თამარ შუკვანი
10.01.2019

 „ეს პროცესები სათავეს წინა წლებში დაწყებული შიდა კონფლიქტებიდან იღებს, რომელიც უკავშირდება, როგორც ღირებულებით კონფლიქტებს, ასევე სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა დაჯახებას. როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ამ ინტერესთა დაბალანსება და შეჯერება," - იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმდჯომარის, ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის გარკვეული ნაწილის დაპირისპირებას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას ასე აფასებს.

ზაალ ანჯაფარიძე: ეს კონფლიქტი შიგნით გროვდებოდა და ახლა გარეთ გადმოვიდა. ქალბატონმა ბესელიამ მოახერხა, ეს მას არ უნდა დავუკარგოთ, მოსამართლეთა თემასთან ამის ერთგვარი მიბმა, იმ კუთხით, რომ მორალური თვალსაზრისით უფრო უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებენა თავისი თავი და უნდა ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ეს გამოუვიდა.

ეს არ არის მხოლოდ ბესელიას და მმართველი გუნდის დანარჩენი ნაწილის დაპირისპირების საკითხი. არაერთმა დეპუტატმა დააფიქსირა საკმაოდ პრინციპული პოზიცია მოსამართლეთა იმ სიასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილ იქნა. დამატებით, იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობის ქმედებასთან დაკავშირებითაც. ეს მიანიშნებს იმას, რომ გარდა წმინდა ინტერესების დაპირისპირებისა, გარკვეულწილად, ღირებულებითი დაპირისპირებაც არსებობს.

შემდგომში რთული იქნება ასეთი ადამიანების ერთ გუნდში მუშაობა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ყველამ იპოვის თავისი გზა, რომელიც შეესაბამება მათ პოლიტიკურ მრწამსა და ღირებულებას.

ქართული პოლიტიკური კულტურა განსხვავდება დასავლური კულტურისაგან. იქ, როდესაც პოლიტიკურ გუნდში მისი წევრი აღმოაჩენს, რომ მას პოლიტიკურ გუნდთან ერთგვარი ღირებულებითი და მსოფლმხედველობითი შეუთავსებლობა აქვს, დაუყოვნებლივ ტოვებს გუნდს და ამის შესახებ საჯაროდ აცხადებს. ჩვენთან კიდევ რა ხდება? გედი ფოფხაძე კლასიკური მაგალითია ამის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პრინციპულ საკითხებში „ქართულ ოცნებას" არ ეთანხმებოდა, ამ პარტიის წევრობას აგრძელებს, რაც არცთუ ისე ადეკვატურად გამოიყურება.

„რეზონანსი": უნდა ველოდოთ თუ არა „ოცნების" ერთგვარ დაყოფას, ან უფრო მეტიც, დაშლას?

ზ.ა: ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ბოლომდე შეინარჩუნოს ერთიანობა. საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა პარლამენტში „ქართულ ოცნებას" ჰაერივით სჭირდა მთელი რიგი მიზეზების გამო. მათ მისაღები აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ისინი შეეცდებიან, რომ რაღაც კომპრომისული ვარიანტი გამონახონ იმისთვის, რომ უმრავლესობა შეინარჩუნონ.

როგორც ყველაზე მცირე 7-8 დეპუტატი, ალბათ, უმრავლესობას დატოვებს იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეთა სია, რაც იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა, უცვლელი სახით გავა და დამტკიცდება.

„რ": დღევანდელი პროცესი, რაც მმართველ გუნში მიმდინარეობს, როგორ შეიძლება აისახოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე?

ზ.ა: თუ მოხდა მოსამართლეთა სიის დამტკიცება იმ სახით, რა სახითაც დღეს არის წარმოდგენილი, ამას თან დაერთოს სხვა უარყოფითი მოვლენები, 2020 წალმდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური, არ არის გამორიცხული თუ ნეგატიურმა პოზიტიური გადასწონა, პარტიის რეიტინგზე ამან იმოქმედოს.

„რ": უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებების გაგრძელებას?

ზ.ა: გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაც არის შექმნილი ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში, რჩევა იქნებოდა, რომ რამდენიმე მინისტრი, რომელიც აშკარად ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, შეიცვალოს.

„რ": ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლების კანდიდატების საკითხს დაუკავშირა, თუმცა მმართველ გუნდში უკვირთ, თუ რატომ დაუკავშირა ბესელიამ ეს ორი საკითხი ერთმანეთს. როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ბესელიას გადადგომის საკითხი უფრო ადრე განიხილებოდა.

ზ.ა: ბესელიას მიმართ ნეგატიური პოზიციების დაფიქსირება პარტიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან გამოიყვანეს. ეს პირველი სიგნალი იყო იმისა, რომ მის მიმართ პარტიის დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა.

როდესაც ბესელიას შესთავაზეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაეტოვებინა და ამით ფაქტობრივად აქტიურ საქმიანობას ჩამოაშორეს, შესთავაზეს სიმბოლური თანამდებობა პარლამენტის ვიცე-სპიკერის. მან არ მოისურვა ასეთი სახით წასვლა და გადაწყვიტა პარტიასთან დაპირისპირება. მოსამართლეობის საკითხი დროში დაემთახვა და მან გადაწყვიტა, რომ შანსი ხელიდან არ გაეშვა.

გარკვეული პერიოდი მას საზოგადოების გარკვეული მხარდაჭერა ექნება, მაგრამ თუკი მან ახალი და საინტერესო არ შესთავაზა საზოგადოებას, ის ჩვეულებრივ რიგით პარლამენტარად დარჩება.

„რ": შესაძლოა თუ არა, მმართველი გუნდის გარკვეულმა ნაწილმა ბესელიას მხარი დაუჭიროს?

ზ.ა: არ ვიტყოდი, რომ ეს ბესელიას პერსონალური მხარდაჭერაა, ეს არის მხარდაჭერა იმ პოზიციის, რომ უზენაეს სასამართლოში არ შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი რეპუტაციაშებღალული მოსამართლეები.

მას შეიძლება მორალური მხარდაჭერა გამოუცხადონ და გარკვეული პერიოდი წამებული გმირის მანტია შემოაცვან, თუმცა არა მგონია ქალბატონი ბესელია რაღაც პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი გახდეს და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას დაუდოს საფუძველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×