(რეზონანსი) „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს ფრაქციის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბესელიას მასთან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება გასული წლის აგვისტოს თვეში ჰქონდა შეთანხმებული
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, მას ეკასთან ეს საკითხი შეთანხმებული ჰქონდა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება. ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, ამიტომ ყველამ ერთხმად მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით განხილულიყო ეს საკითხი, მაგრამ როგორც აღვნიშნე, პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად, საჯაროდ ბრძანა, რომ ეს საკითხი მასთან შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.
"ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან", - თქვა ქუცნაშვილმა.