„პროცესები დაკავშირებულია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეულ მოვლენასთან, რომელიც მოსამართლეების თემას უკავშირდება. დეპუტატებიც გამოხატავენ პოზიციას, რომელიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია. შეგვიძლია ამას დაპირისპირება დავარქვათ, ან აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ „რეზონანსთან" საუბრისას.
„ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებსა და შიდა დაპირისპირებაზე, ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „რეზონანსი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რომენ კაკულიას ესაუბრა.
რომან კაკულია: შეუირაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ასეთი ტიპის საკითხების მიმართ არ არსებობს თანამოაზრეობა და ერთიანი ხედვა. ასეთივე განსხვავებული ხედვა შეიძლება არსებობდეს სხვა არანაკლები მნიშვნელოვანი საკითხების მიმართაც.
„რეზონანსი": ახალი წლის შემდეგ არის თუ არა მოსალოდნელი პარლამენტში გადაადგილებები? ამასთანავე, „ოცნებაში" ახლა მიმდინარე პროცესებში პარტიის თავმჯდომარე რამდენად არის ჩართული?
რ.კ.: თუკი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს გადავხედავთ, ადამიანს ჩამოუყალიბდება ხედვა, რომ ამ პრობლემების გასამკლავებლად სიმტკიცე საკმარისი არ არის. მთავარია ამ სიმტკიცის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები რამდენად ადეკვატურები არიან იმ გამოწვევების მიმართ, რაც საზოგადოებაში არსებობს.
ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება ადამიანების (საკადრო) ცვლილება იყოს და ალბათ, აქედან იღებს სათავეს სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, არც გამოვრიცხავ და ვთლი, რომ საჭიროც კი არის.
ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მისი ჩართულობის ხარისხი გაიზარდა და ილუზია არავის უნდა შევუქმნათ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები შესაძლოა მასთან კონსულტაციის გარეშე მიმდინარეობდეს. გაცილებით უფრო აქტიურადაა ჩართული, ვიდრე იყო მანამდე, სანამ პარტიაში მოვიდოდა.
„რ": თქვენი აზრით, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება სპონტანურად, მოსამართლეებთან დაკავშირებული სკანდალის გამო მიიღო? არსებობს ვერსია, რომ მისი გადადგომა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი და პარტიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული.
რ.გ: ეკა ბესელიამ განაცხადა მისი მოტივაცია რაც იყოდა და იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ. არ ვფიქრობ, რომ ამ მოტივაციის უკან რაიმე ვერსიები უნდა ვეძებოთ.
მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ეს პროცესი არ მოსწონს. საზოგადოების უმრავლესობა ამ პროცესს დადებითად არ უყურებს და ჩვენი ვალდებულებაა იმ მხარეზე უფრო ვიფიქროთ. ნდობის ხარისხი განისაზღვრება სწორედ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე და ასეთი რანგის მოხელეების არჩევაში, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას უფრო მაღალი ხარისხის ნდობა უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე ეს ნდობა არ არის.
ბატონი მურუსიძემ თქვა, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის მისი პოზიცია აეხსნა. რას აკეთებს პირველი არხი? მივცეთ ამ კაცს საშუალება, იქნებ მართლაც გამოჩნდეს ისეთი არგუმენტები, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებას პოზიცია შეაცველოვინოს, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება.