დედაქალაქში ტყვიის წყაროების აღმოსაჩენად მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჯგუფი 20 ოჯახის საცხოვრებელ სახლში კვლევას უფასოდ ჩაატარებს. კვლევაში ჩართვა თბილისში მცხოვრებ იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, ვისაც შემოწმებისას სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა.
კვლევას მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჯგუფი ჩაატარებს. როგორც ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, კვლევის ჩატარება მომავალი კვირიდან დაიწყება და თებერვლის შუა რიცხვებამდე გასტანს.
„რეზონანსი": 20 ოჯახი, რომელთა საცხოვრებელ სახლებს შეამოწმებთ, რა პრინციპით შეარჩიეთ?
ე.ლ.: ეს ოჯახები თავად დაგვიკავშირდნენ. ისინი შერჩეული იქნა იმ პრინციპით, რომ აღებული აქვთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე და აღმოჩენილი არის ნორმაზე მეტი მაჩვენებელი. ეს ოჯახები ცხოვრობენ თბილისის სხვადასხვა რაიონში.
გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია აქვთ, ჩვენ გვინდა დავადგინოთ ის კერა, საიდანაც მოდის და გადავწყვიტეთ, რომ შევამოწმოთ სახლები. შევამოწმებთ ყველაფერს, ეს იქნება საღებავები, ჭურჭელი, სათამაშო თუ სხვა. ნივთებიდან სინჯები ავიღებთ და ლაბორატორიაზე შევამოწმეთ, რათა დადგინდეს ტყვიის კერა.
დღეს ვსაუბრობთ, რომ სახლში არის ტყვია, მაგრამ საიდან მოდის, ეს არ ვიცით. სწორედ ეს წყარო არის გასარკვევი, რათა გარკვეული ღონისძიებები გავატაროთ პრევენციისთვის.
„რ": თქვენ განაცხადაეთ, რომ კვლევაში ჩართვა სურვილისამებრ სხვა პირებსაც შეუძლიათ. როგორ უნდა ჩავერთოთ კვლევაში?
ე.ლ.: ჩვენ გვინდა სისხლის ანალიზის პასუხები, რომლითაც დადგენილია, რომ ადამიანს აქვს ტყვია. თუ ადამიანებს აქვთ ტყვია, იმ ოჯახში მივალთ. უბრალოდ ეს უნდა მოხდეს ახლო პერიოდში, სანამ კვლევა დასრულდება. 2 კვირაში უნდა შეგვეხმიანონ, რომ შევძლოთ მათთან მისვლა.
„რ": კვლევაში მხოლოდ თბილისში მცხოვრებლები ჩაერთვებიან?
ე.ლ.: დიახ, მხოლოდ თბილისში. ამ ეტაპზე, რეგიონებში ვერ ვახერხებთ, თუმცა იქაც არიან მსურველები, ბავშვებს იქაც მაღალი შემცველობა აქვთ სისხლში.
კვლევაში ჩართვა უფასოა, მაგრამ აუცილებელია სისხლის ანალიზი ტყვიაზე ოჯახის რომელიმე წევრს გაკეთებული ჰქონდეს და დადგენილი უნდა იყოს, რომ ტყვია აქვს.
კვლევაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაციას „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" დაუკავშირდნენ.
ინფორმაციისთვის, კვლევაში ჩართული არიან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", "მწვანე ალტერნატივა", „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი" და „ხარისხის ლაბორატორია". ასევე, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველოა".