ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლოკვიდაციის ხელშეკრულების განხილვას ეძღვნებოდა, ფაქტობრივად, ჩაიშალა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი დასასრული პროგნოზირებადი იყო და ამან სამომავლოდ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის ანდრეა ტომპსონის თქმით, რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა.
„შეხვედრა წარუმატებელი იყო, რადგან ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს ხელშეკრულების დარღვევას და ვერ განმარტა, როგორ აპირებს ხელშეკრულების პირობების შესრულების განახლებას“, - განაცხადა ტომპსონმა სამშაბათ, 15 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვთან შეხვედრისას.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატება მოუწოდა რუსეთს, რომ შეთანხმებისთვის შეუფერებელი სარაკეტო სისტემა გაანადგუროს.
ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ეს მოლაპარაკებების შედეგს არ გამოიღებდა და ეს ცხადი იყო თავიდანვე:
„მსგავსი შედეგი პროგნოზირებადი იყო და არავითარი სიახლე იმაში, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, არაა. თავის დროზე ვამბობდი, რომ მოლაპარაკებები არავითარი შედეგით არ დასრულდებოდა. ამას ფორმალური სახე ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ის, რომ ამერიკა ოფიციალურად დატოვებს ამ ხელშეკრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 1987 წელს დაიდო ვაშინგტონში და მხარეები დაიწყებენ გამალებული შეიარაღების ახალ რბოლას, ეს ფაქტია. ორივე მხარე მზად არის - რუსებმა უკვე მოახდინეს თავიანთი საშუალო და მცირე სარაკეტო სისტემების მოდერნიზაცია, მაგალითად ისეთების, როგორიცაა „ისკანდერ ემ“-ები და „ბულავები“ და ა.შ. ბუნებრივია, ამ ხელშეკრულების საპირისპიროდ შეუძლიათ მათ, რომ გაზარდონ ოპერატიული მოქმედების რადიუსი 500 კმ-დან 2000-კმ-მდე.
„როგორც ჩანს, ამერიკელებიც შეუდგებიან შეიარაღების ანალოგიური პირობების შექმნას და ფაქტობრივად, დასრულდება იმით, რომ მხარეები შეუდგებიან ამ შეიარაღებული რბოლის კიდევ უფრო განვითარებას. შესაბამისად, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაც კიდევ უპრო დაიძაბება.
„მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი, რადგან, ფაქტობრივად, ამით ძირი გამოეთხრება სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულების შესახებ შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებას“, - განაცხა ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია 60 დღის განმავლობაში არ განაახლებს მცირე და საშუალო მანძილის მქონე რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობების შესრულებას, მაშინ ამერიკა ზუსტად იმავე ვადით თავად შეაჩერებს შეთანხმებით გათვალისწინებული პიროებების შესრულებას.
ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხოდ რუსეთიც იმავეს იმეორებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ შეთანხმების შესრლებასთან დაკავშირებით მათაც არაერთი სერიოზული კითხვა აქვთ.
ვაშინგტონმა მოუწოდა რუსეთს, რომ მათ უარი ეთქვათ 9М729 (SSC-8) რაკეტაზე, ან მისი მოდიფიცირება მოეხდინათ, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს დაქვემდებარებოდა. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 9М729 (SSC-8) ტიპის რაკეტა შეთანხმების პირობებსა და სტანდარტებს არ არღვევს.
საუბარია „ისკანდერ ემ“ სარაკეტო სისტემაში შემავალ რაკეტა 9М729-ზე, რომელიც მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტაა. ამერიკული წყროების ინფორმაციით, მისი მოქმედების დიაპაზონი 2000-დან 5500 კმ-მდეა. ხოლო შეთანხმება, რომელიც 1987 წელს დაიდო აშშ-სა და ყოფილ სსრკ-ს შორის, ითვალისწინებს იმას, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს ეკრძალებათ 500-დან 5500კმ მოქმედების რადიუსის მქონე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეთების როგორც შექმნა, ასევე ქონა.
ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს სარაკეტო სისტემა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს:
„რუსეთმა ეს რაკეტა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ამ რაკეტებით დაიბომბა გორი და ფოთის პორტი“, - ამბობს მაისაია.