„ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანიდტები შესაძლოა სასამართლო სისტემის გარეთ მოძებნოს. თუმცა გუნდში ამ საკითხზე მზაობა რამდენად იქნება ჯერჯერობით, უცნობია. ამ ეტაპზე ამის შესახებ მხოლოდ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილი გამოთქვა მზაობა. მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით არ უნდა ვეძებოთ და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მოსამართლეები სასამართლო სისტემის გარეთაც მოვძებნოთ, რათა უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ.
იურისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ჩუგოშვილის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მისი ინიციატივა რელობაში რამდენად განხორციელდება რთული სათქმელია. მათი აზრით, სასამართლო სისტემა კლანური მართველობის შედეგად იმდენად ჩაკეტილია, რომ გარედან მოსამართლეების მიყვანა მხოლოდ ჩუგოშვილის სურვილით ვერ მოხდება და ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.
„კარგი იქნება, თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მაქსიმალურად ფართო ველზე დაიწყება. ჩვენ გვყავს ღირსეული მოსამართლეები, გვყავს ღირსეული ყოფილი მოსამართლეები, გვყავს ძალიან კარგი იურისტები მათ შორის აკადემიურ წრეებში. ჩემი აზრით, მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ უნდა ჩაიკეტოს და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მოსამართლეები სისტემის გარეთაც მოვძებნოთ და უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩიგოშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან დაინტერესებული მოსამართლეების შერჩევის პროცედურა როგორ წარიმართება. ვიცე-სპიკერი ელოდება, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან რამდენიმე ვერსია იქნება.
„ველოდები, რომ სხვადასხვა დაინტერესებული პირებიდან შემოთავაზებული იქნება იდეები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმები და რა პროცესი უნდა გაიაროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ მოსამართლეთა კანდიდატები შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. წელიწადზე მეტია, რაც სამუშაო ჯგუფი არსებობს. მას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ამ ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს თანამშრომლობა და ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა ის იდეა და ვერსია შევაჯეროთ, რაც პარლამენტისთვის იქნება წარმოდგენილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა იანვრის ბოლომდე გაიმართება.
ჩუგოშვილის ინიციატივას იურისტები „რეზონანსთან“ აფასებენ და ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი საკითხია. ამიტომ სასამართლოს წევრების შერჩევა ყველა წრეში უნდა მოხდეს, სადაც განსაკუთრებული ცოდნის და კვალიგფიკაციის იურისტები საქმიანობენ.
იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ძალიან ბევრი მაღალი კვალიფიკაციის და განსაკუთრებული ცოდნის იურისტები გვყავს. მისი აზრით, ჩუგოშვილის განცხადება ზუსტად დროულია, რადგანაც სინდისიერი და ავტორიტეტული იურისტების ძიება ყველა სფეროში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.
მუხაშავრიას თქმით, ზოგიერთი დეპუტატის განცხადებების მიხედვით კარგად ჩანს, რომ მმართველ გუნდში ამ მოსამართლეების მიმართ დიდი უკმაყოფილებაა. თუმცა ამ კლანურ მმართველობას რამდენად დაამარცხებენ, ეს უკვე რთული სათქმელია.
„ეს სია პირადად ბიძინა ივანიშვილისაა და კარგად ჩანს, რომ გუნდში დეპუტატების უმრავლესობას ეს მოსამართლეები გულზე სულაც არ ეხატება. „ოცნების“ შიგნით მოსამართლეების თემა უბრალოდ საბაბია, რათა ერთმანეთის შიგნით დამარცხება და ძალთა გადანაწილება მოხდეს.
„ვხედავთ, რომ სამოქალაქო და მედიის აქტიურობა თავისას შვება და მმართველი გუნდის დეპუტატებიდან უკვე ვხედავთ მზაობას, რომ მოსამართლეების შერჩევა საზოგადოების სხვადასხვა წრეებიდან მოხდეს, რადგანაც იქ არსებული კლანი უკვე სახელმწიფოებრივად დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
„ხელისუფლებას ყველამ უნდა ვუთხრათ, რომ არ ვართ თანახმა სასამართლო სისტემას მხოლოდ ერთი პირი აკონტროლებდეს. თუ უზენაეს სასამართლოს 10 მოსამართლეს ივანიშვილი თავისი შეხედულების მიხედვით დააკომპლექტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასამართლოს სრულიად გააკონტროლებს. ამისთვის აუცილებელია, რომ საუკეთესო იურისტები შეირჩნენ, რომლებიც პირვლ რიგში საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდნენ“, - აცხადებს ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილი არ უნდა იყოს და საქართველოს სასამართლო სისტემის პრობლემა წლების განმავლობაში სწორედაც ეს არის. მშვენიერაძის თქმით, სწორედ ამ ჩაკეტილობის მიზეზია, რომ იუსტიციის საბჭო კლანური მმართველობის ხელში მოექცა და ისინი მათთვის უცხო ადამიანებს, როგორი პროფესინალიც არ უნდა იყოს, სასამართლო სისტემაში არ უშვებენ.
„ჩვენს სასამართლო სისტემაში უკვე წლებია კლანური მმართველობაა. ჩუგოშვილის სურვილი რამდენად არის გუნდთან თანხვედრაში, არ ვიცი, მაგრამ ამ სისტემის გაჯანსაღებისთვის ყველა წრიდან კვალიფიციური იურისტბის მობილიზება რომ უნდა მოხდეს, ფაქტია. სხვაგვარად სასამართლო სისტემას არაფერი ეშველება.
„ყველა ის მოსამართლე, რომელიც ამ კლანს არ ემორჩილებოდა და პოლიტიკურ დაკვეთებს არ ასრულებდნენ, სასამართლოდან განდევნილია. ბუნებრივია, რომ სასამართლოს გაჯანსაღება თუ გვინდა, იქ გარედან უცხო და კარგი ავტორიტეტის მქონე მოსამართლეები უნდა შევიყვანოთ, მაგრამ რამდენად დათმობს იქ კლანი ამ მმართველობას, ძალიან რთული სათქმელია.
„ძნელი შესაფასებელია თავად „ოცნებაშიც“ ჩუგოშვილის მოსაზრებზე ერთიანი აზრი რამდენად იქნება. ვხედავთ, რომ მოსამართლეების შესარჩევ სამუშაო ჯგუფში ეს კლანი სრულად არის წარმოდგენილი. ასევე არიან წარმოდგენილი დომინირებული კანდიდატები - ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე. ამავდროულად 50 კაციან სამუშაო ჯგუფში მხოლოდ ერთი ადგილია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლისთვის გამოყოფილი. როდესაც საუბარი სასამართლოს გახსნილობას ეხება, მმართველი გუნდი ამას რელურად გაურბის.
„უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კობახიძე იყო ის პირი, რომელიც ამ 10 კაციანი სიის პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებას ლობირებდა. ის ამ ადამიანებს ხვდება და მათთან ერთად ახალი სიის შედგენის კრიტერიუმებზე მსჯელობს. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი შედეგებს ვერ მოიტანს“, - აცხადებს მშვენიერაძე „რეზონანსთან“.