უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალის თემა შესაძლოა ქართულ ეკლესიაში ახალი დაპირისპირების საგანიც გახდეს
ეკატერინე ბასილაია
14.01.2019

 უკვე ერთ კვირაზე მეტია უკრაინის ეკლესია ოფიციალურად ავტოკეფალური გახდა და საქართველოს ეკლესიაში ამ საკითხზე ხმაურიანი განცხადებებიც იწყება უკრაინის მხარდამჭერთა ბანაკიდან.

მიუხედავად საპატრიარქოს ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციისა, რომ განცხადებას გააკეთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტომოსს წაიკითხავენ და საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილავენ, უკვე გამოჩნდნენ ეპისკოპოსები, მეუფე პეტრე, მეუფე იოსები და მეუფე გრიგოლი, რომლებიც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს.

უფრო მეტიც, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უკრაინის თემა არის წყალგამყოფი და საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს, სად წარმოუდგენია თავი - უკან წარსულში, რუსულ ორბიტაზე, თუ - ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე. ხოლო თუკი საქარველოს შეეშინდება და რუსულ ორბიტაზე აღმოჩნდება, ეს ქართული სახელმწიფოსთვისაც სავალალო იქნება და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.

მან ასევე სამწუხარო და არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება უწოდა ხელისუფლების მხრიდან კიევისთვის „ამ დიდი პროცესის" არ მილოცვას.

ვინ შეურთდება ამ სამ ეპისკოპოსს ღიად და შესაძლოა თუ არა, რომ უკრაინის თემის გამო სინოდში ახალი დაპირისპირებაც ვიხილოთ?

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ ორ პოლუსზე ლაპარაკი ძალიან პირობითია, პრორუსულობაზე ლაპარაკით იგრძნობა, რომ საეკლესიო სივრცეში რაღაც პოლიტიკური კონტექსტი გადმოდის.

მისივე თქმით, „არგუმენტები მრავლდება ორივე მხრიდან, იცვლება გარემოებები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები ჩნდება, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა".

„ჯერჯერობით არც ერთ ეკლესიას არ დაუფიქსირებია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დამოკიდებულება უკრაინის ახალ შექმნილ ეკლესიასთან დაკავშირებით. იყო რამოდენიმე განცხადება, უკიდურესად ნეგატიური, ადგილობრივი ეკლესიებისა, ეს იყო სერბეთის, ანტიოქიის. ელადის ეკლესიის სინოდმა ვერ მიიღო ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გადადო ეს საკითხი, ისევე როგორც გადადო ჩვენმა სინოდმა.

"საქართველოს ეკლესიის სინოდს რა პოზიციაც აქვს, ეს ეკლესიების უმრავლესობაში არსებულ განწყობებს ეთანადება. ასე, რომ ჩვენთან არაფერი განსაკუთრებული, პოლიტიკური ნიშნით პრორუსულობის მატარებელი არ ხდება. მაშინ იგივე წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ ანტიოქიის, ან ელადის ეკლესია არის პრორუსული,"- ამბობს ჯაღმაიძე „რეზონანსთან".

6 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი გადაეცა და უკვე ერთ კვირაზე მეტია ამ თემაზე განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებენ საპატრიარქო და ხელისუფლება. ხელისუფლება აცხადებს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

საპატრიარქოს ადმინისტრაციის თქმით, სინოდის სხდომაზე უნდა მოხდეს საკითხის განხილვა. როდის შეიკრიბება სინოდი, რომელშიც პატრიარქი და კიდევ 46 ეპისკოპოსი შედის, ჯერ უცნობია. მიუხედავად ამისა, უკვე გამოჩნდნენ ეპისკოპოსები, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. მეუფე გრიგოლამდე უკრაინას ავტოკეფალია მიულოცა შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა და მილოცვა „ფეისბუქში" დაწერა.

მანამდე ასევე იყო ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებაც, რომელიც თქმითაც, რომ უკრაინას, რომ არ მივულოცოთ, მაშინ რუსეთის ეკლესიას უნდა მიემსგავსო, რომელიც კაენის მდგომარეობაშია - ძმამ რომ შურით ძმა მოკლა".

კვირას კი მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას თქვა, რომ მართლმადიდებელ სამყაროში მიმდინარეობს ახალი, ანუ მეორე ცენტრის ჩამოყალიბება ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად და თუ საქართველოს ეკლესია ამ ახალი ცენტრის ორბიტაზე აღმოჩნდება, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის.

თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, უკრაინის ეკლესიის თემა ეს არის ერთგვარი ლაკმუსი და თუ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აირჩევს ჩრდილოეთის გზას, ჩვენ დაღუპვის გზას დავადგებით.

მისი ინფორმაციით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას 10-მდე ეპისკოპოსი უჭერს მხარს და თვლის, რომ კარგი იქნება თუ ეს ეპისკოპოსები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მისივე თქმით, ძალიან მიუღებელია პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეკლესიის გადაწვეტილებას დაელოდება.

„აგერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არის მაგალითი ყველა ქვეყნისთვის, რომელმაც უკრაინას უკვე მიულოცა ავტოკეფალიის მოპოვება. დღეს საქართველოში ყველა ერთ ადამიანს შეჩერებია, თუ რას გადაწყვეტს.

"ჩვენი მდგომაროება განსხვავებულია სხვა ეკლესიებისაგან, იმიტომ რომ, ჩვენ უკრაინის მსგავს მდგომარეობაში ვართ რუსეთის მხრიდან პოლიტიკურადაც და ეკლესიურადაც, ამიტომ ჩვენ გვმართებს პირველებმა დავაფიქსიროთ უკრაინის მხარდაჭერა.

"ეს საშური საქმეა. ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, ვშიშობ, საქართველოს ეკლესიამ რუსეთის მერე არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს კრეტის კრებიდან, როდესაც რუსეთმა გამოიყენა საქართველო და ბულგარეთი, ჯერ მათ ათქმევინა წასვლაზე უარი და შემდეგ არც თავად წავიდა. ვშიშობ, რომ იდენტური სიტუაცია შეიძლება მოხდეს უკრაინასთანაც", - ამბობს ბარნოვი.

თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილის განცხადებით, უკრაინის ეკლესიის აღიარების პროცესი დაახლოებით თვენახევარში დაიწყება და მნიშვნელოვანია ჩვენ დავასწროთ ყველა ეკლესიას და ვთქვათ, რომ უკრაინას ვუჭერთ მხარს.

მისი თქმით, მართლმადიდებელ სამყაროში საქართველოს ეკლესიას ყველა რუსულ ორბიტაზე მყოფად მიიჩნევს და სწორედ ამიტომაცაა ჩვენთვის პრინციპული, სხვა ეკლესიებს დავასწროთ „აღიარება" და ვთქვათ, რომ დამოუკიდებლები ვართ.

თეოლოგი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა დიდ პრობლემას ქმნის ქვეყნისთვისაც და ეკლესიისთვისაც. პირველი - გამართლდება აზრი, რომ ჩვენ სინოდში გადაწყვეტილებას იღებს არა ეპისკოპოსების უმრავლესობა, არამედ ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა, რამაც შესაძლოა სამომავლოდ მოგვიყვანოს რაიმე სახის განხეთქილებამდე, რაც შიდა საეკლესიო დიდი პრობლემაა. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს მეორე საეკლესიო ცენტრის შექმნას.

უკრაინის საკითხის განხილვის პარალელურად რუსეთმა მასობრივად დაიწყო საზღვარგარეთის ეპარქიებისთვის ახალი ეპისკოპოსების გამორჩევა, რომ ამ გზით საკუთარი იურისდიქციები განავრცოს მთელ მსოფლიოში და შექმნას მეორე , ახალი საეკლესიო ცენტრი, სადაც ის იქნება პირველი და ეს იქნება ე.წ. მესამე რომი. მეუფე გრიგოლი სწორედ ამ პროცესზე საუბრობს და თუ ჩვენ უკრაინას არ დავუჭერთ მხარს, ეს პრობლემა იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ, საკუთარ თავს ნელ-ნელა რუსეთის მიერ შექმნილ ახალი ცენტის წევრად დავაყენებთ და მთლიანად ჩამოვშორდებით დასავლურ სამყაროს,"- ამბობს ლურსმანაშვილი.

თეოლოგს მოლოდინი აქვს, რომ დიდია ალბათობა, საქართველოს ეკლესიამ რუსეთის მხარე დაიჭიროს, როგორც ეს მოხდა 2016 წელს, როცა კრეტის კრებაზე ცალსახად რუსეთის პოზიცია გაითვალისწინა და არ წავიდა.

„თუ ჩვენ თვენახევარში არ დავასწარით სხვა ეკლესიებს უკრაინის მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთიდან ველოდებით მითითებას, რა პოზიცია დავიჭიროთ,"- დასძენს ლურსმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×