რეანიმაციაში 39 იმყოფება, სკოლებში და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღი გადაიდო
მარიამ ხვედელიძე
09.01.2019

 მიუხედავად იმისა, რომ ღორის გრიპით უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგენკომაც, თუმცა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

გარდაცვალების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გორში დაფიქსირდა, სადაც 22 წლის ქალი დაიღუპა. პარალელურად, კარანტინია გამოცხადებული არაერთ კლინიკაში, მათ შორის ფოთში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. საგანგაშოა სტატისტიკა, რადგან ამავე საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 1427-მა პაციენტმა მიმართა.

პარალელურად, განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყების რამდენიმე დღით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

"მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდეს," - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

არდადეგები თბილისის საბავშვო ბაღებშიც გახაგრძლივდა. სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგენკოს ინფორმაციით, ვირუსის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში 39 ადამიანია მოთავსებული. მისივე თქმით, ახლად დავირუსებულთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა, თუმცა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელი პოზიტიურია. თითქმის 100-ით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, რაც კარგი დინამიკაა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის საყურადღებო მაჩვენებელი და მიუხედავად იმისა, რომ ახლადდავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ," - განაცხადა დავით სერგენკომ.

ამავდროულად მედიკამენტების შემდეგ აფთიაქებში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნული პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებს. როდის შეივსება სააფთიაქო მარაგი, ამაზე აფთიაქებში ვერ საუბრობენ. დავით სერგენკოს თქმით, აფთიაქებმა პირბადეს მარაგი თავად უნდა შეავსონ, მაგრამ, მისივე თქმით, თუკი დეფიციტი დაინახეს, აფთიაქებს პირბადეებით ჯანდაცვის სამინისტროს მარაგიდან დაეხმარებიან.

„ტამიფლუზე" ვადასტურებთ, რომ მარაგები საკმარისია და უფრო მეტიც, დღეს, ხვალ დაიწყება ახალი პარტიის შემოსვლა და როგორც აფთიაქები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო შეავსებენ თავის მარაგებს. ამის არანაირი პრობლემა არ არის.

"რაც შეეხება პირბადებს, ალბათ აფთიაქებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ მარაგები შეავსონ, მაგრამ, თუკი ჩვენ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც „ტამიფლუს" შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მირიან ივანუშამ სეზონურ გრიპთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას რეკომენდაციები მისცა.

"გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს.

"გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ, ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ტემპერატურა მაინც აიწევს, მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა," - განაცხადა მარიან ივანუშამ.

მანვე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ" მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას, გართულებისას უნდა მივიღოთ.

„ტამიფლუ" არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ, მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით.

"თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ „ტამიფლუს". ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. „ტამიფლუს" შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე", - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ვირუსებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია აუცილებელია. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებია.

„დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა - ოქტომბერ-ნოემბერი. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ", - განაცხადა ივანუშამ.

მისივე თქმით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა გადაჭარბებული არ არის და ყოველწილიურად ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსით 70 ათასი ადამიანი იღუპება.

„ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც", - აღნიშნა ივანუშამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×