„ბირთვული განიარაღების საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და ბოლო ათწლეულობის განმავლობაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ეს საკითხი რაღაცნაირად რეგულირდებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის წარმოიშვა, - უნდობლობაა," - აღნიშნავს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.
ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბა, - მთავარ საკითხს ბირთვული განიარაღება წარმოადგენს.
ფხენიანი აცხადებს, რომ თუკი აშშ ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი ბირთვული საფრთხის ხსენებას არ შეწყვეტს, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ შეიარაღებას გააგრძელებს.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 12 ივნისს, სინგაპურში გამართულ სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან „სრული გათავისუფლების" თაობაზე.
კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არ არსებობს ნდობის ფაქტორი, რაც ბირთვული განიარაღების საკითხს ხელს მნიშვნელოვნად უშლის.
„მიუხედავად იმ მცდელობისა, რასაც ორივე მხრიდან ჰქონდა, მხარეები ერთმანეთს არ ენდობიან, რაც იმით არის გამოწვეული, რომ უნდობლობა დიდი ხნის განმავლობაში იყო და მხარეებს შორის, ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. აშშ-ს ფხენიანი არ ენდობა და პირიქით.
„ფხენიანს არ სურს იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რა მდგომარეობაშიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის, ან გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება იყო, რომლებიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში ასევე იყვნენ ჩართული. ისინი, ამ კუთხით, უბრალოდ არ ენდობიან აშშ-ს და ეს ხელს უშლის ამ საკითხის წინ წაწევას, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მცდელობას არცერთი მხარე არ აკლებს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
მენაღარიშვილის აცხადებს, რომ მსოფლიოს მშვიდობის თვალსაზრისით, ბირთვული შეიარაღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის და აშშ სწორედ ამ საფრთხის მოსპობის მცდელობაშია.
„ეს არის ძალიან საშიში პროცესი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველია მშვიდობისათვის. ის მცდელობა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, კერძოდ, აშშ-ს, ერთადერთი გზაა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ნაბიჯები მოიტოვოს.
„ტექნოლოგიების გავრცელების საშუალებები მას შეზღუდული აქვს, მაგრამ მისი ეს საქმიანობა ამ სფეროში თუკი დროზე არ იქნება შეჩერებული, ძნელი წარმოსადგენია, ამან რა სახე შეიძლება მიიღოს. საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ საფრთხესთან, რომელსაც სერიოზული ყურადღება და მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
კაკაჩია მიიჩნევს, რომ სიტუაცია ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის უფრო მეტად არ დაიძაბება, რადგან ტრამპს სხვა საქმეებიც აქვს, - იგი დაპირისპირებულია „დემოკრატიულ" პარტიასთან და ქვეყნის შიგნით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა არსებობს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ხელისუფლებისთვის ეს საკითხი საკმაოდ პრინციპულია და თუკი მან ამისთვის მოიცალა, რადგან იგი სხვა პრობლემითაც არის დაკავებული ქვეყნის შიგნით, - დაპირისპირებულია „დემოკრატიულ" პარტიასთან, - არ არის გამორცხული ამ ორ ქვეყანას შორის სიტუაციის დაძაბვა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„თუმცა, ბუნებრივია, რომ აღნიშნული საკითხი ამერიკული დღის წესრიგიდან არასდროს ჩამოვა, რადგან ეს მათი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, - ჩრდილოეთ კარეასთან მოლაპარაკებები და ამ პრობლემის გადაწყვეტა, თუნდაც ძალისმიერი გზით, თუკი მშვიდობიანი გზით არ მოხერხდა," - კორნელი კაკაჩია
მენაღარიშვილი იმედოვნებს, რომ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეას სურს.
„მათ შორის ურთიერთობა უკვე დაიძაბა. ეს ნიშნავს ურთიერთობის გაუარესებას, თუმცა, პროცესი ფინალში არ არის. აშშ-ს აქვს თავისი სტრატეგია, ჯერჯერობით ამ სტრატეგიას ახორციელებს და იმედია, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობას უნდა," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.