ზოგან თანამშრომლებს ხელშეკრულება შეუცვალეს, ზოგან შემცირებები დაიწყეს
თამარ მუკბანიანი
16.01.2019

 კერძო ბიზნესი საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული 2%-ის გადახდას არ აპირებს. დამსაქმებლები ამას კანონის გვერდის ავლითი გზების გამონახვით ახერხებენ. კომპანიების ნაწილმა დასაქმებულებს ხელშეკრულების ფორმა შეუცვალა და თავი ასე აარიდა დამატებით ხარჯს. ზოგან თანამშრომლებს შეუთანხმდნენ, რომ აღნიშნული 2%-ის გადახდას მათ დააკისრებენ. პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ მთავრობა ასეთი ფაქტების წინაშე უძლურია.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში, პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდა 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისათვის, 40 წელს ზემოთ გადაცილებულთათვის კი სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა პირველი სამი თვე აღნიშნული კატეგორიაც ვალდებულია, სისტემაში ჩაერთოს. შედეგად, ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა უშუალოდ მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს, 2%-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება.

სწორედ ამ კომპონენტთან დაკავშირებით გამოიკვეთა პრობლემა. დამსაქმებელთა ნაწილმა თანამშრომელებს უკვე დეკემბრის ბოლოს განუცხადა, რომ ისინი ზედმეტ ხარჯს არ გაიღებენ. ამიტომ ან დააკლებენ საერთო ხელფასს, რათა 2-პროცენტიანი ტვირთი მოეხსნათ, ან რამდენიმე თვეში სამსახურებში შემცირებები დაიწყება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ნორმა შარშან შევიდა და "დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ" კანონთან ერთად ამოქმედდა. საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თვითდასაქმებულის დაჯარიმებასაც, თუმცა ვინ და რა მექანიზმით გააკონტროლებს და მოხერხდება თუ ვერა დამსაქმებლების მიერ კანონის გვერდის ავლის გაკონტროლება, ჯერ უცნობია. ეს პრობლემა მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და იმ ადამიანებს არ ეხებათ, რომელთა სამსახურის მესვეურებმა კეთილი ნება გამოხატეს და არათუ უარი თქვეს მათი წილი 2 პროცენტის გადახდაზე, არამედ თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს, რათა რეფორმაში შესატანი მათი წილი აენაზღაურებინათ.

"საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერად ჩვენ გადავწყვიტეთ, 1-ლი იანვრიდან ხელფასების, საშუალოდ, 5%-ით გაზრდა", - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქის-ის გენერალურმა დირექტორმა გია პეტრიაშვილმა განაცხადა. მიზეზად დაგროვებითი სისტემის ამოქმედება დაასახელა. ცხადია, ეს გამონაკლისი შემთხვევაა. ისინი კი, ვინც ბედნიერ გამონაკლისთა შორის არ არიან, საკუთარი ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებენ, რათა სამსახურში პრობლემებს თავი აარიდონ.

რესპონდენტი, რომელიც ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს, ჰყვება, რომ დამსაქმებელმა უკვე უთხრა, რომ ისედაც საკმაოდ კარგი ხელფასი აქვთ და დამატებით ხარჯს აღარ გაიღებს.

"დეკემბრის დასაწყისში თათბირზე გვითხრეს, ისედაც საკმაოდ მაღალია თქვენი ხელფასი, ეს ორ-ორი პროცენტი ყველა თანამშრომელზე ზედმეტ ტვირთად დაგვაწვება და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ხელფასის შემცირება მოგვიწევს ამ ორი პროცენტით და ისე გამოვა, რომ არ ვიზარალებთ არც ჩვენ და თქვენც დიდად არ შეგეტყობათო. სინამდვილეში გამოდის, რომ მე 4 პროცენტის გადახდა მომიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემაში ჩართვას საერთოდ არც კი ვიფიქრებდი, ნებაყოფლობითი რომ იყოს", - განუცხადა იმ დასაქმებულმა "რეზონანსს", რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა გასაგები მიზეზების გამო.

დამატებითი ხარჯის გაღებას რომ არ აპირებს, თანამშრომლებს უკვე განუცადა ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც. მათი თქმით, ხელფასის კლებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა განუცხადეს, რომ იძულებულნი არიან, სახელმწიფოს გადაწყვეტილება აღასრულონ, ამიტომ კომპანიაში რამდენიმე თვეში ოპტიმიზაცია დაიწყება.

"რეზონანსი" დაუკავშირდა საპენსიო სააგენტოს, სადაც ამბობენ, რომ თუკი მოქალაქეს მსგავსი პრობლემა შეექმნება, უნდა მიმართოს სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდება რეაგირება.

"დამსაქმებელი, როცა პირდაპირ აარიდებს თავს გადახდას, ამ შემთხვევაში დამაჯარიმებელი ორგანო შემოსავლების სამსახურია. რაც შეეხება კანონის გვერდის ავლას, რეფორმის გამო ხელფასის შემცირებას ან ამ მიზნით დაგეგმილ ოპტიმიზაციას, დასაქმებულმა უნდა მოგვმართოს განცხადებით და ჩვენ გვექნება რეაგირება მსგავს საკითხებზე. ჯერჯერობით ასეთი ფაქტებით არავის მოუმართავს", - აცხადებენ სააგენტოში.

ის, რაც უცნობია საპენსიო სააგენტოსათვის, კარგად უწყიან "სოლიდარობის ქსელში". ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე "რეზონანსთან" რამდენიმე ხერხს ასახელებს, რომლებიც ბიზნესმა გამონახა საპენსიო გადასახადის თავიდან არიდების მიზნით. ერთ-ერთია ის, რომ დასაქმებულებს, შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად, მომსახურების ხელშეკრულებას უფორმებენ.

"ნებისმიერი შრომითი ურთიერთობა ეხება შრომის ხელშეკრულებას, მათ შორის - საპენსიო სისტემის 2-2%-საც. ამიტომაც კომპანიების ნაწილმა იპოვა ასეთი გზა, რათა არ გადაიხადოს დამატებითი თანხა - დასაქმებულებს უდებენ მომსახურების ხელშეკრულებას, რომლითაც არ მოუწევთ ამ ხარჯის გაღება კომპანიებს. კანონი ძალიან ბუნდოვანია, როდისაა ადეკვატური შრომის ხელშეკრულება და როდის მომსახურების, ამიტომ დავა იქნება რთული.

მაგალითისათვის ამ გზას დაადგა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია "კარფური", რომელმაც კონსულტანტები და სხვა პერსონალი გადაიყვანა მომსახურების ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია მათ საპენსიო შენატანს აღარ უხდის.

სახელმწიფო როგორ გააკონტროლებს ამას, ძალიან ბუნდოვანია. წესით, შრომის ინსპექციას უნდა დაევალოს, თუმცა მათ ჯერჯერობით არავითარი რეალური მექანიზმი არ აქვთ. გამოდის, სახელმწიფო ამ საკითხში აღმოჩნდა მოუმზადებელი რეფორმისათვის. ამიტომაც, დასაქმებულმა უნდა მიმართოს პროფკავშირებს, მოგვმართოს ჩვენ, "თბილისის სოლიდარობის ქსელს" და ყველა სამართლებრივი საშუალებითა და პროტესტის ფორმით ვეცდებით, დავეხმაროთ.

რაც მთავარია, მოქალაქეებმა კარგად უნდა წაიკითხონ, რაზე აწერენ ხელს. ხომ არ სთავაზობენ შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად, მომსახურების ხელშეკრულებას", - აცხადებს "რეზონანსთან" სოფო ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×