"ოქროს გასაღები თანამდებობაში არ არის, მთავარია იპოვოს რეფორმების ის გზა, რომელიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ამ გზას იპოვის, იმის საშუალებაც ექნება, პარტია, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების შტო ამ გზაზე გაატაროს".
ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე მოსაზრებას, ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების თაობაზე.
რამაზ საყვარელიძე: პირველი მიზეზი, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერად არ დაბრუნდეს, შეიძლება იყოს, ის, რომ თავად არ ჰქონდეს ამის სურვილი. სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ანუ უნდა დაბრუნდეს, იმიტომ, რომ წესრიგში მოიყვანოს ყველაფერი.
როცა პრემიერი იყო, ანალოგიური პრობლემები მაშინაც იდგა; ასე რომ, "ოქროს გასაღები" თანმდებობაში არ არის, ერთი სკამიდან მეორეში გადაჯდომა, არამედ რეფორმების იმ გზების პოვნაა, რომელიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.
თუ ივანიშვილი ამ გზას იპოვის, იმის საშუალებაც ექნება, პარტია, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების შტო ამ გზაზე გაატაროს.
რაც შეეხება იმას, აკონტროლებს, თუ არა ივანიშვილი სიტუაციას, მას კონტროლის პრობლემა არ აქვს, პრობლემა არის სტრატეგიული ხაზის გატარება, ამის შესაძლებელობა ივანიშვილს იმ დისტანციიდანაც შეუძლია, რასაც პარტიის თავმჯდომარეობა ჰქვია. პრემიერის ყოველდღიური რუტინული საქმიანობა, შეიძლება ამ მთავარი მიზნის გატარებაში ხელისშემშლელიც კი აღმოჩნდეს.
"რეზონანსი": ივანიშვილმა ერთწლიანი ვადა ითხოვა სიტუაციის დასალეგებლად. რეფორმების გზა, რომელიც თქვენ ახსენეთ, პარტიიდან უნდა დაიწყოს?
რ. ს: რას ფიქრობს ივანიშვილი, შეიძლება მისი გუნდის წევრებმაც არ იციან და ჩვენ გარედან ვმსჯელობთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ივანიშვილს მართვის მისეული კონცეფცია აქვს ერთიან სისტემაში მოსაყვანი.
იგი ამ დარჩენილ ორ წელიწადში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი კონცეფციით და არა სკამით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 2012 წელს შექმნილ კონცეფცია, თავიდან მოსაფიქრებელია, ანუ ის თემები, რომლებიც იმ ეტაპზე მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ვერ გაამართლა. ე.ი. ცვლილებებია საჭირო.
"რ": ცვლილებები, რომ აუცილებელია ეს ამ არჩევნებმაც დაგვანახა და საპარლამენტო არჩევნებიც კარს მოგვადგა, მაინც როდის უნდა ველოდო ცვლილებებს "ოცნებაში"?
რ.ს: ახალ კონცეფციაზე მუშაობა, მაშინ უნდა დაწყებულიყო, როცა პირველად გაჩნდა "ოცნებისადმი" საზოგადოების უნდობლობა, თუმცა არც დღეს არის დაგვიანებული.
მაგრამ, კონცეპტუალურად დატვირთული ნაბიჯების გადაგმა "ოცნებისთვის" საკვანძო საკითხია და ყოველი დღე, დაკარგული დღეა. პოლიტიკაში მთავარი სურვილი არ არის და ყველფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად იგრძნობს "ოცნება", თუ ცვლილებებს არ გაატარებს, ცუდ დღეში აღმოჩნდება.