(რეზონანსი) 3-4 იანვარს, ეკა ბესელია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიწვევით ლონდონში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორს ქრის ლევიქის შეხვდება. საუბრის მთავარი თემები იქნება: განხორციელებული პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
"შეხვედრის მიზანია გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო ახალი ეტაპი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის, რაც წარმატებით განხორციელდა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის კომპონენტი და ახალი რეგლამენტით თემატური მოკვლევების პრაქტიკის დანერგვა" - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამ წუთებში ფრაქცია "ქართული ოცნება" სხდომას მართავს. შეხვედრას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება.
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი განიხილონ. თუმცა, ამ ინფორმაციას გუშინ ფეისბუქით თავად ეკა ბესელია გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას ბოდვა უწოდა.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების გამო დატოვა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია.