ლუბლინი ყველაზე პოლონური ქალაქია პოლონეთში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, რაც კი ამ ქვეყანაში აქამდე მინახავს. ეს არის ქალაქი, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, უნიკალურობა, ნამდვილობა და რეალურობა.
აქ არის ალბათ საუკეთესო ბალანსი "ტურისტზე ორიენტირებულობასა" და ბუნებრივობას შორის - იგრძნობა, რომ ლუბლინს აქვს თავისი სული და ხასიათი, უფრთხილდება თავის ისტორიას და ამავდროულად მაქსიმალურად ცდილობს, რომ ნოვატორული იდეების, თანამედროვე სტანდარტების ადაპტაცია მოახერხოს ყველა მიმართულებით.
პოლონეთი საერთაშორისო არენაზე უფრო ასოცირდება ისეთ ცნობად ტურისტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: კრაკოვი, ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი და ლუბლინი ერთი შეხედვით მათ ჩრდილშია მოქცეული, თუმცა, სინამდვილეში ქალაქს სადღეისოდ ყველა ატრიბუტი და უდიდესი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ ამ ჩრდილიდან გამოვიდეს და "სცენაზე" წარსდგეს.
ამ ყველაფერს ახლა შესაბამისი მარკეტინგული "შეფუთვა" და დაქოქვა სჭირდება საერთაშორისო საინფორმაციო ხაზების მეშვეობით და დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლუბლინის მიმართ ინტერესი და ტურისტული ნაკადიც კიდევ უფრო გაიზრდება.
ლუბლინი, რომელმაც გასულ წელს 700 წლის დაბადების დღე იზეიმა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ტოლერანტობის ქალაქი და მთელი ქვეყნის მასშტაბით აღიარებული აკადემიური ცენტრი, სადაც 70 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს პლანეტის მრავალი კუთხიდან.
აქედან 7 ათასამდე სტუდენტი საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის შვილია, რომელთაც ერთგულმა მეზობელმა სტუმართმოყვარე კარი გაუღო და გაჭირვების დროს არ მიატოვა. ამას გარდა, დაახლოებით 900 უკრაინელი ბავშვი ქალაქის სხვადასხვა სკოლაში იღებს პირველად განათლებას, ხოლო მრავალმა ათასმა უკრაინელმა აქ სამუშაო და დროებითი სახლი იპოვა.
ლუბლინს მნიშვნელობას მისი გეოგრაფიული მდებარეობა მატებს, რაც მას კულტურათა გზაჯვარედინის სტატუსს სძენს - ის აკავშირებს დასავლეთს ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებთან ევროპის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიების საშუალებით.
ხოლო უკრაინაში განვითარებული მოვლენები ლუბლინს, რომელიც ყველაზე დიდი პოლონური ქალაქია მეზობელი სახელმწიფოს საზღვართან, გეოპოლიტიკური და ჰუმანიტარული მნიშვნელობითაც ტვირთავს.
რას სთავაზობს ლუბლინი თავის სტუმრებს
რა გელით ლუბლინში და რა შეუძლია შესთავაზოს სტუმრებს პოლონეთის სიდიდით მე-9 ქალაქმა (მოსახლეობა - 365 ათასი):
აქამდე ჩამოღწევა ადვილია - პატარა და თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტს პირდაპირი ფრენები აქვს ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან და მათ შორის პოლონეთის მთავარ სატრანსპორტო ჰაბთან, ვარშავის შოპენის სახელობის აეროპორტთან, საიდანაც ლუბლინამდე 171 კილომეტრის დისტანციის გავლაა საჭირო.
თავად ლუბლინის აეროპორტი კი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რაც ქალაქის კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით 20-25 წუთიან მგზავრობას გულისხმობს.
ქალაქის სატრანსპორტო პარკი თანამედროვე და მეტად კომფორტული ელექტრომობილური საშუალებებით - ტროლეიბუსებით და ავტობუსებით არის წარმოდგენილი. ლუბლინში ტრამვაი არ არის, მისი განსაკუთრებული რელიეფური თავისებურებებიდან გამომდინარე.
იმის გამო, რომ ეკოლოგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ქალაქი ცდილობს მაქსიმალურად გადაერთოს ელექტროტრანსპორტზე და მხოლოდ ყველაზე თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენოს, რაც ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის კომფორტული გადაადგილების საშუალებაა (თავად არაერთხელ მქონდა საშუალება სიამოვნება მიმეღო ლუბლინური ტრანსპორტით მგზავრობით).
ულამაზესი ძველი ქალაქი მე-14 საუკუნის გოთიკური სასახლით, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით და შუა საუკუნოვანი ეკლესიებით ლუბლინის სული და გულია.
ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი და მეტად მტკივნეული ადგილი უკავია მეორე მსოფლიო ომს და ფაშისტურ ოკუპაციას, რომლის დროსაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა განადგურებული ან გაძევებული.
ოკუპაციის პერიოდის საშინელებათა ნათელი გამოხატულებაა მაჟდანეკის საკონცენტრაციო ბანაკი ლა მასთან არსებული მუზეუმი, სადაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულებათა კრებულია თავმოყრილი.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღია ცის ქვეშ სოფლის მუზეუმმა, რომელიც თავისი ტერიტორიით ერთ-ერთი ყველაზე დიდია პოლონეთში და სადაც წარმოდგენილია რეგიონის კულტურული, არქიტექტურული, რელიგიური თავისებურებების შესახებ ექსპოზიციები და მრავალი ორიგინალური ნივთი და ნაგებობა გასული საუკუნეებიდან.
ამ ტერიტორიაზე სეირნობისას ნამდვილად შუა საკუნეების პოლონურ სოფელში აღმოჩნდებით, სადაც ყველაფერი ცოცხალია და შინაური ცხოველებიც კი ჰყავთ, რათა იმ პერიოდის ეპოქა უკეთესად აღიქვათ.
გემრიელი პოლონური ნაციონალური კერძების დაგემოვნება ქალაქის რესტორნებში შეგიძლიათ, არჩევანი დიდია და ჩემთვის მეტად სასიამოვნო იყო, რომ უცხოურ რესტორნებს შორის, ქართული ეროვნული სამზარეულო და საცხობები მეტად ფართოდაა წარმოდგენილი აქ.
რადგანაც საკვებზე ჩამოვარდა საუბარი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლუბლინის ვოივოდეშიფში (პროვინცია) აგრიკულტურა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარგია მთელი პოლონეთში. ლუბლინის ვოივოდეშიფი პოლონეთის საუკეთესო სამეულში იმყოფება წყლის, ნიადაგის და აგროკლიმატის ხარისხით.
ლუბლინის რეგიონი ცნობილია ვაშლის მოსავლით და საუკეთესო ხარისხის ალაოთი (მთელი პოლონეთის წარმოების დაახლოებით 80 პროცენტი სწორედ ლუბლინზე მოდის). შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ ლუბლინის ვაშლის სიდრი საუკეთესოა ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ადგილობრივი ლუდი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს პოლონეთში.
უძველესი და ისტორიული ლუდსახარში "პერლა" რეგიონის სიამაყეა - 1846 წელს პოზნანელი ბიზნესმენის კაროლ რუდოლფ ვეტერის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი ლუდსახარში დღეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლუდს აწარმოებს და დამერწმუნეთ, რომ თავისი გემოვნური თვისებებით მრავალ გაპიარებული საერთაშორისო კონტინენტურ ბრენდებს არაფრით ჩამოუვარდება.
საქმიანი ლუბლინი
ლუბლინს დღეს გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ დასვენება და დროის ტარებაა (თუმცა, ესეც უკვე ბევრს ნიშნავს) - ქალაქი ცდილობს, რომ რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საქმიანი ცენტრიც გახდეს, სადაც შესაძლებელია საქმიანი შეხვედრები და ბიზნესის წარმოება.
საამისოდ, ქალაქთან შექმნილია სპეციალური ეკონომიკური ზონა, სადაც უკვე არაერთმა მსხვილმა ევროპულმა და ამერიკულმა კომპანიამ ჩადო დიდი ინვესტიცია, შექმნა საწარმო და დაიწყო პროდუქციის წარმოება, ხოლო ნოვატორული და გენიალური იდეებისათვის ლუბლინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკში ყველა პირობაა შექმნილი.
გარდა ამისა, ქალაქის თანამედროვე და მეტად ორიგინალური არქიტექტურის კონფერენს-ცენტრი მსურველებს საშუალებას აძლევს გამართონ საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, შეხვედრები, საზეიმო ღონისძიებები ცენტრის შენობაში, სადაც შესაბამისი სივრცის ძალიან დიდი არჩევანია.
მთლიანობაში ლუბლინი ეს არის ქალაქი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია ერთმანეთს შეუთავსოთ ტურიზმი და საქმიანობა და რაც მთავარია იგრძნოთ პოლონური სტუმართმოყვარეობა და ტოლერანტობა, რასაც ბოლო პერიოდში ხშირად ვეღარ შეხვდებით.
ლუბლინის ოფიციალური სლოგანიც - "ინსპირაციის ქალაქი", ზუსტად გამოხატავს მის არსს და ხასიათს. მე კი არასოდეს დამავიწყდება ლუბლინი და მისი სტუმართმოყვარე და ტოლერანტი ხალხი.