ეკატერინე ბასილაია
15.01.2019

 „ვანო ზარდიაშვილი ჩინჩალაძის ნათელ-მირონია. ასევე ამ კლანს მეგობრული ურთიერთობა აქვს მამუკა მდინარაძესთან და ჩინჩალაძის კურსელია ირაკლი კობახიძე. დავით მათიკაშვილი, რომელიც ახლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, მისი მეუღლეც 2017 წელს დაინიშნა მოსამართლედ. ეს არის შეკრული ქსელი და ამ ადამიანების მეშვეობით მმართველი პარტია ცდილობს გავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემაზე," - აცხადებს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

„რეზონანსი": უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სიის გამო ხმაური არ ცხრება. პრობლემად სახელდება კრიტერიუმებიც და თავად სიის შემადგენლობა. თქვენთვის მთელი ამ პროცესის მთავარი პრობლემა არ არის?

ეკა გიგაური: მთავარი პრობლემა არის ის მოცემულობა, რაშიც ვართ დღეს. ჩვენ გვაქვს სასამართლო, სადაც ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ და ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ სს დანაშაულსაც სჩადიოდნენ, ეს ადამიანები განსაკუთრებით გაძლიერდნენ სასამართლო სისტემაში, მათ შექმნეს ე.წ. კლანი და დღეს ამ კლანის ხელშია ყველაფერი. მათ შეუძლიათ ნებისმიერი მოსამართლე დანიშნონ, დააწინაურონ, ან გაუშვან სამსახურიდან, ასევე დაიწყონ ამ მოსამართლეების დისციპლინური დევნა, ასევე დანიშნონ სასამართლოს თავმჯდომარეები და ასე შემდეგ.

ეს მოხდა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება" ჩვენს კანონმდებლობას ცვლიდა ისე, რომ ამ კლანს რეალურად კანონითაც მიენიჭა ძალიან დიდი უფლებები. ზუსტად ამიტომ ამ ყველაფერმა შეუწყო ხელი იმას, რომ ამ კლანმა სასამართლოში უვადოდ გაამწესა იგივე მოლაშვილს საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე მურუსიძე, ასევე ჩინჩალაძე და ასე შემდეგ.

ის, რომ ეს ადამიანები დღეს სასამართლო სისტემაში იმყოფებიან, ეს ყველაფერი გაკეთდა იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც „ოცნება" სასამართლოსთან მიმართებაში ატარებდა. ვისაც წინა ხელისუფლების დროს ვაკრიტიკებდით, დღესაც იგივე ადამიანებზე ვსაუბრობთ და ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვიცილეთ ეს ხალხი.

დღეს ეს ადამიანები კარნახობენ პარლამენტს, ვინ უნდა გამწესდეს უზენაეს სასამართლოში. თუკი ისინი ძლიერები იყვნენ პირველ და მეორე ინსტანციაში, დღეს მთლიანად ზემდგომი ინსტანციის ხელში ჩაგდება უნდათ.

ამას ვერ მოახერხებდნენ, მათ „ოცნებიდან" კონკრეტული პირების მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდათ. „ოცნებაში" არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან, კონკრეტულად ჩინჩალაძესთან და ასე აორგანიზებენ ამ პროცესს, რომ ერთის მხრივ ეს კლანი კიდევ უფრი გაძლიერდეს და მეორეს მხრივ, ამ კლანის დახმარებით მოიპოვონ სასამართლოზე გავლენა.

ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ჩინჩალაძიე-მურუსიძის კლანი სასამართლოდან უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში, როგორი კანონებიც არ უნდა მივიღოთ, ჩვენს სასამართლოს არაფერი ეშველება.

მეორე მოთხოვნა კი უკვე კრიტერიუმების გაწერას უკავშირდება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში. თუმცა პირველი რიგის ამოცანა მაინც ამ ადამიანების სისტემიდან წასვლაა.

„რ": არასამთავრობო სექტორი ხშირად ახსენებს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს და მიქაუტაძეს - 3-4 გვარს, თუმცა, საინტერესოა სულ რამდენი ადამიანია ე.წ. კლანის წევრი, ვინც, თქვენი შეფასებით, არ შეიძლება იყვნენ სასამართლო სისტემაში?

ე.კ.: როდესაც კლანზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ დაახლოებით 20 მოსამართლეზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ჩარეული სხვადასხვა საქმეებში, იგივე გირგვლიანის, მოლაშვილის, ასევე „ოცნების" მილიონობით დაჯარიმების, ასევე ნაცემი პოლიტიკური აქტივისტების პატიმრობაში გაშვების საქმეებზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი 9 მოსამართლიდან 8 ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან და პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდებიან მას. მაგალითად ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია და სერგო მეთოფიშვილი 2004-2007 წლებში მუშაობდნენ მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, როდესაც ჩინჩალაძე მუშაობდა აქ და სწორედ ჩინჩალაძის გავლენით მოხდა მათი გამწესება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ასევე თამარ ონიანი იყო ჩინჩალაძის რეფერენტი უზენაეს სასამართლოში და მისი მეუღლე ჩინჩალაძის მეჯვარეა. ასევე დიმიტრი გვრიტიშვილი 2007-2008 წლებში უზენაეს სასამართლოში მუშაობდა ჩინჩალაძის თანაშემწედ. გიორგი მიქაუტაძე 2010 წელს იყო უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი, როდესაც ჩინჩალაძე მუშაობდა უზენაეს სასამართლოში. ირაკლი ბინდარენკო და რევაზ ნადარაია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, რომელთა თავმჯდომარეც იყო ჩინჩალაძე.

ამ ადამიანმა მოახერხა, რომ თავის ხალხი მოეთავსებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აღარ ვსაუბრობ სხვა მოსამართლეებზე, რომლებიც ასევე უკავშირდებიან მას იმითაც, რომ ძალიან დიდი ერთგულება გამოიჩინეს და იბრძვიან ამ კლანის გადარჩენისთვის.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეომასალა გვქონია აქამდე, სადაც ამ კონკრეტული მოსამართლეების საქმეებზე ვსაუბრობთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს მართავენ სასამართლო სისტემას და რომლებსაც ჩინჩალაძის მეშვეობით კავშირები აქვთ „ოცნებასთან".

„რ": „ოცნებიდან" კონკრეტულად ვინ ლობირებს ამ კლანს?

ე.გ.: მაგალითად, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ჩინჩალაძის ნათელ-მირონია. ასევე ამ კლანს მეგობრული ურთიერთობა აქვს მამუკა მდინარაძესთან და ჩინჩალაძის კურსელია ირაკლი კობახიძე. დავით მათიკაშვილი, რომელიც ახლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, მისი მეუღლეც 2017 წელს დაინიშნა მოსამართლედ. ეს არის შეკრული ქსელი და ამ ადამიანების მეშვეობით მმართველი პარტია ცდილობს გავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემაზე.

2012 წლამდე ყველას გვქონდა მიზანი, რომ სასამართლო გაწმენდილიყო ისეთი მოსამართლეებისგან, რომლებიც ემსახურებოდნენ პოლიტიკურ პარტიას. მოსამართლეები ნაწამებ ადამიანებს ხედავდნენ და ერთ კითხვას არ უსვამდნენ - სად აწამეს. ასეთ მოსამართლეებზეა საუბარი. ახლა კი ვსაუბრობთ რაღაც ზედაპირულ კრიტერიუმებზე, რომლის აღსრულება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური ნება იქნება.

„ქართულმა ოცნებამ" უნდა მოინდომოს, რომ ჩვენ სასამართლოში ღირსეული მოსამართლეები იყვნენ. ასეთი მოსამართლეები ჩვენს სასამართლო სისტემაში არიან და ამ 20 მოსამართლის გამო ილანძღებიან. ამიტომ ეს 20-მდე მოსამართლე სისტემიდან უნდა წავიდეს. საშუალება მივცეთ სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც კეთილსინდისიერად მუშაობა შეუძლიათ და ასევე მივიღოთ ახალი მოსამართლეები - ესაა სამოქალაქო სექტორის მოთხოვნა.

სხვა შემთხვევაში ეს მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნულები და სასამართლოში რეფორმა სულ ცოტა 20 წლით გადაიდო საქართველოში, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

„რ": რა მოლოდინი გაქვთ, უმრავლესობა ჩააგდებს 10-კაციან სიას?

ე.გ.: მგონია, რომ ეს სია იყო სათადარიგოდ შექმნილი, რომ უზენაეს სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ჰქონოდა გავლენა. თუ ეს სია ჩავარდება, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება და გაბათილდება დამოკიდებულება, რომ ეს კლანი ხელშეუხებელია. თუმცა, არ ვიცი რა მოხდება.

„რ":შესაძლოა მივიღოთ ის, რომ სათადარიგო 10 კაცი არ დაინიშნოს, მაგრამ დარჩნენ კლანის მთავარი ფიგურები - ჩინჩალაძე და მურუსიძე, რომლებიც უვადოდ გამწესდნენ?

ე.გ.: ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ეს ადამიანები წავიდნენ სისტემიდან. ეს შესაძლებელია საზოგადოების ზეწოლის შედეგად და იმ შემთხვევაში, თუ ამ კლანის ზურგი არ იქნება გამაგრებული „ოცნების" ზოგიერთი ლიდერის მიერ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×