გვარებს არ ვასახელებ, ჯერ მინდა, ეს ხალხი კომიტეტზე მოვიდეს... მე მესმის, რომ თანამდებობა და სტატუსი ყველას უნდა, მაგრამ თუ რეალობას დაუფიქრდებიან, ყველაზე ჭკვიანურს იზამენ, თუ ეს ადამიანები გასაუბრებაზე არ მოვლენ", - აცხადებს ფოფხაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 მოსამართლის კანდიდატურა 24 დეკემბერს წარადგინა საბჭოს სხდომაზე და იმავე დღეს გადაუგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად, თუმცა კანდიდატების გვარები დიდი კრიტიკის საგანი გახდა ჯერ არასამთავრობოების, ოპოზიციისა და საბჭოს 2 არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან, შემდეგ კი ამ საერთო აღშფოთებას, ცოტა უფრო მორიდებით, "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც შეუერთდა.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით "სააკაშვილის ეპოქა დაბრუნდება" და როდესაც იურიდიულ კომიტეტში კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება, საკუთარ კრიტიკას მაშინ მკაფიოდ დააფიქსირებს.

თავშეკავებული იყო განცხადებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მან თქვა, რომ მისთვის, ვინც წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, უვადო მოსამართლეების შერჩევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და საკითხი მოითხოვს გააზრებულ და პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას.

ასევე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა დაჩი ცაგურიამაც, ვინც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისას ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო და "ოცნების" ხელისუფლებაში რკინიგზაში მაღალ თანამდებობაზეა დანიშნული.

"გვიტიშვილმა სრულიად უდანაშაულო გამიშვა ციხეში... უმორჩილესად გთხოვთ, არ დაამტკიცოთ ეს სირცხვილი სასამართლოში", - მოუწოდა "ოცნებას" ცაგურიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კი პრეზიდენტსაც მიმართა, რომ "მცდელობაა, კლანმა თავი ჩაიცემენტოს სასამართლოს სისტემის სათავეში" და "ამ საშიშ ფენომენზე" პრეზიდენტმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

 უვადო მოსამართლეთა პრეტენდენტების მიმართ უკმაყოფილება ოპოზიციამაც გამოთქვა და გაკეთდა განცხადებები, რომ ჩინჩალაძე - ეს არის ძველი კორუფციული კლანის წარმომადგენელი.

კრიტიკა თავად "ნაციონალების" დროინდელმა ხელისუფლების წევრებმაც გამოთქვეს.

"ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება... "ოცნება", ძველი გვარდია, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ!" - "ფეისბუკში" დაწერა გიგი უგულავამ.

ვინ არიან ის მოსამართლები, რომელთა უვადოდ დანიშვნა "ოცნების" ნაწილისათვის მიუღებელია?

"ოცნების" კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ამ 10-კაციან სიაში ყველაზე დიდი მიუღებლობა 2 კანდიდატის გამოა - მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილი 10 წელია, სასამართლოში მუშაობს და მისი ქმედებები განხილვის საგანი 2012 წელს გახდა, როცა წინასაარჩევნოდ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

მაგალითად, ის იყო დაჩი ცაგურიას მოსამართლე 2012 წლის სექტემბერში, როცა პოლიციელების ნაცემ ცაგურიასა და კიდევ ერთ აქტივისტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ცაგურიას დამცველმა საია-ის იურისტმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომაც დატოვა.

მაშინ გვრიტიშვილს უკანონო გადაწყვეტილებების გამო მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც. მას 22 სექტემბერს "ფეისუკზე" გამოქვეყნებული აქვს გვიტიშვილის ფოტო და სტატუსი: "იცნობდეთ მოსამართლე გვრიტიშვილს! 90 დღემდე უკანონო პატიმრობაში უპრობლემოდ აგზავნის ადამიანებს".

გვრიტიშვილი იყო ის მოსამართლე, ვინც ასევე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია 5 მილიონი ლარით დააჯარიმა.

რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ის 2017 წლის მაისიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კი 2007 წლიდან მუშაობდა და სააკაშვილმა ის კარგი სამსახურისათვის "ღირსების ორდენითაც" დააჯილდოვა.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ ასრულებდა სამოსამართლო ფუნქციას, ვინაიდან მას მხოლოდ 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც თვეში დაახლოებით 2 საქმეს შეადგენს, მაშინ, როცა სხვა მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

იმავე ინფორმაციის მიხედვით, 2010-2013 წლებში, ასევე 2015 წელს ჩინჩალაძეს არც ერთი საქმე არ განუხილავს. გარდა ამისა, ამ 10-წლიანი მუშაობისას მას 1 მილიონ ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატი აქვს აღებული.

ჩინჩალაძის სახელთან არის დაკავშირებული ერთი კურიოზული შემთხვევა, როდესაც მან სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის სტატუსით მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ "დუმილის უფლებას იყენებს".

"რეგინფო" წერს, რომ ჩინჩალაძეს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი მფარველობს, ისინი მეგობრები და ნათელმირონები არიან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვანო ზარდიაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის ყველა წევრი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნა.

გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ დაასახელებს და ყველაფერს ღიად და მოურიდებლად თავად ამ კანდიდატებს ეტყვის მაშინ, როდესაც იურიდიულ კომიტეტზე გასაუბრება იქნება.

ფოფხაძის თქმით, უპირველესად მისთვის მიუღებელი იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე ნაუცბათევად წარადგინა 10 კანდიდატი, რაც არასწორია და თავიდანვე უნდობლობას იწვევს. გარდა ამისა, სიაში არიან ადამიანები, რომელთა საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში კითხვებია.

"უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეების მიყვანა, რომლებიც თავისი მორალური ღირებულებებით არიან საეჭვო, არასწორია. პიროვნულად არავისზე არ მინდა ლაპარაკი, ყველამ ყველაფერი ვიცით. ვიცით, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და სასამართლო ხელისუფლებას რომ ამ ყველაფერში ხელი არ შეეწყო, უსამართლობა ვერ მოხდებოდა. ამიტომ საუბარია ძალიან მარტივ რაღაცაზე - მორალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ ხალხმა თვითონ უნდა იგრძნოს.

"როცა კომიტეტზე მოვლენ და კითხვებზე პასუხების გაცემას დაიწყებენ, მორალურად ხომ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკუთვნის, ვიღაცამ ხმა მისცეს?! კენჭისყრები იქნება თავისუფალი და ყველა დეპუტატი თავის სინდისთან მარტო დარჩება, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამისად, ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

"ჩემი ინფორმაციით, უმრავლესობის უმრავლესობა ამ კანდიდატებით უკმაყოფილოა. სავარაუდოდ, საუბარია 50-60 დეპუტატზე. ისინი აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით პოზიციას და კანდიდატების ნაწილს მხარს არ დაუჭერენ", - აცხადებს ფოფხაძე.

ჯერ უცნობია, როდის მოუსმენს ამ 10 კანდიდატს იურიდიული კომიტეტი, ვარაუდია, რომ ეს თებერვალში მოხდება, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×