ათასობით სახელმწიფო მანქანა ახალი წლიდან შესაძლოა, დაზღვევის გარეშე დარჩეს. ყველა ტენდერი ჩაიშალა. არც ერთ სადაზღვევო კომპანიას შესყიდვების მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.
სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ შეთავაზებაზე, რომელიც სახელმწიფოს მანქანების ახალი, აქამდე უპრეცედენტო პირობებით დაზღვევას ითვალისწინებს. სააგენტო პატრულის და სახელმწიფო მოხელის ავტომანქანის ერთნაირი პირობებით დაზღვევას ითხოვს, რაც სადაზღვევო კომპანიებისთვის მიუღებელია.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტში წერია, რომ თუ სახელმწიფო ავტომობილის მძღოლი საჭესთან ნასვამი, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იჯდება და ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვება, ზიანი სადაზღვევო კომპანიამ უნდა აანაზღაუროს. ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მანქანის მძღოლი არ არის ვალდებული, ავარიის შემთხვევაში პატრული გამოიძახოს.
საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ფორმით დანაშაულს, საბოლოოდ კი ბიუჯეტის ფულის ფლანგვას ახალისებს.
სადაზღვევო კომპანიებს ხელისუფლება ავალდებულებს, ზიანი აანაზღაუროს იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი წესებს არღვევს.
„კურიერის“ ინფორმაციით, სპეცმანქანების დაზღვევის პაკეტის ზრდას კომპანიები, მინიმუმ, 30 პროცენტით ითხოვენ.