თამარ შუკვანი
10.01.2019

 „ალბათ, დარეგულირდება სიტუაცია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ საერთო ენა მოინახოს და ნორმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რაც ქვეყნას წაადგება. ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. ეს არის განსჯის საგანი და ზუსტად იმიტომ, მოხდა შეჩერება მოსამართლეების განხილვის, რომ ეს ძირეულად იქნას განხილული. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ სანამ, არ იქნება კონსენსუსი," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია შესაძლოა პარტია „ქართული ოცნებიდან" გარიცხონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ასევე, საუბარია უმრავლესობის დეპუტატის, გედევან ფოფხაძის გარიცხვაზეც.

„ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინები არ არის ქართულ ლექსიკონში? უხერხულად ჩანს „გაირიცხება", „გამოირიცხება"... სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას - როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ.

„ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? ეს სასაცილოა, უხერხულია, კომიკურ სიტუაციაში აყენებს ყველას. არ შეიძლება გამოუცდელობის გამო ასეთი ტერმინებით საუბარი.

„ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე, და არა ამ მუქარაზე. ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მითუმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?" - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს პარტიიდან მისი შესაძლო გარიცხვის კომენტირებისას ორი დღის წინ.

"ოცნებიდან" უკვე გარიცხული დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" „ჭკუას ისწავლის" და სიტუაცია გამოსწორების გზას დაადგება.

„ერთმა გამოწვეულმა კონფლიქტმა ცოტა ჭკუა უნდა ასწავლოს. ვინც საპირისპირო აზრს იტყვის, ყველა თუ გარიცხეს მაშინ, „კომუნისტური ოცნება" გადაირქვან და არა „ქართული ოცნება." არამგონია ეს დღის წესრიგში დადგეს. რა ვიცი, ამ ადამიანებისას რას გაიგებ.

„მოსამართლეების საკითხის ასეთი სახით წარმოდგენა და დამტკიცება პრობლემაა და ისინი ცდილობენ, რომ რაღაც კრიტერიუმები შეცვალონ, - ალბათ, კანდიდატებსაც გადახედავენ. ეს დადებითი ნაბიჯია და ამით ცდილობენ, თავის მხარეს მოქაჩონ ეს ამბავი, თუმცა ინიციატორები თვითონ იყვნენ. როდესაც დაინახეს, რომ საზოგადოებაში ამას მხარდაჭერა არ ჰქონდათ და ქალბატონი ეკა მართლაც ამას დაუპირისპირდა და არა სხვა რამეს, ცდილობენ რაღაც თანამდებობრივ კინკლაობაში გადაიყვანონ," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მისთვის ვინმეს გარიცხვა პარტიიდან მიუღებელია და პარლამენტის თავმჯდომარეს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს.

„უმოკლეს ვადაში პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტულ დროში გაწერილი პროცესი ამ ვითარების ირგვლივ. პროცესი სადაც მოცემული იქნება ფორმატები, რა ფორმატებში განვითარდება ეს პროცესი. მოცული იქნება პროცესი დღისწესრიგებით. იქნება განხილვები, ცვლილებები თუ საჭირო არის საკანონმდებლო, იქნება შეხვედრები სხვადასხვა წრეებთან. იქნება დისკუსიები, დებატები.

„ამომრჩეველმა დაანახოს, რომ ეს პროცესი არის გამჭირვალე. და მეორე, ამ პროცესმა შეიძინოს და ამ თემამ შეიძინოს რესპექტაბელურობა რომელსაც მოკლებულია გამომდინარე იქიდან რომ ერთ დღეში წარმოდგენილი სია მოხვდა ბოლო წუთში და ა. შ. გარიცხვა, გამორიცხვა- ეს ტერმინები ჩემთვის არის მიუღებელი და აღარ მინდა ამის მოსმენა და ამის ყურება," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომენტარს მანამ არ გააკეთებს, სანამ ამას უფლებამოსილი პირი არ დაადასტურებს.

„სანამ ამას რაიმე ოფიციალური სტრუქტურა, ვინც ამ გადაწყვეტილების უფლებამოსილია არ დაადასტურებს, მანამდე ამაზე საუბარი იქნება არასწორი. ჩვენ გვჭირდება ღირსეული მართლმსაჯულება. ერთმა კლანმა, რაღაცა ჯგუფმა თავის კანტორად არ უნდა აქციოს სასამართლო სისტემა. უზენაეს სასამართლოს არ უნდა დაეპატრონონ ადამიანები, რომლებიც წაგვართმევენ ჩვენ მართლმსაჯულებას და თქვენს შვილებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარტიიდან ბესელიასა და ფოფხაძის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა:

„გარიცხვა ცუდი სიტყვაა. ფაქტია, რომ პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვფიქრობ, რომ ჩვენი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავდ, ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. არავინ ფიქრობს, რომ სასამართლოს შემადგენლობის თემაზე მომხდარიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდებოდა.

„სამწუხაროა, რომ ამ თემით აპელირებს ეკა ბესელია, როდესაც თავის გადადგომის წინაპირობას ახასიათებს. არც არაგულწრფელი მიმაჩნია მის მოქმედებები და არც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, შეცდომაა და შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება ან საერთოდ მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. შესაძლოა, რაღაც პოზიციებიც დავაახლოვოთ ან უკეთ გავერკვეთ შექმნილ ვითარებაში, როგორც ადრე გედევან ფოფხაძის შემთხვევაში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×