ორი დღეა, მცხეთის ჯვრის მონასტრის შესასვლელი დაკეტილია და არავინ იცის, როდის გააღებს კარიბჭეზე დადებულ დიდ ბოქლომს ტაძრის წინამძღვარი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან სუვენირებითა და სხვა ნივთებით მოვაჭრე ადგილობრივები გაყარონ.
ორი დღეა, ხელისუფლება ტაძრის წინამძღვარ კონსტანტინე ჭინჭარაულთან მოლაპარაკებას ცდილობს, რომ ბოქლომი გახსნას, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ. ხელისუფლებიდან არავის აქვს პასუხი, როდის გაიხსნება ტაძრის შესასვლელი. უფრო მეტიც, ადგილზე მისულ მცხეთის მერს წინამძღვარი არც შეხვდა.
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს გაუგებრობაა, რომელიც მალე მოგვარდება და ვაჭრობის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა.
მედიასთან კომენტარს აკეთებს მხოლოდ ტაძრის წარმომადგენელი ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომლის თქმითაც, წინამძღვარი თვლის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ განლაგებული დახლები იერსახეს ამახინჯებს და ასევე ამ ვაჭრობის გამო არის დიდი ანტისანიტარიაც.უკმაყოფილებას არ მალავენ ადგილობრივები, რომლებიც აცხადებენ, რომ მღვდელს ასეთი მნიშვნელოვანი ტაძრის დაკეტვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. გარემოვაჭრეების თქმით, დიდი ხანია, ტაძრის წინამძღვარს მათი აყრა სურს, მიზეზი კი ფულია - მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა თავად ეკლესიას სურს. ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
ადგილზე მოსალაპარაკებლად მისული მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ გარემოვაჭრეები არ იმყოფებიან ავტომობილების სადგომზე და არავის უშლიან ხელს. ამასთან, მისი თქმით, მას სასულიერო პირებთან ჰქონდა შეთავაზება, რომ თავად მიიტანდა კეთილმოწყობილ დახლებს, დახლები უკვე დამზადებულიცაა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო და აცნობეს, რომ თუკი გარემოვაჭრეების პრობლემა არ მოგვარდება, კარიბჭე არ გაიხსნება.
"მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს, თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას", - ამბობს კაპანაძე.
მისი თქმით, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მისთვის მიუღებელია.
"აგერ ვარ, მოვიდეს მამა კონსტანტინე და გავაგებინოთ ხალხს, რატომაა დაკეტილი ტაძარი... მოვედი, რომ იქნებ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მონასტრის დაკეტვა ყველასთვის მიუღებელი იქნება. მე ვერ გამოვიყვან იქ მყოფ ადამიანებს და ხელებს ვერ გადავუგრიხავ მათ, ვინც ამინდის მიუხედავად, ვაჭრობენ, რათა არჩინონ ოჯახები. მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს და ახლა გარევაჭრობის გამო მონასტრის დაკეტვა არ არის კარგი აზრი", - ამბობს კოპაძე.
ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზების განსამარტად განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომ. განცხადების თანახმად, მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა.
"მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა", - წერია განცხადებაში, თუმცა მითითებული არ არის, როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას.
ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით ტურისტებისა და მომლოცველებისათვის მონასტრის წინამძღვარ კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. მე-6 საუკუნის ძეგლის მთავარ შესასვლელს ორი დღეა, დიდი ბიქლომი ადევს და მის მოსანახულებლად ტურისტებს შემოვლითი გზით მისვლა და ღობეზე გადაძრომა უწევთ.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ იქ არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემა და მონასტრის წინამძღვარი ამ პრობლემის დარეგულირებას ითხოვს, თუმცა როდის გაიხსნება ტაძარი, ამაზე პასუხი არ აქვს.
რატომ არ თანხმდება ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მერიიდან დახლების დადგმას, ამ კითხვის პასუხად ჯაღმაიძე ამბობს, რომ "დეტალები არ იცის".
"მე დეტალები არ ვიცი, მცხეთის მერის განცხადებისათვის არ მიმიდევნებია თვალი... იქ შეიძლება დაძაბულობის ნიადაგზე ათასი რამ ითქვა, მაგრამ დაველოდოთ ცოტა ხანს... ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ძირითადი პრობლემის არჩევა და გადაწყვეტა, რომ იქ გარემო ისეთი იყოს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ისეთი მნიშვნელობის კულტურული და საეკლესიო ნაგებობისათვის, როგორიც ჯვრის მონასტერია...
"თუკი ეს ყველაფერი (გარევაჭრობა) ამახინჯებს იქ ყველაფერს, რა გავაკეთოთ?! ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაც ფორმა უნდა მიეცეს. თქვენ ხომ გესმით, რომ ჯვრის მონასტერი ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია, ამიტომ იქ შესაბამისად უნდა იყოს გარემო.
"სასურველია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გახსნა. საპატრიარქო ცდილობს, რომ ორმხრივად მოხდეს შეთანხმებამდე მისვლა. ეს მონასტერი წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და როგორც მათ განცხადებაში წავიკითხეთ, დაკეტვა მოხდა იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიექციათ.
"ძალიან სამწუხაროა, რომ დაკეტილია ტაძარი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ იქ გარშემო ასეთი მდგომარეობაა. წარმოგიდგენიათ, რომ ამდენი დახლები იყოს იქ და ტუალეტი არ იყოს მოწყობილი?! როგორც ამბობენ, იქაურობა ნავთლუღის ბაზარს დაემსგავსა. ასეთი პრობლემები დგას და ნუ შეეცდებით, ვიღაც ერთს გადააბრალოთ. ეს უნდა მოწესრიგდეს, რაღაც ფორმა უნდა მიეცეს ამას", - ამბობს ჯაღმაიძე.
რამდენად მისაღებია ის, რომ მე-6 საუკუნის ტაძარი 2 დღეა, სასულიერო პირებმა დაკეტეს და აცხადებენ, რომ იქ ადამიანები საკუთარი ოჯახის სარჩენად არ უნდა ვაჭრობდნენ?
"თქვენ სწორად არ გესმით, ეკლესია როგორ გამოდის გაჭირვებული ხალხის დამხმარე და გვერდით მდგომი. ეკლესიას თავისი ფუნქცია აქვს, ადამიანები უნდა მიიყვანოს ღმერთთან. რა თქმა უნდა, ეკლესიამ ხელი უნდა გაუმართოს ადამიანებს, მაგრამ რის ხარჯზე? იქნებ თქვენც ფიქრობთ, რომ მისაღები ლოზუნგები ჰქონდათ ბოლშევიკებს, როდესც ეკლესიების ნგრევასა და მათ საცხოვრებლად გადაკეთებას სწორედ ჰუმანური ლოზუნგებით ახერხებდნენ?
"ზღვარი სადღაც უნდა გაივლოს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს იმის შესაფერისი გარემო, შესაფერისი მდგომარეობა და არ უნდა გადაიყვანოთ ისეთ ჭრილში, რომ ეკლესია არ ზრუნავს...
"თქვენ თუ გახსოვთ, რა ხდებოდა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე? მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა და გარკვეული წესრიგი დაამყარა... ძალიან გულსატკენია, როდესაც რაღაც ერთი შემთხვევის განზოგადება ხდება, რაღაც რადიკალიზაცია და ეკლესიის დემონიზაცია ხდება. როდემდე შეიძლება ეს, რას მოგვიტანს ეს საბოლოო ჯამში?" - აცხადებს ჯაღმაიძე.