ერეკლე სოლოღაშვილი: "ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კონკურსს აწყობდა "მაგთიკომი", რომელიც მეტად სანდოა ობიექტურობის თვალსაზრისით"
ანა ვაჩნაძე
15.01.2019

 მეორე წელია, წარმატებით ტარდება "მაგთიკომისა" და "ნეოსტუდიის" ერთობლივი ფოტოკონკურსი "რაკურსი", რომლის მიზანი მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების წახალისება და მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაა.

ორი წლის განმავლობაში ფოტოკონკურსში 5 000-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ნომინაციაში 19 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულ ნამუშევრებს, "მაგთიკომისა" და "ნეოსტუდიის" გუნდთან ერთად, პროფესიონალი ფოტოგრაფები ბატონი სერგო ედიშერაშვილი და ქალბატონი ლელი ბლაგონრავოვა არჩევდნენ.

"რაკურსის" 2018 წლის ფინალისტები გახდნენ:

1. ერეკლე სოლოღაშვილი - "მაგთიკომის" მიერ დაწესებული პირველი პრიზი - 5 000 ლარი (თემა "ამბავი");

2. თათო აბდუშელიშვილი - "მაგთიკომის" მეორე პრიზი - 3 000 ლარი (თემა "პორტრეტი");

3. ნინო გელაშვილი - "მაგთიკომის" მესამე პრიზის მფლობელი (გამოავლინეს "ფეისბუკის" მეგობრებმა) - 2 000 ლარი (თემა "რაკურსი");

4. გიორგი მექერიშვილი - "ნეოსტუდიის" პრიზი, ჟურნალ "მუდმივის" გამოცემაში სარეკლამო გვერდი ფოტოს განსათავსებლად (თემა "მარტივი კომუნიკაცია").

 ერეკლე სოლოღაშვილი: "ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კონკურსს აწყობდა "მაგთიკომი", რომელიც მეტად სანდოა ობიექტურობის თვალსაზრისით.

ფოტოგრაფია ჩემთვის ყველაფერია, პროფესიაც, ჰობიც და გართობაც. მოგებული თანხა ჩემს პროფესიულ განვითარებას ძალიან გამოადგება.

ჩემი ფოტო გადაღებულია თუშეთის სოფელ ფარსმაში, ფარსმის დღეობაზე, აქ უამრავი სანახაობაა და ერთ-ერთი არის დოღი, სადაც გადავიღე ჩემი კადრი".

 თათო აბდუშელიშვილი: "ფოტოგრაფიას ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. "რაკურსმა" შემმატა სტიმული და თავდაჯერებულობა იმისა, რომ მომავალში კიდევ მივიღო მონაწილეობა კონკურსებში და გავხდე უფრო წარმატებული.

ჩემი ნამუშევრით მინდოდა გადმომეცა მოლოდინისა და სიმშვიდის განცდა.

მოგებული თანხა ძალიერ წაადგება ჩემს პროფესიულ განვითარებას, რადგან შევიძენ ჩემი ოცნების კამერას".

 ნინო გელაშვილი: "ჩემთვის ეს კონკურსი იყო პირველი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. "მაგთისა" და "ნეოსტუდიის" პროექტი რომ იყო, ამან უფრო დამაინტერესა და გავბედე მონაწილეობის მიღება.

ფოტოგრაფია ჩემთვის პროფესიაა. იმედი მქონდა გამარჯვების, სამწუხაროდ, 1-ლი და მე-2 ადგილები ვერ მოვიპოვე, მაგრამ გავხდი საზოგადოების რჩეული, რაც ერთგვარი სტიმულია ჩემთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებული ვიყო".

 გიორგი მექერიშვილი: "ძალიან საინტერესო და წამახალისებელია ეს კონკურსი, ამიტომაც გავაგზავნე ჩემი ნამუშევარი. "რაკურსმა" მომცა დიდი სტიმული, გადავიღო ახალი კადრები სხვადასხვა თემატიკით და განვაგრძო ფოტოკონკურსებში მონაწილეობა.

ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ჩემი ფოტო გახდა "ნეოსტუდიის" გამარჯვებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ფოტო დაიბეჭდება ჟურნალ "მუდმივის" გაზაფხულის ნომერში და მას მთელი საქართველო ნახავს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი "მაგთისა" და "ნეოსტუდიას".

ეკა კეთილაძე - "ნეოსტუდიის" წარმომადგენელი: "ერთი წლის განმავლობაში "რაკურსის" 10 თემაზე ბევრი ძალიან კარგი, მაღალ დონეზე შესრულებული ფოტო შემოვიდა, რამაც გაართულა "ნეოსტუდიისთვის" არჩევანის გაკეთება, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდგომ ჩვენ ფავორიტ ფოტოდ ვაცხადებთ გიორგი მექერიშვილის ნამუშევარს თემაზე "მარტივი კომუნიკაცია". სწორედ ეს ფოტო დაიბეჭდება ჟურნალ "მუდმივი კავშირის სამყაროს" 2019 წლის საგაზაფხულო ნომერში".

სერგო ედიშერაშვილი - ჟიურის წევრი: "დამთავრდა 2018 წლის ფოტოკონკურსი "რაკურსი", რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართველ ფოტოგრაფებში. მინდა, ამ კონკურსის ორგანიზატორებს, "მაგთიკომსა" და "ნეოსტუდიას" მადლობა გადავუხადო.

კონკურსი ძალიან პოპულარული გახდა როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის, გვეკითხებიან, გაგრძელდება თუ არა "რაკურსი", მონაწილეობის მიღების სურვილი დიდია. ვფიქრობ, კონკურსი უნდა გაგრძელდეს, რადგან ის ხელს უწყობს ქართული ეროვნული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას. მსგავსი კონკურსები დიდ სტიმულს აძლევენ ახალგაზრდა, დამწყებ ფოტოგრაფებს.

თუ "რაკურსი" 2019 წელსაც გაგრძელდება, კონკურსანტებს ვურჩევდი მხოლოდ ერთს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით აარჩიონ გამოსაგზავნი ნამუშევრები".

ლელი ბლაგონრავოვა - ჟიურის წევრი: "ფოტოკონკურსი "რაკურსი" ჩემთვის არის მოგზაურობა საქართველოში. ეს იყო საოცარი გამოცდილება, დამწყები და პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ დანახული საქართველო, რომელიც ასეთი თავისებური ხედვით იყო გადმოცემული სხვადასხვა დავალების სახით. ეს იყო ამბავი, პორტრეტი, კავშირი და სხვა საკონკურსო თემა.

მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრმა, იყო უამრავი საინტერესო კადრი. უმძიმესი იყო ჩემთვის ამ ნამუშევრებიდან არჩევანის გაკეთება, გასათვალისწინებელი იყო ბევრი ნიუანსი, მაგალითად, პასუხობდა თუ არა ნამუშევარი დასახელებულ თემატიკას და ა.შ.

მადლობა მინდა გადავუხადო "მაგთიკომსა" და "ნეოსტუდიას", რადგან გამომიცხადეს ნდობა ამ საპასუხისმგებლო საკითხში და მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ძლიან მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი.

"მაგთიკომში" აცხადებენ, რომ კომპანია, ტრადიციულად, გააგრძელებს კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×