ეკატერინე ბასილაია
09.01.2019

 უკრაინაში რუსეთის ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი დასრულდა - მოსკოვმა უკრაინა ეკლესიურად ოფიციალურად უკვე დაკარგა. 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ახლად არჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს საზეიმოდ გადასცა ტომოსი, რის მიხედვითაც უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი გახდა და მე-15 ადგილი დაიკავა მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ეკლესიების რიგში - დიფტიხში.

რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს ეკლესია, ჯერ ისევ უცნობია. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა კიევისათვის არც საქართველოს ხელისუფლებას მიულოცია.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, საქართველოს ხელისუფლება აპირებს თუ არა უკრაინისათვის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვას.

ბახტაძეს შეკითხვა ჟურნალისტებმა 7 იანვარს, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ დაუსვეს. პასუხად, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედაეკლესიის გადაწყვეტილებას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ხელისუფლების გზავნილები საპატრიარქოსა და უკრაინასთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება.

"ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები", - განაცხადა კობახიძემ.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხონ და შემდეგ გასაჯაროვდება საქართველოს ეკლესიის პოზიციაც.

"სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ იქნება განცხადება. ჯერ ვერ მოგახსენებთ, როდის იქნება ამ საკითხის განხილვა", - განაცხადა პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

"ხომ უნდა წავიკითხოთ, შიგნით რა წერია. იქნებ რა წერია ამ ტომოსში", - აღნიშნა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ეპისკოპოსებს მოუწოდა, რომ უკრაინის საკითხზე სინოდის საგანგებო სხდომა შედგეს, თუმცა მის მოწოდებას საპატრიარქოში არავინ გამოხმაურებია. ჭყონდიდის მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს თავშეკავების მიზეზი რუსეთიდან არსებული მუქარა და ზეწოლა იყოს.

უკრაინისათვის ისტორიული დღე 5 იანვარს შედგა, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 6 იანვარს კი ტომოსი საზეიმოდ გადაეცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. ამით ფორმალურად დასრულდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. ცერემონიაზე სტამბულში ჩასული იყო უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში უკრაინამ მე-15 ადგილი დაიკავა.

ტომოსის ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, მსოფლიო პატრიარქმა წერილი გამოაქვეყნა და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდა, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია რუსეთის ეკლესია, რომელიც 1689 წლიდან მართავდა უკრაინის ეკლესიას. დღესაც რუსეთს უკრაინაში ჯერ ისევ აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის პატრიარქს ექვემდებარება.

უკვე გამოქვეყნდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსიც. უკრაინის ეკლესიის მწყემსმთავრის ტიტულია უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა. ნებადართული არ არის ამ ტიტულში რაიმე ცვლილების შეტანა კონსტანტინოპოლის თანხმობის გარეშე.

ტომოსში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი საეკლესიო, დოგმატური და კანონიკური საკითხების გადაწყვეტისათვის უნდა მიმართოს კონსტანტინოპოლს და მიიღოს მისგან ავტორიტეტული მოსაზრება;

ასევე ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს იმ საერთომართლმადიდებლურ კრებებში მნიშვნელოვანი კანონიკური, დოგმატური ან სხვა საკითხების განსახილველად, რომელიც დროდადრო იქნება მოწვეული;

უკრაინის ეკლესიას არ აქვს უფლება, მოხარშოს მირონი (საეკლესიო ზეთი), ის მირონს კონსტანტინოპოლისაგან მიიღებს. ასევე უკრაინის ეკლესიას არ აქვს უფლება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ დააარსოს გაერთიანებები - ეპარქიები. უკრაინის საზღვრებს გარეთ უკრაინელ მორწმუნეთა თემები მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში გადადის.

უკრაინის ეკლესიისათვის დამოუკიდებლობა ჯერ არც ერთ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიას არ მიულოცია, თუმცა, თეოლოგების თქმით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, ადრე თუ გვიან ყველა ეკლესიას მოუწევს უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და უკრაინის ეკლესიის მწყემსმთავრის მოხსენიება დიფტიხში.

თეოლოგებისათვის ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ უკრაინას ეკლესიის დამოუკიდებლობა საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიულოცა და საერო ხელისუფლება ეკლესიის გადაწყვეტილებას ელოდება.

თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, ტომოსის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა, გაჩნდა რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად, უკრაინის ეკლესიის მეთაურს არ აქვს პატრიარქის სტატუსი და ხომ არ აკნინებს ეს მის ავტოკეფალიას.

ნარსია ამბობს, რომ დიფტიხში ჩამოთვლილი 15 ეკლესიდან 9 არის საპატრიარქო სტატუსის ეკლესია, მათ შორისაა საქართველო, 2 ეკლესია არის სამთავარეპისკოპოსო სტატუსის და უკრაინის ჩათვლით 4 არის სამიტროპოლიტო სტატუსის, ამიტომ მიტროპოლიტის სტატუსი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აკნინებს.

"არაფერია სიახლე იმაში, რომ მირონი უკრაინამ კონსტანტინოპოლიდან უნდა წაიღოს. საპატრიარქო სტატუსის მქონე ეკლესიები თავად ხარშავენ მირონს, მიტროპოლიები - არა.

"ასევე არაფერია სიახლე, რომ, მაგალითად, უკრაინას ქვეყნის ტერიტორიის გარეთ ეპარქიების დაარსებისას კონსტანტინოპოლთან შეთანხმება დასჭირდება. ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობდა კონსტანტინოპოლი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და ჩვენც, როცა 2002 პირველად შევქმენით დასავლეთ ევროპის ეპარქია, ჩვენც ეს უფლება კონსტანტინოპოლიდან გამოვითხოვეთ.

"არც ისაა განსაკუთრებული მითითება, რომ უკრაინის ეკლესია კრებებს უნდა დაესწროს, ეს ყველა ეკლესიის ვალდებულებაა", - აცხადებს ნარსია.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ახლა დროის გაყვანის ტაქტიკას იყენებს და არავინ იცის, როდის მოიწვევენ სინოდის სხდომას, სადაც უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

"საქართველოს ეკლესია აკვირდება პროცესს, თუ დაინახეს, რომ ვითარება რუსეთის სასარგებლოდაა, მხარდაჭერას დააფიქსირებენ და კიდევ ერთ ხმას მიუმატებენ, თუმცა კაცმა არ იცის, როდის ჩანიშნავენ სინოდის სხდომას", - აღნიშნავს ნარსია.

თეოლოგი მიიჩნევს, რომ მთელ ამ პროცესში ხელისუფლების პოზიცია სამარცხვინოა.

"ხელისუფლების სამარცხვინო ნაბიჯია ის, რომ თურმე ეკლესიას ელოდებიან. ქვეყნის კონსტიტუცია და დემოკრატიული პრინციპები ხელისუფლებას ავალდებულებს, სახელმწიფო და ეკლესია იყოს გამიჯნული და ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკა არ უნდა ირეკლავდეს ეკლესიის პოლიტიკას. სახელმწიფოს წარმომადგენელს სახელმწიფოს წარმომადგენლისათვის უნდა მიელოცა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ საერო ხელისუფლება ეკლესიის გავლენისაგან თავისუფალი არ არის და ეს სამარცხვინოა", - დასძენს ნარსია.

თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, ჩვენ და უკრაინას ერთნაირი პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ პირველებს გვმართებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ვაღიაროთ.

"საქართველოს საპატრიარქოში თქვეს, რომ უნდა წაიკითხონ ტომოსი. კი, ბატონო, წაიკითხონ. უკვე რამდენი დღეა, ტომოსი საჯაროა და სინოდის წევრებს არ უნდა გასჭირვებოდათ მისი წაკითხვა. წაიკითხონ და აღიარონ. საქართველოს ეკლესიას მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება დღეს თუ არა ხვალ. უბრალოდ, რაც უფრო მალე მოხდება ეს, უკეთესია.

"უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია - ეს იქნება ერთგვარი ტესტი, ვის გვერდით დგას საქართველოს ეკლესია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველომ ისეთივე ნაბიჯი გადადგას, როგორიც გადადგა 2016 წელს კრეტის კრებასთან დაკავშირებით, როცა რუსეთის გადაწყვეტილება გაიზიარა და არ წავიდა კრებაზე. ღმერთმა ნუ ქნას, იგივე მოხდეს უკრაინასთან მიმართებაში, რადგან ჩვენ და უკრაინას ერთნაირი პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ პირველებს გვმართებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ვაღიაროთ. ამ პირობებში საერთოდ გაუგებარი და სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი, როცა არ ულოცავს პოროშენკოს და უკრაინის რადას", - აცხადებს ბარნოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×