რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ერთი წელიწადია, შვილის მკვლელობის გამოძიებასა და მის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს, შენგენის ზონაში არ შეუშვეს. მაჩალიკაშვილი 28 დეკემბერს გაემგზავრა საქართველოდან ბერლინში სტამბოლის აეროპორტის გავლით; ბერლინში ჩაფრენის შემდეგ კი იგი ქვეყანაში არ შეუშვეს, რის მიზეზადაც დაუსახელეს ავსტრიისა და საფრანგეთის მოთხოვნა, იგი შენგენის ზონაში არ შეეშვათ.

როგორც იგი „ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, დაანონსებული ჰქონდა, თუკი შვილის სასიკვდილოდ დაჭრიდან ერთი წლის თავზე, 2018 წლის 26 დეკემბრამდე ხელისუფლება ამ საქმეში რაიმე შეცდომას მაინც არ აღიარებდა, ბრძოლის სხვა გზებს მიმართავდა. "გავალ საზღვარგარეთ, ევროპაში, წავალ, ამ სიმართლეს მოვუყვები ყველგან, გავალ დიასპორაში, იქ მოვყვები ამ ყველაფერს". მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით მიემგზავრებოდა გერმანიაში.

მაჩალიკაშვილის თქმით, თბილისის აეროპორტიდან უპრობლემოდ გაატარეს, "გაჩხრეკვას როგორ გაკადრებთო".

"ბერლინში რომ ჩავედი, პირდაპირ გამაჩერეს და შემიყვანეს; გაირკვა ეს ყველაფერი. ვინც მელაპარაკებოდა, იცოდნენ, რა ხდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემს თავს ყველაფერი. მითხრეს, საქართველოს ხელისუფლებიდან სთხოვესო ავსტრიას და საფრანგეთს, ამ კაცს ნუ შეუშვებთ შენგენის ზონაშიო და ჩვენც იძულებული ვართ, ესე ვაკეთებთო. ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო. თქვენ შეგიძლიათ, გერმანიას მთავრობას უჩივლოთო. ავსტრიისგან და საფრანგეთისგან არის შენგენის ზონაში თქვენი არშეშვების ბრძანებაო", - ამბობს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის თანახმად, იგი ბერლინიდან ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საქართველოში გამოაბრუნეს. "იქ ჩამორთმეული პასპორტი მომცეს აქ, აეროპორტში". როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, აპირებს, საჩივრები შეიტანონ გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ.

მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვის წინ სტრასბურგში არ შეუშვეს.

წყარო: ნეტგაზეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×