მარიამ ხვედელიძე
10.01.2019

 "ფაქტია, რომ ბესელიამ დუმლში არ გაცვალა თავისი პოზიცია და ვიცესპიკერობა და კაბინეტი არ აირჩია," - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია გუნდის და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც დღის წესრიგიდან მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი მოიხსნა.

"მთლად ისე არ არის, რომ ბესელია გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა. ის თავისი გარკვეული პოზიციების ერთგული დარჩა და ფაქტია, რომ მან არ გაცვალა ეს ვიცესპიკერობაში, რასაც სთავაზობდნენ, და მან ასეთი გზა აირჩია. რამდენადაა ეს ამბავი მხოლოდ მოსამართლეების სიასთან კავშირში, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ ფაქტია, რომ მან დუმლში არ გაცვალა თავისი პოზიცია და არ არჩია ვიცესპიკერობა და კაბინეტები," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიას მხარს არ დაუჭერს.

"როგორც იცით, მოსამართლეების სიის განხილვა გადადებულია, მიმდინარეობს მსჯელობა და იქ არ არის მხოლოდ ბესელია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვიზიარებთ ასე ნაუცბათევ, ჰარი-ჰარალოთი გამოგზავნილ სიას და ეს ხალხი სულ რომ ანგელოზები იყვნენ, იცით, რომ მათი რეპუტაცია არის საკმაოდ გაშავებული.

დღეს, საბედნიეროდ, პოზიციის მკვეთრად გამოხატვა არავითარი საფრთხის და თავგანწირვის ტოლფასი არ არის. ყველას შეუძლია თავისი პოზიცია გამოხატოს და მე მგონი, ყოველგვარი შფოთის გარეშე ჩვენ არ მივიღებთ ამ სიას და მივიღებთ იმას, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება," - განაცხადა ქანთარიამ.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ იგი ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის წინააღმდეგი იქნება.

"მე მხარს დავუჭერ ყოველთვის ყველას სამართლიანობაში. თუ ჩემი თვალსაზრისით ეს იქნება სამართლიანი. მე ბესელიას გუნდიდან გარიცხვის წინააღმდეგი ვიქნები, რა თქმა უნდა. ასეთი ამბები გარიცხავაზე, მუქარა და შეშინება არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის. ის რომ ასე ცალკეულად იყოს, აი გაგრიცხავ თუ ამას არ იზამ, ეს მე მგონი ძალიან ცოტა სხვა ჟანრში გადავდივართ. არა მგონია რომ ეს სწორი იყოს.

უნდა იყოს პრობლემაზე საუბარი, თუ რატომ ამბობენ ამას, რატომ არის, რა ხდება, როგორ არის, ამის გაანალიზებით უნდა ვიყოთ უფრო დაკავებულები, ვიდრე დავუშვათ გარკვეული გარიცხვა-გამორიცხვის მუქარებით," - ამბობს უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია.

ქანთარია "ქართული ოქნების" მიერ საკონსიტუციო უმრავლესობის დაკარგვას არ გამორიცხავს.

"არაფერი ამაში გასაკვირი არ იქნება. შეიძლება, რა თქმა უნდა. ყველაფერი მოსალოდნელია პოლიტიკაში. მთავარი მემგონი მაინც ის არის, რომ ყვეალფერი გამოჩნდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუ როგორ იქნება, რა ფორმატში იქნება თვითონ "ქართული ოცნება" და სხვა პოლიტიკური ძალები," - აღნიშნა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×