ეკატერინე ბასილაია
26.12.2018

 ხუთშაბათს, 27 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება, სადაც მღვდელმთავრებმა უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პოზიცია უნდა ჩამოაყალიბონ, როგორც თავად საპატრიარქომ ადრე არაერთხელ დააანონსა კიდეც, თუმცა თეოლოგების ნაწილს ინფორმაცია აქვს, რომ სინოდის სხდომაზე გადაწყდება მხოლოდ ის, რომ პოზიციის დაფიქსირების საკითხი რაც შეიძლება დროში გაწელონ და ამით რუსეთის გაღიზიანება თავიდან აიცილონ.

უფრო მეტიც, თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგ ახვლედიანმა უკვე დააანონსა, ასევე სხვა ეპოსკოპოსებმაც პირად საუბრებში განუცხადეს, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდი აპირებს შექმნას კომისია, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილების მართებულობის საკითხს შეისწავლის.

თეოლოგების თქმით, კომისის შექმნა სწორედ საკითხის ხანგრძლივი დროით გაწელვას ემსახურება. ასევე ითქვა, ამ საკითხს მოსაყდრე შიო განაგებს.

„მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა ინტერვიუში თქვა, ეს ასევე რამდენიმე სხვა ეპისკოპოსმაც მითხრა, (არ მინდა ახლა მათი ვინაობის დასახელება), რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს და კამათიც კი მომივიდა მათთან, რომ კომისიის შექმნას აპირებენ,"- აცხადებს გოჩა ბარნოვი.

თეოლოგის პროგნოზით, სინოდის სხდომაზე არაფერი არ მოხდება, გამოაცხადებენ მხოლოდ კომისიის შექმნას, რაც დროის გაყვანის მეთოდია.

"კრეტის კრების შემდეგაც შექმნეს საპატრიარქოში კომისია და 2 წელზე მეტია გასული, თუმცა არაფერიც არ შეუსწავლიათ. კომისიები შექმნა მხოლოდ დროის გაყვანის მეთოდია. მე კითხვა მაქვს, რატომ არ გააკეთეს ეს აქამდე? ეს არის გუნდრუკის კმევა მოსკოვის საპატრიარქოსთვის და მეტი არაფერი.

"როგორც ვიცი, ეპისკოპოსიდან უმრავლესობა უკრაინას უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა საპატრიარქოს ადმინისტრაცია რუსეთის შიშის თუ ზეწოლის გამო ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას და დროში გაწელვას გეგმავენ. ეს ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია. საქართველოს ეკლესიას ბოლოს მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და სჯობს, ეს ღირსეულად გააკეთოს,"- ამბობს ბარნოვი.

მისივე თქმით, არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც. დაანონსებულია, რომ 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს უკრაინის ახლადშექმნილი, გაერთიანებული ეკლესიის მწყემსმთავარს, მიტროპოლიტ ეპიფანეს და ამის შემდეგ კიევისა და სრულიად უკრაინის ახალი მეთაური უნდა მოიხსენიოს ყველა ეკლესიამ, ამიტომაც ძალიან საინტერესოა, რას იზამს საქართველოს ეკლესია და 7 იანვარს შობის დღესასწაულზე სხვა ეკლესიის მეთაურებთან ერთად ჩამონათვალში მოიხსენიებს თუ არა მიტროპოლიტ ეპიფანეს.

„კონსტანტინოპოლი არის ტონის მიმცემი ავტოკეფალიებთან დაკავშირებით. აქიდან გამდინარე, როცა 6-ში ოფიციალურად ტომოსი გადაეცემა უკრაინის ეკლესიას და სტატუსიც განესაზღვრება, საპატრიარქო იქნება თუ საეპისკოპოსო, ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს ეკლესია რა პოზიციას დაიჭერს.

"თუ 6 იანვრის შემდეგ საქართველოს ეკლესია არ მოიხსენიებს უკრაინის ეკლესიის მეთაურს, ძალიან დაპირისპირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კოსტანტინოპოლთან. ეს ძალიან დიდი სკანდალია ზოგადად საეკლესიო ცხოვრებაში,"- აცხადებს ბარნოვი.

თეოლოგი ვლადიმერ ნარსიას თქმით, 47 ეპისკოპოსისგან შემდგარ სინოდში უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და ამიტომაც რამდენიმე დღის წინ ივარაუდა, რომ სინოდი კომისიას შექმნიდა.

"ეს არის ყველაზე ნეიტრალური, ფრთხილი ნაბიჯი, რომელსაც, ალბათ, სინოდი აირჩევს. ეკლესიაში როცა რაიმეს გაკეთება არ უნდათ, ქმნიან ხოლმე კომისიებს. ახლაც დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც ეკლესია აღმოჩნდა უკანასკნელი 2 წლის პროცესების პარალელურად.

"საპატრიარქოს მმართველ გუნდს დღეს არ აქვს ისეთი თავისუფლება, რადგან დღეს ეკლესიის საკითხებში საზოგადოების ჩართულობა გაზრდილია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა თეოლოგია ჩართული, მათ შორს ისინიც, ვინც წასულია ქვეყნიდან და ისინი საკუთარ პოზიციას ხშირად აფიქსირებენ. ალბათ, ამან შეცვალა საპატრიარქოს ადმინისტრაციის ტაქტიკა და სტრატეგი, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით აყალიბებენ ამ ფრთხილ, ნეიტრალურ პოლიტიკას და ერთის მხრივ, საზოგადოების ან ნაწილს ეუბნებიან, რომ ისინი არ არიან მთლად მიმხრობილნი რუსეთს, მეორეს მხრივ კი, რუსეთსაც ეუბნებიან, რომ ჯერ ისევ არსებობს რაღაც შანსი და თუ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება, საქარველოს ეკლესია გაჰყვება ამ დინებას. ამიტომაც კომისიის შექმნაც ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნას გულისხმობს,"- ამბობს ნარსია.

მისი თქმით, ეკლესია ლოგოსის ინსტიტუტია და ის უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის და სინდისის კარნახით და არა იმით, რა პოლიტიკური ვითარება იქმნება და ამის გათვალისწინებით ლავირება გვაჩვენოს. დღეს კი, უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესიის თავშეკავება მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გავლენა ძალიან დიდია.

„ლოგოსის სული კი გვკარნახობს, რომ არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმის, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ ვაღიაროთ. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს ეკლესია არ არის გათავისუფლებული რუსული გავლენებისგან.

"ბოლო დროს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსის ილარიონ ალფეევის სტუმრობა საქართველოში პირდაპირ არის მითითება იმაზე, რომ მან ჩამოტანა გზავნილი, შესაძლოა გამზადებული ტექსტიც, თუ რა უნდა ითქვას, რა ფორმით უნდა ითქვას საქართველოს ეკლესიის პოზიცია უკრაინის საკითხზე. არ გამოვრიცხავ, რუსეთიდან იყოს ეს შეთავაზებაც, რომ კომისია შეიქმნას,"- მიიჩნევს ნარსია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×