ელზა პაპოშვილი
27.12.2018

 დაუჭერს თუ არა საქართველო  უკრაინის ეკლესიისთვის  ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს მხარს, კვლავ უცნობია. თუმცა სინოდის სხდომიდან გამოსული მეუფეების განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ საპატრიაქრო მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც  მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება. სავარაუდოდ, ეს დადგენილება უკვე 6 იანვარს უნდა იყოს მიღებული, რის შემდეგაც ჩვენი ეკლესიის პოზიციაც გამოცხადდება.  

თეოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ უკვე 6 იანვარს ჩვენი ეკლესიის პოზიცია მკვეთრად უნდა დაფიქსირდეს. მათი აზრით, სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება რამდენად შეძლო საქართველოს ეკლესიამ რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა და რომ ეს მხოლოდ  დიპლომატიური გადაწყვეტილება არ იყო. თუმცა იქვე ამბობენ, რომ მეუფეების განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ ქართული ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს დაუჭერს. წანააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენს ეკლესიას საერთაშორისო არენაზე  საკმაოდ დააზარალებს და საკუთარი ისტორიის წაინააღმდეგ წავა. 

წმინდა სინოდმა 27 დეკემბერს  წლის ბოლო სხდომა გამართა.  სხდომას  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელმძღვანელობდა.  სხდომის მთავარი თემები, სავარაუდოდ, უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიცია  იყო. ასევე, როგორც მეუფეები სხდომის დაწყებადე აცხადებდნენ, მოხდებოდა დეკანოზ მამალაძის საქმის ირგვლივ მსჯელობა.  სინოდის წევრების პოზიცია ორად არის გაყოფილი, ნაწილი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ნაწილი კი ამ საკითხს არ  ეთანხმება.

მღვდელმთავრების ნაწილის  თქმით, უკრაინა არის ღირსი, რომ მას დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეს. სხდომა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. საპატრიარქოდან გამოსულმა მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, რომ  "მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თავი შევიკავეთ." 

კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: "საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს". 

უკრაინის საკითხზე მსოფლიო პატრიარქის დადგენილება იანვარში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც საქართველოს ეკლესია თავის პოზიციას დააფიქსირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განუცხადა.  ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება სინოდის კრების ოქმი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჯერ არ დასახელდეს კონკრეტული პოზიცია და შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს შეისწავლის. 

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას, წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა  თავი შეიკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ განუცხადა.  

"სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათალიკოს-პატრიარქმა ამ საკითხის განხილვაზე თავი შეიკავა. ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერს, ამის შესახებ მან განცხადება სინოდის სხდომის დაწყებამდე გააკეთა:

„ჯერ არ ვიცი საკითხები, უპირველეს ყოვლისა. მე ღიად მაქვს მხარი დაჭერილი უკრაინისთვის,“ - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა. 

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ხმას ღიად სინოდის წევრი კიდევ 5 მეუფე უჭერს, მათ შორის მეუფე პეტრე ცაავაც არის.   

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის აზრით, მთავარია, რომ სინოდის წევრების მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის მხადაჭერსთან  დაკავშირებით მზაობა იკვეთება და ჯანსაღი დამოკიდებულება არსებობს. მისასალმებელია, როდესაც მღვდელმთავრები ცალკეულ ინტერვიუებში პოზიტიურ მოლოდინებს აფიქსირებენ. 

„ვიმედოვნებ, რომ 6 იანვარს, მაშინ როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქის მხრიდან უკრაინას სიგელი ე.წ. ავტოკეფალიის  მინიჭების ტომოსი გადაეცემა, ამის შემდეგ კი  საქართველოს  ეკლესიის დამოკიდებულებაც გამოჩნდება. 

ამის შემდეგ დავინახავთ, ეს იყო  რეალური სურვილი თუ დიპლომატიური ხერხით გადავადება, რომელიც მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდების მიზნით გადაწყვიტეს.  მსოფლიო პატრიარქს  ყველანაირი ბერკეტი აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, დანარჩენ შემთხვევაში დაუჭერს თუ არა საქართველო ან რომელიმე ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას მხარს, ეს უკვე მისი არჩევანი და კეთილი ნება იქნება. ისინი ამ არჩევანში სრულიად თავისუფლები არიან. უბრალოდ რაკიღა ყველანი კონსტანტინეპოლისთან ევქარისტულ კავშირში ვართ, ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური უფლება არა გვაქვს,  ამ მხარდაჭერაზე უარი ვთქვათ. მითუმეტეს უკრაინის ეკლესიას ეს სრულიად სამართლიანად ეკუთვნის“, - აცხადებს ტიგინაშვილი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საერთაშორისო არენაზე საქართველოს  ეკლესიას რუსეთის სატელიტურ ეკლესიად განიხილავენ. საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებაზე ინდიფერენტული დამოკიდებულება დანაშაული იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეკლესია რუსეთის მხარდამჭერად გამოჩნდება. ეს კი საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ წასვლა იქნება, რაც ჩვენი ეკლესიის ინტერესს დააზარალებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×