2020 წელს სოციალურად დაუცველებისთვის ბუნებრივი აირის გადასახადზე სუბსიდიას დააწესებენ
თამარ მუკბანიანი
27.12.2018

 გაზის ტარიფი, მინიმუმ, 1 წლით, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო გაზის ღირებულება დედაქალაქში 0.014 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება კომერციული გაზის ტარიფს, ის დერეგულირებულია და სემეკი არ განსაზღვრავს. "ოცნების" უმრავლესობაში ამბობენ, რომ 2020 წლისათვის ტარიფის სუბსიდირება მოხდება სოციალურად დაუცველთათვის, მანამდე კი მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის გადასახადი სახელმწიფომ დააბალანსა.

სემეკმა უკვე დაამტკიცა სამომხმარებლო გაზის ტარიფის უმნიშვნელო, თუმცა მაინც კლება 1 წლით: "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის - 0.011 თეთრით, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებისთვის - 0.014 თეთრით, "საქორგგაზის" აბონენტებისთვის კი - 0.012 თეთრით.

როგორც "რეზონანსი" კომისიის სხდომამდე წერდა, სამომხმარებლო ტარიფი, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა. ოფიციალურად დასახელებული მიზეზების გარდა, მიზეზებს შორის სემეკმა ისიც გაითვალისწინა, რომ კომპანიების მოგება იზრდება გაზრდილი მომხარების პირობებში და მათ მნიშვნელოვანი ინვესტიციები არ განუხორციელებიათ. ასევე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო 2 თვეში 40%-ით შემცირდა და, ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს ტენდენცია გრძელვადიანია და დაახლოებით ორ წელს მაინც გასტანს. ნავთობი პირდაპირ არ უკავშირდება გაზის ღირებულებას, თუმცა საშუალო პერიოდში მის ფასზე მაინც აისახება. ასე რომ, ტარიფი, რომელიც ერთი წლით დადგინდა, ძალაში დარჩება 2020 წლისთვისაც, მით უფრო, რომ საარჩევნო წელს კომუნალური გადასახადის ზრდა ნაკლებად სავარაუდოა.

სემეკის წევრ გოჩა შონიას განცხადებით, ბუნებრივი აირის გაიაფების ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტის - განაწილების ტარიფის შემცირებაა.

"განაწილების ტარიფი შემცირდა დაახლოებით 1.3 თეთრით, რაც გამოწვეული იყო ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით. კომისია ადგენს დანაკარგების განაკვეთებს კომპანიებისთვის 5-წლიან პერიოდზე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეს დანაკარგები შემცირდა რამაც გამოიწვია განაწილების ტარიფის კლებაც.

მეორე მხრივ, გაიზარდა მიწოდების ტარიფი დაახლოებით 1.3 თეთრით და, შესაბამისად, ამ ორმა კომპონენტმა ერთმანეთი დააბალანსა, თუმცა ტრანსპორტირების ტარიფის შემცირებამ, საბოლოო ჯამში, გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც. ასე რომ, სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა 0.014 თეთრით 1 კბ/მ-ზე და ეს ტარიფი იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა შონიამ.

განსხვავებულია ტარიფის შემცირების მიზეზი ეკონომიკის მინისტრის მოადგილისთვის. ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფომ შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც სემეკს საშუალება მისცა, გაზის სამომხმარებლო ტარიფები მცირედ შემცირებულიყო.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფოს მიერ საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. გარკვეული მოლოდინი იყო, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო და ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო, კერძო კომპანიები გაზიფიცირების მიმართულებით ახორციელებენ. სახელმწიფომ გამონახა გზა, რომ ეს ინვესტიცია ტარიფში არ აისახოს, მოსახლეობას არ დააწვეს და ეს მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით ხდება", - განმარტა თურნავამ.

"ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე შემცირების ძირითად მიზეზებზე უფრო ვრცლად საუბრობს. როგორც დეპუტატი "რეზონანსთან" აღნიშნავს, მთავრობა მუშაობს 2020 წლისათვის საციალურად დაუცველთა გადასახადის სუბსიდირებაზეც.

"შეიძლება ითქვას, რომ გადასახადი მოსახლეობისთვის არ შეცვლილა. სიტყვა შემცირება ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია. ტარიფის უცვლელად დატოვება განაპირობა იმან, რომ გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების კორპორაციის მხრიდან მოხდა სუბსიდირება. ის თავისი სახსრებიდან გადაიხდის ფულს, რათა დააკომპენსიროს ის ნამატი, რაც აქვთ გამანაწილებელ კომპანიებს.

ახლა უკვე მთავრობა მუშაობს, რომ 2020 წლიდან დაადგინოს სოციალურად დაუცველთა ეფექტური სუბსიდირების ფორმები, როგორ დაეხმარონ იმ ხალხს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, კომუნალური გადასახადები გადაიხადონ. მეთოდი ჯერჯერობით არ არის შეჯერებული, თუმცა სუბსიდირება მოხდება.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება, მართალია, არ არის პირდაპირ კორელაციაში გაზის ფასთან, თუმცა გარკვეულწილად გაზის ღირებულებაზე ის მაინც აისახება. რა თქმა უნდა, არსებობს ნავთობის თანმდევი გაზი, თუმცა ის არ აღემატება 10%-ს. ზოგადად, ენერგორესურსები იაფდება და ესეც ახდენს გავლენას საბოლოო გადაწყვეტილებაზე", - აცხადებს "რეზონანსთან" არველაძე.

რაც შეეხება კომერციული ტარიფის დადგენას, ეს სემეკის უფლებამოსილება არ არის. დადგენილება 2008 წელს არის მიღებული, რის შედეგადაც კომერციული ტარიფი დერეგულირებულია. როგორც ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, ბუნებრივი აირი საწარმოებს მოგვიანებით გაუძვირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×