დავით ჭიჭინაძე პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციას ტოვებს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, ეს ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნასთან არაა დაკავშირებული, რომელშიც სავარაუდოდ ჭიჭინაძეც მოიაზრება.
„ახალი ფრაქციის შექმნა არ განიხილება. ვინც არიან, ყველა უმრავლესობისა და ფრაქციის წევრები არიან. პრობლემას შიგნით ებრძვიან და თუკი შეუძლებელი გახდება, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჯერჯერობით არ არის განწყობა, რომ ვინმე სადმე წავიდეს. სამუშაო ჯგუფებს ქმნიან, სხვადასხვა შეხვედრებს ატარებენ, რომ ებრძოლონ ამ უსამართლობას შიგნიდან," - აღნიშნავს უფრაქციოდ დარჩენილი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
იგი „პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციას დატოვების შესახებ ოფიციალურ განცხადებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე მმმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაც უნდა გაიმართოს, სადაც ბესელიასა და მისი თანამოაზრეების პარტიაში დარჩენა-არდარჩენის საკითხის განხილვა მოხდება.
ჭიჭინაძის თქმით, თუკი ბესელიამ „ქართული ოცნება" დატოვა, მასთან ერთად პარტიიდან ბევრი წავა.
„თუ არ იქნა ეს (მოსამართლეთა) სია გაწვეული და ახალი კრიტერიუმები შერჩეული, ამ მოსამართლეების დანიშვნა კი მოხდა, არ მგონია, რომ მარტო ეკა ბესელიამ დატოვოს ფრაქცია. ალბათ, ბევრი დატოვებს კიდევ.
„ბევრი ისეთი რამ არის, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი. მეც მათ გვერდში ვდგავარ და იმედია ისინიც დადგებიან ჩემ გვერდით, მაგრამ ამისთვის ფრაქცია სულ არ არის საჭირო, დამოუკიდებელ დეპუტატებსაც შეგვიძლია ძალიან კარგად ერთმანეთთან ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება," - აღნიშნა ჭიჭინაძემ.