2019 წლის 1-ლი იანვრიდან მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იწყება. თუმცა, სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა უკვე თავი იჩინა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და გულგრილობის ფაქტებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქებში ქუთაისში, წყალტუბოსა და მცხეთაში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნები გაიცემოდა.
„დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალდებები წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
„ამ ეტაპზე, გრძელდება გამოძიება ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში არსებულ ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ კიდევ შვიდ ცენტრში აღმოჩენილი დარღვევების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სატრანსპორტო საკითხების ექსპერტები აცხადებენ, რომ ისინი მსგავს ფაქტებს მოელოდნენ, რადგანაც ეს არის 90-იანი წლების დორინდელი სისტემა, სადაც კორუფციის რისკები მაღალია და ამის შესახებ ხელისუფლებას დიდი ხანია აფრთხილებდნენ.
ექსპერტების ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტები და ავტომობილის გაუმართაობაზე თვალის დახუჭვა უმეტესად სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის, საჭის მართვის სისტემის პრობლემებზე ხდება. მათი ინფორმაციით, შემოწმებულ ავტომობილების უმრავლესობას სწორედ ეს პრობლემები აქვს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ტექდათვალიერება გავლილი 130 000 ავტომობილიდან 40 000 უვარგისი აღმოჩნდა. ხოლო ხარვეზებიანი ავტომობილების 30% განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა. ეს კი კითხვებს აჩენს, რადგანაც მძღოლებმა ტექდათვალიერებისგან თავის არიდების სხვადასხვა ხერხებს მიაგნეს.
საავტომობილო სფეროს სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ კორუფციული რისკი ჩნდება იქ, სადაც მენეჯმენტი არასწორია. ტექინსპექტირების შემთხვევაში კი მენეჯმენტი საერთოდ არ არსებობს, რაც პრობლემებს იწვევს დღეს და კორუფციის საფრთხეს სამომავლოდაც აჩენს.
სავტომობილო სფეროს სპეციალიტი დავით მესხიშვილი „რეზონანთან“ აცხადებს, რომ ამ სფეროში რისკი მუდმივადაა და ძალიან სამწუხარო გამოცდილება გვაქვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა საერთოდ არ მოწმდებოდა ავტომობილი.
„კორუფციის რისკს აჩენს არასწორი მენეჯმენტი. მეტიც, მენეჯერული მიდგომა საერთოდ არ არსებობს. ისეა გაბნეული სტრუქტურებში მოვალეობები, შეუძლებელია თავისა და ბოლოს გაგება. ერთი მხრივ, ეს ეხება ტრანსპორტის სააგენტოს, სახმელეთო სააგენტოს, ჩართულია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო კანონის აღსრულება კი ეხება შსს-ს. ეს საბოლოოდ კოორდინაციის პრობლემას იწვევს და აჩენს კორუფციის საფრთხესაც.
„პატრულს ვერ მოსთხოვ, რომ სათითაოდ ყველა მანქნასა ქუჩებში სდიოს. ეს უნდა მომხდარიყო ჭკვიანი კამერებისა და სპეციალური პროგრამის მეშვეობით“, - აცხადებს „რეზონანსთან“ მესხიშვილი.
მისივე თქმით, კითხვებს აჩენს საწვავის ხარისხი, ჯერ ამის კვლევა უნდა დაიწყოს. მესხიშვილის შეფასებით, არავინ იცის როგორ საწვავს ასხამს ავზში, მაგრამ მძღოლს სთხოვენ, რომ მანქანა გამართული იყოს ტექნიკურად, რაც წარმოუდგენელია. ექსპერტი ამბობს, რომ ხარვეზები ბევრია და გამოდის, ტექნიკური ინსპექტირება წინ უსწრებს საორგანიზაციო საკითხებს, რომლებიც, წესით, უკვე მოგვარებული უნდა ყოფილიყო.
„მძღოლები ინსპექტირებისათვის სათადარიგო ნაწილებს თხოულობენ ან ქირაობენ. ესეც ერთგვარ ბიზნესად იქცა. მე მომხრე ვარ და ვფიქრობ, რომ დაგვიანებულიც კია ტექდათვალიერების დაწყება, მაგრამ არა ამ ფორმით“, - ამბობს მესხიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ინსპეტქირებას გადის, ინფორმაციის შეყვანა ავტომატურ რეჟიმში ბაზაში ხდება. ეს ბაზა ხელმისაწვდომია ეკონომიკის სამინისტროსთვის და შსს-სთვის. როდესაც პროგრამა ამოწმებს, რომ ერთმა თანამშრომელმა ყველა სატრანსპორტო საშუალება გაატარა და ყველა მათგანს დადებითი შეფასება აქვს, ამის შემდეგ უკვე კითხვები ჩნდება, რატომ ხდება ამ ბალანსის დარღვევა და შესწავლას იწყებენ. ექსპერტი ამბობს, რომ რამდენიმე ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იქნა შეშვებული და რამდენიმე დარღვევის ვერ დანახვის გამო მიხვდნენ, რომ შესაძლოა ქრთამის აღების ფაქტებს ჰქონდეს ადგილი.
„ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კორუფციის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თავის დროზე ამ სფეროში რეფორმა არ დაინერგა. მისი თქმით, ეს არის 90-იანი წლების დროინდელი სისტემის რეინკარნაცია. ურუშაძე ამბობს, რომ კორუფციის არსებობა მთლიანად ამ სისტემის ეფექტიანობას რისკის ქვეშ აყენებს. ექსპერტი ამბობს, რომ ამ სისტემას უფრო მეტი შრომა და დაგეგმვა სჭირდებოდა, რათა კორუფციის რისკი მაქსიმალურად გამორიცხული ყოფილიყო.
„ქრთამის აღების ფაქტები ყველაზე მეტად კომერციულ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში გვხვდება. ეს არის სადისტრიბუციო და სამგზავრო მიკროავტომობილები, რომლებიც პირდაპირ კომერციაზე არიან მიბმულები. ესენი საბჭოური, ძველი გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც, თუ ინსპეტქირების წესებს დააკმაყოფილებს, ყოველწლიურად დიდი ხარჯის გაღება მოუწევს.
„ანუ მას ტექნიკური რემონტი ყოველწლიურად მოუწევს. საბურავების შეცვლა ამ სატრანსპორტო საშუალებებზე ათასობით ლართან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მათ თუკი მიეცემათ საშუალება, რომ ეს საბურავები სამ წელში ერთხელ გამოცვალონ, უარს რატომ იტყვიან. ქრთამის გადახდის შემთხვევაში უფრო იაფად გამოვლენ“, - აცხადებს ურუშაძე „რეზონანსთან“.
ქვეყნის მასშტაბით სულ 40 ინსპექტირების ცენტრია, რომელიც 46 ლოკაციაზეა. თბილისში კი 29 ინსპექტირების ხაზია განთავსებული. ამ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, ტექინსპექტირების ცენტრი კიდევ დაემატოს. 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება.