აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2019 წლის აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმლი, ექსპერტთა ვარაუდით, ამ თანამდებობას მეორე ვადით ისევ რაულ ხაჯიმბა დაიკავებს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში, სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პრეტენზია ექნებათ. მათ შორის ერთ-ერთი, ვინც მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს შეიძლება დაუპირისპირდეს, მოძრაობის - "ქალები პოლიტიკაში" დამფუძნებელი ირინა აგრბაა, რომელიც წლებია, ხაჯიმბას ოპონენტია.
რამდენად დიდია ალბათობა, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ქალი გახდეს და გამარჯვების რა შანსი აქვს რაულ ხაჯიმბას, ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტებს ესაუბრა.
როგორც "რეზონანსთან" აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავა აცხადებს, როგორ ჩატარდება არჩევნები, მხოლოდ რუსეთის განწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ, დიდი ალბათობით, კრემლი ისევ ხაჯიმბას დაუჭერს მხარს.
"როგორ ჩატარდება არჩევნები, დამოკიდებულია იმაზე, როგორი განწყობა ექნება რუსეთს. აფხაზეთის ე.წ. რესპულიკაში, რომელსაც სახელმწიფოებრიობა არ აქვს და რუსეთის სამხედრო ანკლავია, ვინც არის მათი გენერალი, იმას დაუჭრს მხარს, ანუ კრემლის სურვილით რაულ ხაჯიმბა დარჩება ე.წ. პრეზიდენტად.
"ირინა აგრბას ვიცნობ, წლებია, იგი ოპოზიციაშია, შეიძლება მას ადგილობრივმა მოსახლეობამ მისცეს ხმა, მაგრამ საარჩევნო კანომდებლობაც ისეთია, რომ არა მგონია, რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს ხაჯიმბას. ყველაფერს ხომ დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი აკონტროლებენ. ისე, ცუდი არ იქნებოდა, რომ ქალმა გაიმარჯვოს, იქნებ რაიმე შეიცვალოს" - განაცხადა ანზორ წოწონავამ.
აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის - ლევან კიკნაძის აზრით, რუსეთისთვის არ არის ძნელი, მოძებნოს ისეთი ადამიანი, ვინც მთლიანად კრემლის მხარეს იქნება.
"ჩემი აზრით, ორივეს ალბათობა გამორიცხულია, მით უმეტეს ქალი ვერ გახდება პრეზიდენტი, რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში არ არის ის მენტალიტეტი, რომ ქალი აირჩიონ. პოლიტიკურმა ელიტამ რომც დაასახელოს, ირინა აგრბა საჭირო ხმების მოგროვებას ვერ შეძლებს, მას ამდენი მხარდამჭერი არ ჰყავს.
"ასევე, აფხაზეთში ორგანიზებულად მოქმედებს კლანური პრინციპი. აგრბას პიროვნებიდან გამომდინარე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი, პირველ რიგში, სწორედ ამ კლანებს დაუწყებს ბრძოლას. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ კლანებთან ბრძოლაში დამარცხებული გამოვიდა ანქვაბი, ამიტომ გამორიცხულია, რომ ქალმა რაიმე შეძლოს.
"რაც შეეხება რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შანსს, ადრეც ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ხაჯიმბას პიროვნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა, რუსეთი მას პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე დატოვებდა, თუმცა არც ისეთი სულელია, რომ ვერ იგრძნოს და ბოლომდე გადაჰყვეს ხაჯიმბას ნულოვან ავტორიტეტს, ან დაკარგოს ის ნდობა, რომელიც მის მიმართ ჯერ კიდევ არის დარჩენილი აფხაზეთის საზოგადოებაში.
"ამიტომ რუსეთს ნამდვილად არ გაუჭირდება, მოძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც მთლიანად კრემლის მხარეს იქნება, თუ უკვე მოძებნილი არ ჰყავს და საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანოს თავისი ფავორიტი, რომელიც საარჩევნო ბატალიების დაწყებისთანავე გამოჩნდება" - განაცხადა "რეზონანსთან" ლევან კიკნაძემ.