თამარ მუკბანიანი
28.12.2018

 სესხების ჩამოწერის პროცესში იმდენმა გაუგებრობამ იჩინა თავი, რომ ივანიშვილის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გაუფერულდა და მალე ეფექტს სრულიად დაკარგავს. პროგრამა, რომლითაც 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი უნდა განულებოდა, დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს და ყოველდღიურად ახალ-ახალი პრობლემების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

აყოველღიურად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და რედაქციაში რეკავენ მოქალაქეები და ამბობენ, რომ, მართალია, მათი სესხის განულება ატვირთულია საიტზე, თუმცა ურეკავენ სესხის ამომღები კომპანიები და ატყობინებენ, თითქოს მათი დავალიანება კვლავ მოქმედი და გადასახდელია. თანაც ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს შეექმნათ. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" რამდენიმე თემატური ჯგუფიცაა შექმნილი, მაგალითად, "სესხები არ განულდა" და "არა ონლაინ სესხებს", სადაც წერენ, რომ სესხების განულების პრობლემა მათაც აქვთ.

"რეზონანსი" ჯერ კიდევ 19 დეკემბერს წერდა "ვალი.გე"-ს ბაზაში მკვდარი სულების არსებობის შესახებაც.

"მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრებსაც სესხი ჰქონდათ და გარდაიცვალნენ, დაღუპულის ნათესავები განულებული სესხების სიაში პოულობენ. ეს, რასაკვირველია, არ ეხება ყველა სესხს. საუბარია შემთხვევებზე, როცა პირს ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევა, ბანკმა ან სხვა საფინანსო ინსტიტუტმა კი ახლობლებისაგან მხოლოდ გარდაცვალების ცნობა მოითხოვა სესხის გასაუქმებლად.

როგორც აღმოჩნდა, ის, რაც ახლობლებისათვის ვალდებულებად აღარ ითვლებოდა, ფონდი "ქართუს" ინიციატივის შემდეგ გადასახდელად მიიჩნიეს საფინანსო ინსტიტუტებმა და ჯარიმა-საურავის ჩათვლით სიები ივანიშვილის ფონდს გაუგზავნეს. შეიძლება ითქვას, სესხები "გააცოცხლეს", - წერდა "რეზონანსი" და ორი კონკრეტული მაგალითიც განიხილა საგაზეთო მასალაში.

მაშინ "ქართუში" განაცხადეს, რომ განულების პროგრამაში არსებული სიები ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა, ცენტრალურ ბანკში კი ამტკიცებდნენ, რომ მოცემული სფერო არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულირებას და თუ მხარეს მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, უნდა მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. რაც შეეხება სიების გადაცემის თემას, გარიგება შედგა ფონდ "ქართუსა" და კრედიტორებს შორის და მსესხებლების სიაც ფონდს უშუალოდ კრედიტორებმა მიაწოდეს.

სანამ ფონდი და მარეგულირებელი ერთმანეთთან გვამისამართებდნენ კითხვებზე რეალური პასუხების მისაღებად, მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ სესხების ჩამოწერასთან დაკავშირებით და პროცესის დისკრედიტაციაც მიმდინარეობს.

დღეს უკვე "ქართუ ფონდში" ჟურნალისტების ზარებს აღარ პასუხობენ და როგორც ჩანს, არც მოქალაქეებთან აქვთ კავშირი, რომლებსაც, სიაში მოხვედრის მიუხედავად, საფინანსო ინსტიტუტები ვალის დაბრუნებას სთხოვენ. ამიტომაც რეკავენ საკუთარი მდგომარეობით შეწუხებული ადამიანები რედაქციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევებით შეწუხებული ადამიანები მათაც უკავშირდებიან. მაგრამ რადგან პროცესს "ქართუ" წარმართავს, სწორედ მან უნდა დაამყაროს მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამომღებ კომპანიებთანაც.

"ჩვენთანაც არაერთი ადამიანი რეკავს ცხელ ხაზზე მსგავსი პრობლემებით. სესხის ამომღები კომპანიები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ "ქართუმ" მხოლოდ მათი ვალის გარკვეული ნაწილი გადასცა, ფონდში კი ბუნდოვან პასუხებს აძლევენ. არადა, რადგან პროცესს კერძო ფონდი ახორციელებს, სწორედ ისინი უნდა იძლეოდნენ პასუხებსაც.

ზედამხედველობას მთავრობა უწევდა და მათთან ერთად შეიქმნა კრიტერიუმებიც. ამიტომ ამ ეტაპზე აუცილებელია ზედამხედველობა პროცესზე. სამწუხაროა ამ ტიპის გაუგებრობა, მით უფრო, თუ ის ბევრ ადამიანს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა და ამომღებმა კომპანიებმა დაამყარონ კომუნიკაცია, რადგან რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათგანაც შეიძინა "ქართუმ" სასესხო პორტფელი", - ამბობს კეპულაძე "რეზონანსთან".

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქეს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან, 1 წელზე მეტხანს არ შეუტანიათ თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს, მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში ვალები 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ. სწორედ ამ კრიტერიუმებით ვალჩამოწერილ ადამიანებს სთხოვენ სესხის გადახდას ე.წ. ამომღები კომპანიები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×