პირველი იანვრიდან პენსია 200 ლარი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან პენსიონერებს 20 ლარით მეტი დაერიცხებათ, ეს მატება არ არის რეალური. 2016 წელს 170 ლარად იმავე პროდუქციის ყიდვა შეიძლებოდა, რისიც გაისად 200 ლარად იქნება შესაძლებელი.
მომავალი წლის ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს. საქართველოში პენსია ბოლოს 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. მას შემდეგ მოსახლეობამ დიდი ინფლაცია და დევალვაცია გადაიტანა. 2013 წლის 1-ელ სექტემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, საქართველოში პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. ამ თანხის რეალური მსყიდველუნარიანობა დღეისათვის 179 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელ პენსიაზე მხოლოდ 1 ლარით ნაკლებია. ამის მიზეზია 2013 წლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასების ინდექსის 19%-ით გაზრდა.
ინფლაციის მაჩვენებელი განსხვავებულია პენსიონერებისათვის, რომელთა სამომხმარებლო კალათაც ძირითადად საკვებისა და მედიკამენტებისაგან შედგება, 1,5-ჯერ მეტია. გამოდის, რომ 200 ლარის მსყიდველუნარიანობა 2019 წელს ზუსტად იმდენი იქნება, რამდენიც 2016 წელს (პენსიის ბოლო ზრდისას) იყო. იმის გამო, რომ 2016 წლის შემდგომ პენსია არ გაზრდილა, მისი რეალური მსყიდველუნარიანობა ყოველწლიურად მცირდება.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 6 წლის განმავლობაში, პენსია ეტაპობრივად 80 ლარით გაიზარდა, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ინფლაციის გამო პენსიონერების ყოფა არ შემსუბუქებულა.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ პენსიონერებისათვის მდგომარეობის შემსუბუქება ამჟამინდელი ნამატით გამორიცხულია.
"ინფლაციის მაჩვენებელი პენსიონერებისათვის გაცილებით მაღალია, ვიდრე საზოგადოების სხვა სოციალური ჯგუფებისათვის იმის გამო, რომ მათი სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება დანარჩენი მოსახლეობისაგან. მათ კალათაში ძირითადად მედიკამენტები და სურსათია, ამ ტიპის საქონელზე კი ფასები მკვეთრად იზრდება.
2016 და 2019 წლებს თუ შევადარებთ, იანვარში გასაცემი 200 ლარის მსყიდველუნარიანობა იგივეა, რამდენიც სამი წლის წინ იყო - 179 ლარის. ეს არის ოფიციალური სტატისტიკითა და კოეფიციენტით გამოთვლილი რიცხვი; მაგრამ თუკი ამას პენსიონერის კალათაზე გავთვლით და გავითვალისწინებთ, რომ ამ სეგმენტისათვის ინფლაციური წნეხი 1,5-ჯერ მეტია, გამოვა, რომ 200 ლარით იმავეს ყიდვა შეუძლია საშუალო სტატისტიკური საჭიროების მქონე პენსიონერს, რისიც 170 ლარად შეეძლო 2016 წელს. ეს არის ყველაზე მოკრძალებული შეფასება.
ფაქტობრივად, გვიწევს ერთ ადგილზე ტრიალი ისე, როგორც ციყვს ბორბალში. ნომინალურად იზრდება შემოსავალი, მაგრამ, რეალურად, არსად ჩანს. ხალხისთვის ეს 10 ლარის დანაკარგია", - აცხადებს არჩვაძე "რეზონანსთან".
ეს არის მატება მატებისთვის, - ასე აფასებს პენსიის 20 ლარით გაზრდას პროფესორი პაატა აროშიძე. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, მთავრობას განეცხადებინა, რომ ეს არის დასაწყისი და კვარტალურად მოემატებინა პენსია. 20-ლარიანი ნამატი 741 000 ასაკით პენსიონერს შეეხება, მათგან 526 000 ქალია, ხოლო 215 000 კი - მამაკაცი.
"20-ლარიანი მატებას არც სოციალური და არც შემოსავლის ზრდის ეფექტი არა აქვს. ეს არის მატება მატებისათვის, რომ სადღაც სტატისტიკაში აღინიშნოს. პენსიონერთა ძირითადი თანხა მიდის მედიკამენტებზე, რაც, პირველ რიგში, ინფლაციის დარტყმის საგანია. ისე შთაინთქმება დოლარისა და ლარის კურსს შორის ეს თანხა, რომ პენსიონერი მის ეფექტს ვერც იგრძნობს. რასაკვირველია, ზრდა მაინც პოზიტიურია და საერთოდ არაფერს, ანუ იმავეს დარჩენას სჯობს.
არარეალური დაპირებების ფონზე, რაც გვესმოდა წინასაარჩევნოდ, შეიძლება ვინმეს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლებელი იყო ბევრად უკეთესად, რაც ტყუილია. უბრალოდ, შეიძლებოდა, მთავრობას განეცხადებინა და განეხორციელებინა პენსიის კვარტალური ზრდა, რაც 20 ლარით დაიწყებოდა და წლის ბოლომდე 50 ლარს მიაღწევდა. ეს ნამდვილად იქნებოდა ეფექტური ნაბიჯი და ვფიქრობ, ამის რესურსი ბიუჯეტს აქვს", - აღნიშნა აროშიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.