სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ხაზს უსვამს როგორც სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მოქმედებების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყებაა წარმოდგენილი. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში აქვს მართვისა და კოორდინაციის ფუნქციები, შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქცია დაეკისრა სამსახურის ადმინისტრაციას.
სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის პროექტის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.
ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას დადებითად აფასებენ. "რეზონანსთან" ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტების გამოჩენა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის გარკვეულ ჩარჩოებს გამოკვეთს. მათი აზრით, თვითონ ნაბიჯი უდავოდ დადებითია და დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებამდე მიდის.
კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ გეგმის ასე ფართოდ განხილვა საკმაოდ დადებითი მოვლენაა. სხდომას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ექსპერტებიც ესწრებოდნენ, რაც, მისი აზრით, საკმაოდ კარგი პრეცედენტია და თავად უსაფრთხოების სამსახურს სასიკეთოდ წაადგება.
კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ანტიტერორისტული საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ამის შესახებ ორაზროვნება დაუშვებელია. მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ თემის ირგვლივ კონსოლიდირებული უნდა იყოს. არეშიძე სუს-ის იმ ხელმძღვანელობას მადლობას უხდის, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ისინი ამ შეხვედრაზე მიიწვია.
"რაც შეეხება თვითონ ამ სტრატეგიის შინაარსს, ჩვენ მხოლოდ საჯარო ნაწილი ვნახეთ და ის, პრაქტიკულად, ყველა სფეროს მოიცავს, ანტიტერორისტული საფრთხის შემცველი ყველა საკითხი გაანალიზებულია. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო დოკუმენტია. თუმცა იქ სამოქმედო გეგმა გაწერილი არ იყო და არც კონკრეტული აქცენტები არ ყოფილა, რადგანაც ეს უკვე საიდუმლო ნაწილს ეხება.
"ექსპერტებს გარკვეული სახის შენიშვნები ჰქონდათ, მაგრამ ეს არ იყო პრეტენზიული ხასიათისა. მეც მქონდა ერთი შენიშვნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სტრატეგიაში მისი გაწერა, რა თქმა უნდა, უკვე ვერ მოხერხდებოდა. თუმცა მისი პათოსი სასარგებლოა. მთავარი საწუხარი ისაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს იდეოლოგია არა აქვს. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას იდეოლოგია ჰქონდეს. როდესაც ტერორიზმის საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, პირდაპირ საფრთხეზე შეიძლება არ ვისაუბროთ, მაგრამ უამრავი ქვეყნის დაინტერესებული ჯგუფები იმისთვის მუშაობენ, რომ საქართველო სუსტი იყოს. მომხიბლავად მიმაჩნია პრემიერისა და პრეზიდენტის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კავკასიაში ჰუმანიტარული და ეკონომიკური ცენტრი უნდა იყოს," - აცხადებს არეშიძე "რეზონანსთან".
მისივე თქმით, სუს-ის ხელმძღვანელობა ექსპერტებს დაჰპირდა, რომ მსგავს შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ექნება, რაც დადებითი მოვლენაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უწყების ხელში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა, ექსპერტებსაც შეუძლიათ, ამ კუთხით თავიანთი წვლილი შეიტანონ. ანალიტიკოსებსაც ამ კუთხით ბევრი კვლევა აქვთ ჩატარებული და დიდი შრომა აქვთ გაწეული. ამიტომაც საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთიანობა ქვეყნის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს.