ია აბულაშვილი
09.01.2019

 "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კადიდატების სიასთან დაკავშირებული მსჯელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ რად უღირს "ოცნებას" ამისთვის კიდევ ერთხელ დაკარგოს საზოგდაოების ნდობა, ეს ხომ მომავალი არჩევნებისთვის მუდმივად სალაპარაკო თემა იქნება"- ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

"რეზონანსი": ექსპერტთა ვარაუდით, მოსამართლეთა თემა შეიძლება სერიოზული დაპირისპირების ბიძგი გახდეს "ქართულ ოცნებასა" და საპრალამენტო უმრავლესობაში, რადგან დათმობას არცერთი მხარე არ აპირებს, თუმცა ეჭვობენ, რომ ამ ბრძოლაში ბესელიას გუნდი გაიმარჯვებს.

ვახტანგ ძაბირაძე: პრგონოზის გაკეთება რთულია, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით შიდა ბრძოლებს წააგებს ბესელია და მისი გუნდი. ვფიქრობ, რომ მათ არც აქვთ გათვლა იმაზე, რომ შიდა დაპირისპირაბაში გაიმარჯვებენ. ბესელიამ დატოვა თანამდებობა, იგივე გააკეთა ფოფხაძემ, ასე რომ, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და დაელოდებიან მოვლენების განვითარებას.

შეიძლება შიდა პარტიულ დაპირისპირებაში წააგონ, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლას მოიგებენ, ვგულისხმობ საზოგადოების მხარდაჭერას, რადგან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სააკითხი თანხვედრაში მოდის საზოგადოების აზრთან, რასაც ვერ ვიტყვით კობახიძის დაჯგუფების გარშემო, რომელმაც შეიძლება ამ ეტაპზე ეს ბრძოლა მოიგოს, მაგრამ ზოგადად ქართული "ოცნება" წამგებიან პოზიციაში არის.

"რ": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაერთოს, რათა ერთობა შეინარჩუნოს.

ვ.ძ: ჩემი შეფასებით, ამ ეტაპზე ივანიშვილის ღიად ჩარევა მისთვის მომგებიანი არ იქნება, ვფიქრობ, რომ იგი უფრო მომრიგებლის ფუნქციას შეასრულებს. თანაც ეს ფრაქციის საქმეა და შეუძლია განზე გადგეს, გარკვეულ დრომდე. დააკვირდეს საზოგადოების რეაქციას და შემდეგ გააკეთოს არჩევანი.

"რ": რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამ პროცესმა "ოცნების" გაყოფა გამოიწვიოს, ანუ ბესელია თავის გუნდით მმართველ გუნდს გამოეყოს და ოპოზიციაში გადავიდეს?

ვ.ძ: "ოცნებას" პარლამენტში იმდენად დიდი უმრავლესობა ჰყავს, რომ არა მგონია რაიმე საფრთხე დაემუქროს და რაც იმას ვფიქრობ, რომ ბესელიამ პირველმა დაიწყოს შეტევა ახაგაზრდა ჯგუფზე.

ბესელიამ უკვე გააკეთა განაცხადი თანამებობიდან გადაგომის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ოპოზიციური ნიშა დაიჭირა. მაგრამ არა მგონია, რომ მისთვის პარტიიდან გასვლა მომგებიანი იყოს, თუ ფრაქციას შექმნის, მას ისედაც ექნება ტრიბუნა პარლამენტში და ფრაქციის რეგლამენტით განკუთვნილი პირობები.

ბესელიასთვის და მის გუნდისთვის უფრო მომგებიანი ინება თუ პარტიიდან გარიცხავენ, საზოგადოების წინაშე წარსდგება პარტიიდან განსხვავებლი აზრისთვის განრიდებული.

თუ ბესელია ოპოზიციაში წავა, ან ახალ პარტიას შექმნის, ახალი კონფიგურაცია შეიქმნება და ოპოზიციის კონკურენტიც ხდება, ამიტომ აკვირდება ოპოზიცია ასე ბესელიას ნაბიჯებს.

"ქართული ოცნება" კი იძულებული იქნება რეაქცია ჰქონდეს, რადგან პროცესები ამჯერად "ოცნებაში" მიდის. სასამართლოს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ რად უღირს "ოცნებას" ამისთვის კიდევ ერთხელ დაკარგოს საზოგადოების ნდობა, ეს ხომ მომავალი რჩევნებისთვის მუდმივად სალაპარაკო თემა იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×