მარიამ ხვედელიძე
08.01.2019

 „თუ ის ადამიანები, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის, პარტიას დატოვებენ, არ მგონია ეს პარტია შემდეგში ვინმესთვს მისაღები იყოს. თუ ბესელია გუნდს დატოვებს, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, პირდაპირ გეუბნებით, ხელისუფლებას დაკარგავს," - ეს განცხადება „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია საკუთარი ფრაქციის შექმნას გეგმავს და კონსულტაციებს მართავს. ეკა ბესელიასთან შეხვედრაზე უმრავლესობის წევრები გედევან ფოფხაძე და რევაზ არველაძე, ასევე „ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე იმყოფებოდნენ.

დავით ჭიჭინაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე ფაქციის შექმნაზე საუბარი არ ყოფილა და შეხვედრის მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით ერთობლივად სამოქმედო გეგმაზე საუბარი გახლდათ.

„ფრაქციის შექმაზე საუბარი არ გვქონია. ჩვენ საუბარი უბრალოდ გვქონდა იმაზე, რომ ამ მოსამართლეებთან მიმართებაში ერთობლივად ვიმოქმედოთ, როგორც ადრე ვმოქმედებდით, რომ საზოგადოებამ პარლამენტს ამ მოსამართლეების არჩევის საშუალება არ მისცეს.

„ჯერ ეკას და გედის ბედი არ გადაწყვეტილა და გუნდში არკვევენ რაღაც-რაღაცებს. მე ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვის" დამაფიქრებელი უნდა იყოს, რომ ასეთმა ხალხმა ან ფრაქცია და ან უმრავლესობა უსასმართლო მოსამართლეების გამო დატოვოს. თუ იმ ადამანებს დაატოვებინებენ რიგებს, რომლებიც პირველი დღიდან სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, ამით „ქართული ოცნება" ბევრს ვერაფერს მოიგებს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თვლის, რომ ბესელიას გუნდიდან არ გარიცხავენ.

„მე პარტიიდან გამრიცხეს, თორემ უმრავლესობიდან და ფრაქციიდან ჩემით წამოვედი. ხომ ვიძახი, რომ კობახიძე საბჭოთა ყრილობებზეა გაზრდილი, ამიტომ უნდა დახურული სისტემა. დანიშნეს, მისცეს თანამდებობა და ჰგონია, რომ გამოიყენა. არ მგონია რომ ბესელიასთან მიმართებაში იგივე მოხდეს.

„საერთოდ ვთვლი, რომ ისეთი ხალხი, როგორიც მე, ბესელია და კიდევ ბევრი ვართ, ვინც სამართლიანობისთვის ვიბრძვით, თუ პარტიას დატოვებენ, არ მგონია ეს პარტია შემდეგში ვინმესთვს მისაღები იყოს. თუ ბესელია გუნდს დატოვებს, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, პირდაპირ გეუბნებით, ხელისუფლებას დაკარგავს," - განაცხადა ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×