ეკატერინე ბასილაია
28.12.2018

 "ოცნების" შიგნით დიდი განხეთქილებაა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ მმართველი პარტიის ძველი და ახალი სახეები ერთმანეთს უხეში განცხადებებით, კომპრომატების დაანონსებით თუ ღია და ირიბი საყვედურებით დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მთავარი ფიგურა ეკა ბესელია იყო, ბრალდებების მთავარი ეპიცენტრი - იურიდიული კომიტეტის სხდომა, თემა კი - პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი იმ 10-კაციანი სიის შემადგენლობა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ უნდა დაინიშნონ.

სწორედ იურიდიულ კომიტეტზე დაწყებულმა ურთიერთლანძღვამ სააშკარაოზე გამოიტანა "ოცნების" შიგნით დაგროვებული ფარული დაპირისპირება და ისიც, ვინ ვის დაჯგუფებაშია.

ბესელიას ბანაკში აღმოჩნდნენ გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე, რომლებმაც ხმამაღლა განაცხადეს, რომ ბესელიას არგუმენტებს იზიარებენ და ადეიშვილის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეების უვადოდ გამწესება მიუღებელია. ბესელიასთან დაპირისპირებულ მეორე დაჯგუფებაში კი ყველაზე აქტიური სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი იყვნენ. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემაც ირიბად გააკრიტიკა ბესელია და თქვა, რომ მისი წასვლა შიდა სამზარეულოს უკავშირდება, რაზეც მოგვიანებით ილაპარაკებს და არამც და არამც მოსამართლეების თემას.

აყველაფერი ეკა ბესელიას ხმაურიანი განცხადებით დაიწყო. მან თქვა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობას ტოვებდა, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ვანო ზარდიაშვილმა დაწერა განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობიდან წასვლაზე, რადგან "ზარდიაშვილს კომიტეტს ვერ დაუტოვებდა".

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება, რადგან სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილისა და ძმის საკითხებს განიხილავდნენ, გადადგომით კი შეძლო, ეს პროცესი შეჩერებულიყო.

საგულისხმოა, რომ იურისტებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მტკიცებით, სწორედ ვანო ზარდიაშვილი ლობირებს ამ 10-კაციან სიას და პირადად მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც მოსამართლეთა კლანის ლიდერად მოიაზრება. არც ბესელია და არც მისი რომელიმე თანამოაზრე ღიად არ საუბრობს, ზარდიაშვილი ლობირებდა თუ არა ამ სიას, თუმცა გედევან ფოფხაძემ ამაზე მიანიშნა.

"ეს კითხვები დაუსვით ვანო ზარდიაშვილს... თუმცა მგონია, რომ ბატონი ვანოს დარჩენა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ბატონი ვანო ამ ადამიანებთან (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებთან) დაახლოებული იყო," - განაცხადა ფოფხაძემ.

გარდა ბესელიას სკანდალური განცხადებისა, იურიდიულ კომიტეტში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მის მიერ ზარდიაშვილის ნაცვლად პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის წარდგენამაც. მოლოდინი იყო, რომ ზარდიაშვილის წასვლის შემდეგ პირველი მოადგილეობა ანრი ოხანაშვილს ან დავით მათიკაშვილს დარჩებოდა, ამიტომაც ფოფხაძის დასახელება გააპროტესტა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ზარდიაშვილის გუნდის წევრად მიიჩნევა.

სხდომა ძალიან ხმაურიანი გამოდგა და მას კომიტეტის წევრების გარდა სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ, თუნდაც დავით ჭიჭინაძე, სოფო კილაძე, ირმა ინაშვილი, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ.

"ოცნების" ყოფილ დეპუტატ ჭიჭინაძეს შელაპარაკება მოუვიდა ანრი ოხანაშვილთან.

ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ "ცვლილებები ეკა ბესელიათი არ უნდა დაწყებულიყო, უნდა დაწყებულიყო პორტირებულების "ნაჩალნიკით", ანუ კობახიძით". ოხანაშვილმა მას სათქმელი გააწყვეტინა შეძახილით - "წესიერად ილაპარაკე, შეურაცხყოფების გარეშე".

"ნუ ეკვეხები-მეთქი. რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში. მოსახლეობა გაგცემთ საკადრის პასუხს, მაგ სიამოვნებას როგორ მოგაკლებთ," - უპასუხა მას ჭიჭინაძემ.

სხდომაზე კიდევ არაერთი შელაპარაკება მოხდა "ოცნების" წევრებს შორის.

მაგალითად, ეკა ბესელიას დაუპირისპირდა სოფო კილაძეც, რომელმაც ჯერ უსაყვედურა, რომ თავმჯდომარე არ აძლევს ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით, რის პასუხადაც ბესელიამ თქვა, რომ "დაიქცა ის ქვეყანა, სადაც კილაძე ასწავლის მას ადამიანის უფლებებს". მან კილაძეს ურჩია, დაწყნარებულიყო და გაეარ-გამოეარა.

შემდეგ კილაძემ განაცხადა, რომ აბსოლუტური ტყუილია ის, რომ ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო წავიდა და გაუგებარია, რატომ დააკავშირა ეს ორი თემა ერთმანეთთან, რადგან ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ იცოდა მედიამ, რომ მას თანამდებობიდან გაუშვებდნენ, მაშინ კი მოსამართლეების თემა საერთოდ არც არსებობდა. ამის შემდეგ კილაძემ დარბაზი დატოვა, ბესელია კი დაიმუქრა, რომ "რაღაცების მოყოლას დაიწყებდა".

"ე.ი. შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მე მეორე ეტაპს ძალიან ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა... მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში," - განაცხადა ბესელიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის და რას ეხებოდა თემა, რომელზეც საუბარს მომავალში აპირებს.

ამ დაპირისპირებაში ოპოზიციის მხარდაჭერა ბესელიამ მოიპოვა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ახალ სახეებს შეახსენა, რომ სწორედ ბესელიას, ფოფხაძისა თუ გოგიჩაიშვილის ბრძოლის გამო შეძლეს "ოცნების" იმ წევრებმა პარლამენტში მოხვედრა, რომლებიც დღეს ირაკლი კობახიძის გუნდში არიან.

გარდა ამისა, ინაშვილმა განაცხადა, რომ რაც ახლა იურიდიულ კომიტეტში ხდება, ეს "შიდა გადატრიალება და პატარა რევოლუციაა".

"ევროპული საქართველოს" წევრებმა კი თქვეს, რომ "ოცნებაში" გავლენის გადანაწილებაზე დიდი ბრძოლაა, ბესელიას გადაყენება კი ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და ამით გამოჩნდა, რომ იმ 10 კანდიდატის უვადო მოსამართლედ დანიშვნა სწორედ მისი სურვილია.

სხდომის დასრულების შემდეგ შიდა დაპირისპირებასა და ბესელიას გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას თანამდებობიდან წასვლა გუნდის "შიდა სამზარეულოს" უკავშირდება და პირობაც დადო, რომ მიზეზებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს, რადგან მას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ მოსამართლეების საკითხზე პარლამენტი მიმდინარე წელს აღარ იმსჯელებდა.

გარდა ამისა, კობახიძემ არც ის გამორიცხა, რომ ვიღაცამ შესაძლოა, გუნდი დატოვოს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბესელიამ დატოვოს "ოცნება", პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია გუნდის წევრების მოქმედებებზე.

"გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორც მოხდა დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს... ვინც თამაშობს, ზოგადად, გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი... საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა," - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×