ტატა შოშიაშვილი
15.01.2019

 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდა. 2019 წლის 1 იანვრიან 15 იანვრამდე არსებული ოფიციალური მონაცემებით, ჯამში 21 276 მანქანაა შემოწმებული, რომელთა დაახლოებით 50%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, რის მიზეზადაც ხშირად მაშუქი ფარების, საქარე მინის გაუმართაობა და სხვა ვიზუალური დეფექტები სახელდება.

„რეზონანსთან" საუბრისას, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში შემოწმებული ავტომობილების თითქმის ნახევარი გაუმართავი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ვერ გაიარა შემოწმება. ძირითადად მიზეზებს, რომელთა გამო ავტომობილები ვერ ახერხებენ შემოწმების გავლას, ხშირად ვიზუალურადაც ჩანს და მათი გამოსწორებაც შესაძლებელია:

„პირველ ყოვლისა, არის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზებია - მაშუქი ფარები, საქარე მინა, საბურავები. სწორედ ამ მიზეზებით ხდება ავტომობილების პირველადი დახარვეზება. ეს არის მიზეზები, რომელიც შესაძლოა მძღოლმა თვითონაც ნახოს და პირდაპირ ცენტრში არ მიიყვანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამას ყურადღება მიაქციონ.

„გარდა ამისა, დახარვეზების მიზეზი შეიძლება გახდეს უსაფრთხოების ღვედები, აირბაგიც წესრიგში უნდა იყოს, დანარჩენი - მუხრუჭები, გამონაბოლქვი და მაშუქი ფარები ადგილზე მოწმდება ინსპექტირების ცენტრში", - აღნიშნა ვაჟა იორდანაშვილმა.

აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით შემოწმებული 21 276 მანქანიდან გამართული მხოლოდ 11 666-ია, დახარვეზებული 9 613, გზაზე მოძრაობა აეკრძალა 75 ავტომობილს. 4 974 მანქანას განმეორებითი შემოწმება სჭირდება, რომელთაგან 189 განმეორებითზეც დახარვეზდა.

რაც შეეხება M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, ჯამში 16 728 მანქანაა შემოწმებული, რომელთაგან 9 220 აღმოჩნდა გამართული, ხოლო დახარვეზებული კი 7 461. აქედან 33 მანქანის მოძრაობა გზაზე საერთოდ დაუშვებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება განმეორებითი შემოწმების საჭიროების მქონე ავტომობილებს, მათი რაოდენობა 3 649-ია, ხოლო განმეორებით დახარვეზებულების კი 121.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ, რეგიონების მსგავსად, შემოწმებული ავტომობილების დაახლოებით ნახევარმა თბილისშიც ვერ შეძლო ტექდათვალიერების გავლა:

„თბილისშიც ანალოგიური მაჩვენებელია, შემოწმებული დაახლოებით 10 000 მანქანიდა ნახევარმა ვერ შეძლო ტექდათვალიერების გავლა", - ამბობს იორდანიშვილი.

ბათუმის ინსპექტირების ცენტრის, შპს „გივა"-ს ხელმძღვანელის გიორგი კენჭაძის განცხადებით, დღეში დაახლოებით 100-მდე მანქანა გადის შემოწმებას, რომელთაგან, ფაქტობრივად, ნახევარი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს:

„შემოწმებას ვერ გადიან უმეტესად ის მანქანები, რომელთაც განათება აქვთ მოუწესრიგებელი. შემდეგ მოდის მანქანები, რომელთაც სამუხრუჭე სისტემა აქვს გაუმართავი და შემდეგ კი უკვე სხვადასხვა დარღვევები.

„ჩემთან დაახლოებით 100 მანქანა მოწმდება დღეში, რომელთაგან 40-50 ვერ გადის დათვალიერებას. გარდა ამისა, თუ მანქანას ეტყობა, რომ ვერ გაივლის შემოწმებას, წინასწარ ვეუბნებით მძღოლს და თუ თვითონ გადაწყვეტს, რომ უნდა შემოწმება ამოწმებს, თუ არა და - მიდის", - დასძინა კენჭაძემ.

რუსთავის ინსპექტირების ცენტრის, შპს „დარე"-ს ხელმძღვანელის კორნელის გუგენიშვილის თქმით, ერთ კონკრეტულ მიზეზს იმისა, თუ რატომ ვერ გადიან ავტომობილები შემოწმებას, ვერ დაასახელებს, რადგან სხვადასხვა დარღვევები იჩნეს თავს შემოწმებისას:

„კონრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით, სხვადასხვა მიზეზებია. არის მუხრუჭების პრობლემა, არის გამონაბოლქვის პრობლემა, ასევე ვიზუალური მხარე და ა.შ. რაც შეეხება შემოწმებული ავტომობილების რაოდენობას, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შემიძლია იმის თქმა, რომ დაახლოებით ნახევარი შემოწმებას ვერ გადის", -განაცხადა კორნელი გუგენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×