თამარ შუკვანი
13.01.2019

 „ეს არის საკითხი, რომლის ასე ცალსახად განხილვა არ შეიძლება. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა დროს გვაქვს მცდელობები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს მივადგეთ, რომელიც იმ მომენტისათვის თითქოს ძალზე კრიზისულია. მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდი სავსეა ცილისმწამებლური განცხადებებით, მაგრამ ჩვენ უნდა ჩავიდეთ პრობლემის სიღრმემდე," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას.

ორი დღის წინ ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატივით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისეთი კანონდებლობის მიღებაა საჭირო, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასა და სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა და თუკი რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, მიღებულ იქნას.

რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ცილისწამებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღების საკითხი საფუძლიანად იქნება შესწავლი და განხილული, ინიციატივას მიესალმება. იგი მთავარ პრობლემად საზოგადოებას ასახელებს.

„მივესალმები, თუკი ჩვენ ამ თემაზე ვიმსჯელებთ სიღმისეულად და ბოლომდე ჩავალთ. როდესაც სუფრაზე შევიკრიბებით და ერთად დავსხდებით, ძალიან გულახდილად ვსაუბრობთ იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას გააჩნია, მაგრამ, როდესაც ეკრანის პირდაპირ დავდგებით, მხოლოდ იმას ვსაუბრობთ, რა განუმეორებელი და გენიოსია ჩვენი საზოგადოება, რადგან პოლიტიკურ ქულებს თითქოს ასე სჭირდება.

„მივესალმები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხი ჩვენი საზოგადოების მთავარ პრობლემასთან მიდის - თავად საზოგადოებაა პრობლემა, ჩემი და ჩემი ოჯახის ჩათვლით. თუკი სიღრმიესეული ანალიზისაკენ მოგვიწოდებს, სიამოვნებით ჩავერთვები ამ თემის განხილვაში," - ამბობს კაკულია.

რამდენად გამოიწვევს ეს ცვლილება ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვას, ამაზე კაკულია გადაჭრით ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ადამიანმა კარგი მიზნისთვის წარმოდგენილი ინიციატივა შესაძლოა ცუდი მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ეს არ არის კანონი, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს ან არ იმოქმედებს. რატომ იქნა ეს პრობლემა წინ წამოწეული? იმიტომ რომ, ამის ინიციატორმა დაინახა, მისი აზრით, არასამართლიანი დამოკიდებულება. საზოგადოებაში ცილისწამებლურმა განცხადებებმა იმატა. ეს შედეგი დადგა, რადგან ამის უკან საზოგადოების განვითარების დონე დგას.

„საკმარისია დღეს ვინმემ ვინმეს დედა შეაგინოს, ყველა თოქ-შოუს წამყვანი გახდება. მას ერთი თვე ეკრანიდან არ ჩამოხსნიან და ვარსკვლავი ეგონება თავი. ესეც საზოგადოების დამოკიდებულებაა.

„ეს კიდევაც იქნება შეზღუდვა და არც იქნება, გააჩნია როგორი საზოგადოების ხელში იქნება ეს კანონი. დღესაც არსებობს კანონი და მისი სრულფასოვანი გამოყენება რომ ხდებოდეს, ჯანსაღ საზოგადოებაში, სულ არ დადგებოდა ეს საკითხი, მაგრამ კანონის აღსრულების მექანიზმი არაა სრულყოფილი და არც საზოგადოებაა ჯანსაღი.

„მარტო კანონის გამკაცრება და სიღმეების არდანახვა არაფერს მოიტანს დადებითს. კარგი მიზნით შექმნილი კანონი შეიძლება ცუდი მიზნებისთვის იქნას გამოყენებული," - განაცხადა რომან კაკულიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×