თამარ შუკვანი
26.12.2018

 „უკრაინაში საომარი მდგომარეობა ერთი თვით იყო გამოცხადებული, მაგრამ დღეს უკრაინის ხელისუფლება შესაძლოა თვლის, რომ ალბათობა იმისა - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებებში გადაიზრდოს, დაბალია და უკრაინამ შესაძლოა დასავლელი კოლეგების დამხარებით სხვა ზომებს მიმართოს, მათ შორის დამატებითი სანქციების მიღებას რუსეთის წინააღმდეგ," - აღნიშნავს ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობა, რომელიც უკრაინის 10 ოლქში 26 ნოემბერს 30 დღით გამოცხადდა, დღეს დასრულდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

საომარი მდგომარეობის პერიოდში უკრაინამ საზღვარზე შეზღუდვები დააწესა, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს უკრაინაში შესვლა ეზღუდებოდათ. ეს შეზღუდვა საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც შესაძლოა გაგრძელდეს, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, - ამის შესახებ საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე საომარი მდგომარეობის გაუქმების გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირებს.

„დღეს განიხილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი და მგონია, რომ ამ ეტაპზე უკრაინიას სურს არ დაძაბოს ვითარება რუსეთთან. აღნიშნული საკითხი ვნებათაღელვის საგანს წარმოადგენს უკრაინის ეკლესიისთვის. უკრაინა დასავლეთს მიანიშნევს, რომ ქვეყანა მომხრეა რუსეთთან კონფლიქტი, რომელიც აზოვის ზღვაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, მშვიდობიანი გზით გადაიჭრას," - აცხადებს ის.

მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ და შესაძლოა თუ არა, რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში 26 ნოემბერს განხორციელებული აგრესიული ქმედება კვლავ გაიმეროს, ჩიტაძე ამბობს, რომ რუსეთის მიზანს ქერჩის სრუტეზე სრული კონტოლის მოპოვება წარმოადგენს.

„ის ვიწრო სრუტე, რომელიც ერთმანეთთან ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას აკავშირებს, ქერჩის სრუტეს ვგულისხმობ, რუსეთის მიერ კონტროლდება. გარდა ამისა, რუსეთის მიზანია უკრაინის სავაჭრო-სამხედრო გემების მოქმედების შეზღუდვა აზოვის ზღვაში. ასევე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის მარიუპოლის პორტის ბლოკადაში მოქცევა. გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა დამატებითი ზომები მიიღოს, თუმცა ბევრი რამ დასავლეთის რეაქციაზეა დამოკიდებული.

„რუსეთი ამ შემთხვევაში დასავლეთის რეაქციას ამოწმებს, მაგრამ თუკი დასავლეთი მტკიცე იქნება და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აამოქმედებს, დღეს იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ნავთობზე მსოფლიო ფასები ეცემა და 60 დოლარს გადაცდა, მგონია, რომ რუსეთი უბრალოდ კუდის მოქნევას ცდილობს," - თქმა მან.

ჩიტაძე დაპირისპირების გაღვივებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. ასევე, შავი ზღვის აკვატორიაში შესაძლოა ნატო-ს სამხედრო გემებიც კი ვიხილოთ.

„თუ კუდი კვლავ მოიქნია და შეზღუდა უკრაინული გემების გადაადგილება, არ არის გამორცხული დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს და საბოლოო ჯამში, საშუალო ვადიან პერსპექტივაში რუსეთს დათმობაზე წასვლა მოუწიოს.

„ნაკლებად მოსალოდნელია დაპირისპირება. არამგონია, რომ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში. ბოლო პერიოდში შედარებით დათბა აშშ-სა და თურქეთს შორის, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აშშ-მა მზადყოფნა განაცხადა საკუთარი ჯარი გაყვანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეულ გარიგებას ჰქონდა ადგილი, - სამაგიეროდ თურქეთი ნებას დართავს ამერიკულ და ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის აკვატორიაში გადაადგილდნენ რუსეთის დაბალანსების მიზნით.

„არ არის გამორცხული ნატო-ს სამხედრო ხომალდების შესვლა შავი ზღვის აკვატორიაში, თუმცა არა საომარი მოქმედებების მისაღებად, არამედ რუსეთისთვის ძალის დემონსტრირების მიზნით," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×