აშშ-ში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რამაც შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაშიც უარყოფითი გავლენა ჰპოვოს - აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობა არც ისეთი აქტიურია.
შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის ნაწილობრივმა შეჩერებამ, თავისი ისტორიის განმავლობაში, ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, 1995-96 წლებში, მთავრობის მუშაობის შეჩერების 21 დღიან ნიშნულს გადააჭარბა და ერთგვარი რეკორდიც მოხსნა, - ამის შესახებ ბიბისი იუწყება.
„ამერიკაში არის საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური კრიზისი; პირველად ამერიკის ისტორიაში, ფაქტობრივად, 800 ათას ადამიანზე ხელფასები არ გაიცემა, - ასეთი სერიოზული კრიზისი ამერიკას არ ჰქონია. ამის გამომწვევი მიზეზი კი არის დაპირისპირება „დემოკრატებსა" და ტრამპის ადმინისტრაციას შორის," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას" ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია.
ამერიკას 22 დეკემბერიდან დღემდე „შათდაუნი" აქვს გამოცხადებული, - ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ფაქტობრივად, შეაჩერა. ხოლო 800 ათასამდე საჯარო მოხელე ყოველთვიური სარგოს გარეშე დარჩა. მიზეზი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხი გახდა, რასაც „დემოკრატები" კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, თავისი პოზიციის დათმობაზე უარს აცხადებს.
ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითაც იმუქრებოდა, - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე შეუძლია საზღვარზე კედლის ასაშენებლად თავდაცვისა და სხვადასხვა სპეციალური სამსახურების ბიუჯეტიდან საჭირო თანხა მოიძიოს, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს, - ამის შესახებ მან 12 იანვარს თეთრ სახლში, პრესკონფერენციისას განაცხადა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ-ს ავღანეთიდან და სირიიდან ჯარები გაჰყავს და პოზიციებს თმობს. აღნიშნული პროცესი და ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი საქართველოსთან მიმართებაში რა როლს შეასრულებს?
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის მიერ ჯარების გაყვანა დადებითად ვერ შეფასდება და ამ ფაქტმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს საქართველოს სამხედროების უსაფრთხოებაზეც, რომლის საკმაოდ მსხვილი კონტიგენტი ავღანეთშია განთავსებული.
„ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, ეს არ არის პოზიტიური ქმედება და ეს ნაკლებად შეუწყობს ხელს ავღანეთში სიტუაციის გაუმჯობესებას. ამერიკული მხარე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს თალიბებთან. დღეს იმ ფონზე, სადაც არის ჩვენი, საკმაოდ მსხვილი, სამხედრო კონტიგენტი, ეს სცენა უკავშირდება ჩვენი სამხდროების უსაფრთხოებასაც.
„ამერიკა რეალური ძალაა, რომელსაც შეუძლია იქ არსებული ტერორისტული დაჯგუფებების შეკავება და ნეიტრალიზაცია. იმ ფონზე, როდესაც თალიბანმა თავისი ქმედება გააქტიურეს და 2018 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ძალიან სერიოზული სამხედრო ოპერატიულ-სტრატეგიული ოპერაციები განახორციელეს ავღანეთის ყველა პროვინციაში, ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას ეს მიმართულებას შეეხება და ამასთანავე, ზოგადად, არსებულ სიტუაციასაც.
„ამერიკელებმა ავღანეთში ვიეტნამიზაციის პროცესი დაიწყეს. ტრამპი ამით ცდილობს მოახდინოს თავისი თავდაცვის მექანიზმის ოპტიმიზაცია. მას გამოყავს ჯარები არა მარტო სირიიდან, რომელმაც სერიოზული პოლიტიკური განხეთქილება გამოიწვია, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანამაც შეიძლება სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს," - აღნიშნა მაისაიამ.
როგორია საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტიონორობა და ურთიერთობა დღეს? მაისაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა არც ისეთი აქტიურია.
საქართველოში ამერიკის ელჩი ჯერ კიდევ არ არის დანიშნული და ეს საკითხი უკვე ერთი წელია დროში იწელება, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ დღეს ეს საკითხიც დიდ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს და ამ შემთხვევას „უპრეცენდენტო" უწოდა.
„ჩვენი ურთიეთობა, სამწუხაროდ, არის არცთუ ისეთი ინტენსიურია. საქართველოში აქამდე ვერ დაინიშნა ამერიკის ელჩი და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. არცერთი ფაქტი არ მახსოვს დღემდე და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ელჩები დაინიშნენ, ხოლო საქართველოში ელჩი ჯერ კიდევ არ დანიშნულა.
„შესაძლოა აქ ერთგვარი შეუთანხმებლობა არსებობდეს ტრამპის ადმინისტაციასა და ნეოკონსერვატორებს შორის. ნეოკონსერვატორები საქართველოს მიმართულებით უფრო არიან დაინტერესებულნი.
„საქართველო არის სტრატეგიული ქვეყანა. ჩვენ რომ არ ვიყო სტრატეგიული მოკავშირეები, შესაძლოა ამ ფაქტს არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა (ელჩის დანიშვნის საკითხს,) მაგრამ, როდესაც ჩვენ ვართ სტრატეგიული მოკავშირეები, რა თქმა უნდა, ეს კარგი ტონი არ არის. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკურის ნაკლებ აქტიურობასთან," - აცხადებს ის.
მისი თქმით, საქართველო საკმაოდ პასიურობს ამერიკასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და განვითარების კუთხით, რამაც სწორედ ის შედეგი გამოიწვია, რაც დღეს არსებობს, - თანაც, რუსეთის გავლენები დღითიდღე ძლიერდება.
„სიტუაცია ამ ეტაპზე საკმაოდ ბუნდოვანია და ასე იქნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გავა ტრამპის ადმინისტრაციაზე და არ მოახდენს ურთიერთობის განვითარებას, არ გააქტიურდება. ბოლოს როდის გაემგზავრა ამერიკაში საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია? - ამერიკელებს ნუ გადავაბრალებთ, რომ თითქოს ისინი არიან პასუხისმგებელნი.
„ეს სასიცოცხლოა ჩვენთვის, მითუმეტეს აღმოსავლეთში რუსეთის გავლენები ძლიერდება. ამერიკელები აღმოსავლეთში, ფაქტობრივად, პოზიციას თმობენ და ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტია, თუმცა ჩვენმა დიპლომატიამ უფრო მეტად უნდა გააქტიუროს ურთიერთობა ამერიკელებთან," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.