„მათიკაშვილს პროცედურულად მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა ეკუთვნის. რიგითი მოადგილეა და გადადის. მგონი ამაზე აღარ ღირს რაღაცა ავაგოროთ," - ასე აფასებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.
ქანთარიას განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატთა საკითხია. რაც შეეხება, თუ ვინ იქნება კომიტეტის თავმჯდომარე, ეს საგაზაფხულო სესიაზე გადაწყდება.
„აქ სასამართლო საკითხი იყო უმთავრესი და ვნახოთ როგორ წავა ეს საქმე, რა პროცედურებსა და კრიტერიუმებზე მოხდება შეთანხმება - ეს გაცილებით მნიშვნელოვანია. როგორც კი სესიები განახლდება, მაშინვე იქნება თავმჯდომარეზე საუბარი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი თავისი წესით წავა," - აღნიშნავს ქანთარია.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში არაერთგვაროვან პოზიციაზე, ქანთარიამ განაცხადა, რომ „მკვეთრად განსხვავებული აზრები, ეს თანმდევი პროცესია."
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მის ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს.