საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „რეზონანსთან" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს აფასებს. ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ სიტუაცია იმაზე რთულად არის, ვიდრე ეს რეალურად წარმოგვიდგენია.
ახვლედიანი აცხადებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის 30 კაციან კლანს, რომლებიც მთელს სასამართლოს აკონტროლებენ, თანამოაზრეები და მხარდამჭერები სახელმწიფოს ყველა უწყებაში ჰყავთ. მისი თქმით, მათ ფესვები იმაზე ღრმად აქვთ გადგმული, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია.
ახვლედიანი აცხადებს, რომ სასწრაფოდ მოსამართლეთა შერჩევის და უვადოდ დანიშვნის წესი უნდა შეჩერდეს და ახალი სისტემა შეიქმნას. ასევე, მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ის სხვა ახალი წევრებით უნდა დაკომპლექტდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ახვლედიანი ფიქრობს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე გახდება.
„რეზონანსი": მოსამართლეების სია პარლამენტმა შეაჩერა და „ოცნებაში" ამ საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირებაც არსებობს. საუბარია იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს ვანო ზარდიაშვილი ლობირებს. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, არის თუ არა ეს სიმართლე?
მამუკა ახვლედიანი: რა თქმა უნდა, ასეა და ეს არავისთვის დასამალი ფაქტი არ არის. ჩვენ როდესაც კლანზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ სასამართლოს შიგნით არსებული დაჯგუფება არ არის. მათ სხვადასხვა სტრუქტურებში ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ, მათ შორის პარლამენტში.
მათ ერთმანეთთან წლების განმავლობაში როგორც პირადი, ასევე მიმდინარე წლებშიც მეგობრობა აკავშირებთ და ერთ-ერთი მათგანი ვანო ზარდიაშვილია. ის ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მხარდამჭერია. ეს ადამიანები წლებია ერთად მუშაობენ. ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე ახლო მეგობრები არიან.
„რ": ვინ და რატომ ადგენს მოსამართლეების სიებს და ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი რამდენად დგას?
მ.ა: რა თქმა უნდა, რომ ამ შემთხვევაში ისუტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. ეს არის იმ გაუაზრებელი რეფორმების შედეგი, როდესაც პირველი და მეორე ტალღის დროს მინისტრმა უამრავი შეცდომები დაუშვა. მესამე და მეოთხე ტლაღა კი ისევ სასამართლოს მხრიდან დაიწერა.
ეს ადამიანები ამ თანამდებობებს 10-12 წელია უკვე საკუთარ თავებზე ირგებენ. ფაქტობრივად, კანონმდებლობებს თვითონ წერენ. იუსტიციის სამინისტროს არ ესმის რა არის რეფორმა და რისი რეფორმირებაა საჭირო. ამიტომ ეს შეკვეთები სასამართლოს მხრიდან მოდის და ესენიც არა რეფორმაზე არამედ საკუთარ თავზე ზრუნავენ.
პრობლემა სახელსა და გვარებში კი არ არის, ჩინჩალაძესაც და მურუსიძესაც დღესვე სხვა სახელით და გვარებით ჩაანაცვლებენ. პრობლემა სისტემურია, სადაც კლანური მმართველობის ფორმა მივიღეთ.
თქვენ წარმოგიდგენიათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნული არ არის და ვინც არის მოქმედი, მანაც კი სიუპრიზად გაიგო მოსამართლების ვინაობა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უნდა აერჩიათ. 2-3-მა ადამიანმა იცოდა მხოლოდ მათი ვინაობა, იქნება ამ ადამიანმა საკუთარი ვინაობა თავისი სურვილით დაამატა. დოკუმენტიც კი არ არსებობს, მსგავსი უკანონობა არ ვიცი, არასდროს მინახავს. იმდენად არიან თავზე წასულები, რომ არაფრის და არავის რიდი არ გააჩნიათ.
„რ": პროტესტი ამ პერიოდის განმავლობაში არც მოსამართლეებს არ გამოუთქვამთ. რასთან გვაქვს საქმე, ანუ სასამართლოში იმდენად მძიმე კლანური მმართველობაა, რომ შიშით ხმას ვერავინ იღებს?
მ.ა: როდესაც მე სასამართლოში პრობლემებზე საუბარი დავიწყე და სისტემაში არსებული მძიმე სიტუაცია საჯარო გავხადე, მას შემდგომ ჩემს წინააღმდეგ ამ ადამიანებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. ყველაფერი იღონეს, რომ როგორც იურისტმა ფეხი ვერსად ვერ შევდგა. ზეწოლა და ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გრძელდება. ყველგან მისწვდნენ და ყველა გააფრთხილეს, რომ სამსახურში არ ამიყვანონ.
რომელი მოსამართლე გაბედავს, რომ ამათ წინააღმდეგ საჯაროდ ერთი სიტყვა მაინც თქვას? რა გააკეთოს გარეთ? ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამის შემდეგ ოდესმე, სადმე იმუშავებს? ამიტომაც ხმას ვერ იღებენ, მოსამართლეები ამ ადამიანებზე არიან დამოკიდებულები. მათ არანაირი სოციალური გარანტიები არა აქვთ. ძალიან ბევრი კარგი მოასმართლეა და ამ ჭაობში მეცოდებიან.
დამიჯერეთ, მე ვსაუბრობ ხმამაღლა, მაგრამ შესაძლოა იმათ ჩემზე მეტი პროტესტი ჰქონდეთ, თუმცა რა ქნან? იქ არის 20-30 მოსამართლის ჯგუფი, რომლებიც სასამართლოს დააჯდა და მართავენ როგორც უნდათ. მათი შემზღუდველი და შემწინააღმდეგებელი კაცი არ არის. ყველა განსხვავებული აზრი, თუნდაც აპარატის თანამშრომლების მხრიდანაც, სოციალურ ქსელში, რომ გაიზიარონ და მოიწონონ, ამ ჯგუფის მიერ ესეც კი კონტროლდება. წარმოგიდგენიათ საქმე რასთან გვაქვს?
„რ": რაშია მაშინ გამსოსავალი, ფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა გადადგნენ?
მ.ა: თავმოყვარე სასამართლო სისტემა ზუსტად ასე მოიქცეოდა. მათ შეურაცხყოფა მოსამართლეებსაც მიაყენეს, როდესაც ეს სია თავად ჩამოწერეს და კაციშვილს არაფერი არ კითხეს. ამის შემდეგ ფიქრობთ მოსახლეობასთან და ხალხთან რა დამოკიდებულება აქვთ?! ამათთვის არაფერი ღირებული არ არსებობს. სახელმწიფოებრივი ინტერესები არა აქვთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ.
„რ": იუსტიციის საბჭომ მურუსიძე 12-ით ორის წინააღმდეგ უვადო მოსამართლედ დანიშნა, რა შეფასებას მისცემთ?
მ.ა: კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მოსამართლეობის ეთიკას ვიცავ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე აღარ ვარ. პიროვნებებს არ მინდა შევეხო, მითუმეტეს მურუსიძეს, რომელიც მართლა ვერაფერს წყვეტდა თავად და ვიღაცეების ბრძანებების გამხმოვანებელი იყო.
გეტყვით, რომ თუ უნდათ, მურუსიძე ან ჩინჩალაძე არ იქნება, სხვა გვარს მოძებნიან, რომელსაც ყველაფერს შეასრულებინებენ. პრობლემა სახელსა და გვარებში არ არის, ეს მახინჯი სისტემა ნებისმიერ ადამიანს იმად აქცევს, რადაც ეს ხალხი არიან ქცეულები. ამიტომ მოსამართლეთა დანიშვნა შერჩევის წესი საერთოდ შესაჩერებელია.
საბჭოს ფორმირება თავიდან გასაკეთებელია. პასუხისმგებლობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს, როცა ასეთ პასუხისმგებლობას ერთი ჯგუფი იღებს, ხომ ვხედავთ, რაც ხდება. როგორ მხოლოდ ერთი ადამიანი ჩინჩალაძე გახდა ის პროფესიონალი, რომელიც წლების განმავლობაში წყვეტს მოსამართლე ვინ გახდეს. ამიტომ პრობლემა საფუძვლებშია.