რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოზიციაა, რომ სადაო საკითხები გუნდმა საჯაროდ არ უნდა განიხილოს.

„მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა, მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც სათქმელია ბოლომდე ითქმება. არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის", - განაცხადა ფოფხაძემ.

კითხვაზე, გუნდში განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმა იკრძალება თუ არა, ფოფხაძე პასუხობს, რომ ასეთი აზრი ირაკლი კობახიძეს აქვს.

„მემგონი ბატონმა კობახიძემ ეს პოზიცია რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ სადავო საკითხები უნდა განვიხილოთ გუნდის შიგნით და გარეთ ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. ყოველთვის არ მგონია, რომ ეს ოქროს წესი იყოს. ხანდახან ხალხმა უნდა იცოდეს განსხვავებული აზრი",- აღნიშნა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×