„ტრამპი ცდილობს, რომ საზღვარზე კედლის აღმართვით ბარიერი დააწესოს. ეს კედელი რომც აიგოს, გარკვეულწილად, შესაძლოა შეამციროს მიგრანტთა ტალღა, თუმცა არც ის არის გამორციხული, რომ არალეგალური მიგრაცია ვერც ამან შეაჩეროს.
„ეს ტრამპისთვის მნიშვნელოვანი საკითხია გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდიდან, - ის რეალურად ემზადება იმისთვის, რომ მეორე ვადით იყოს არჩეული," - აღნიშნა ანალიტიკოსმა და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან" საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ამერიკელებს, პირდაპირ ეთერში, პირველად მიმართა.
მისი განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. მან კონგრესს კიდევ ერთხელ სთხოვა 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსებისთვის.
ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს „ჰუმანიტარული კრიზისი" უწადა. მისი თქმით, სწორედ კედლის აშენებით არის შესაძლებელი ამ პრობლემის გადაჭრა, თუმცა „დემოკრატი" ლიდერები ტრამპის პოზიციას არ იზიარებენ, - ისინი საზღვარზე კედლის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი თქმით, კედლის აშენება ამერიკას საბოლოოდ 24 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
„პრეზიდენტმა დაშინება აირჩია. ჩვენ გვსურს ფაქტებით დავიწყოთ," - პრეზიდენტ ტრამპის შემდეგ, პირდაპირ ეთერში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ამერიკელებს ასე მიმართა.
პელოსის თქმით, ტრამპმა ორპარტიული კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც ამჟამად დახურული სააგენტოების მუშაობას დააფინანსებდა.
„ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მილიარდობით დოლარის გაფლანგვაში ძვირი და არაეფექტური კედლის აშენებით - რომლის აშენების საფასურსაც ის ამბობდა, რომ მექსიკას გადაახდევინებდა," - აღნიშნა პელოსიმ.
სენატში უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ტრამპს განუმარტა, რომ „მთავრობის გათიშვა საზღვრის უსაფრთხოების არგუმენტისგან უნდა განაცალკევოს."
„არც ერთმა პრეზიდენტმა არ უნდა მოითხოვოს, რომ მან საკუთარ მიზანს მიაღწიოს, თუ არა და მთავრობა გაითიშება, რითაც ის მილიონობით ამერიკელს აზარალებს, რომლებსაც როგორც (მოლაპარაკების) ბერკეტს ისე ექცევა," - განაცხადა ჩაკ შუმერმა.
ბოლო კვირის განმავლობაში, პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენჯერმე მიანიშნა იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის და დაფინანსების გარეშე შეუძლია საზღვარზე კედლის ასაშენებლად თავდაცვის და სხვადასხვა სპეციალური სამსახურების ბიუჯეტებიდან საჭირო თანხები მოიძიოს.
კაკაჩია აცხადებს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება შესაძლოა პრეცენდენტად ჩაითვალოს.
„არცერთ პრეზიდენტს არ გადაუწყვეტია ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ რეკომენდაციად სახელდებოდა ის, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ აშშ-ში არაკონტროლირებად მიგრაციას," - აღნიშნა მან.
მისი განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპისთვის პრინციპულ მიზანს წარმოადგენს, რადგან ეს წინაასაარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპირებას წარმოადგენდა.
„ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი დაკავშირებული იყო სწორედ ამასთან, - ის ამერიკელ ამომრჩეველს შეპირდა, რომ ის კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებდა და ამ უკანონო მიგრაციას ალაგმავდა.
„თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი უკვე ფიქრობს მეორე ვადაზე, მისი ამომრჩევლების უმრავლესობა, რომელმა მას ხმა მისცა, ეს საკითხი მნიშვნელოვანი და პრინციპულია. ამიტომაც, ის არ დათმობს. სწორედ ამ საკითხს უკავშირდება პრინციპული პოზიციის ქონა და არ ერიდება, რომ კონგრესს დაუპირისპირდეს. ეს შესაძლოა აღმოჩნდეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამ საკითხის დათმობა მისთვის წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა დამაზიანებელი იყოს.
„განცხადებას აკეთებს იმ საზოგადოების გასაგონად, რომელიც შესაძლოა არ ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ის ამ გზავნილებით ცდილობს აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია მოახდინოს," - აცხადებს ის.
კაკაჩია თვლის, რომ მიგრატთა ტალღის შესაჩერებლად მიმართული საშუალება, რამდენად „ეფექტურიც" არ უნდა იყოს, ადამიანის უფლებების შელახვას წარმოადგენს.
„პრობლემა არის ის, რომ საზღვარი, ფაქტობრივად, უკონტროლოა და 100 ათასობით არალეგალი მიგრანტი სხვადასხვა გზით ცდილობს საზღვარზე გადმოსვლას, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეს აწუხებს არა მარტო თვითონ ტრამპის ადმინისტრაციას, არამედ საზოგადეობასაც.
„რაღაც მოთხოვნა ამერიკული საზოგადეობის გარკვეული ნაწილში არსებობს იმაზე, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას ამის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ყველა ნაბიჯი, რომელიც ეფექტურია, მაინც წინააღმდეგობრივია. ეს დაკავშირებული ადამიანის უფლებების შელახვასთან," - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან" საუბრისას.