რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც მეტროს სადგურში "ტექნიკური უნივერსიტეტი" ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი მატარებელი მოჩანს. ნანახი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ორი მატარებელი შეჯახებას შემთხვევით გადაურჩა, ამიტომ ბუნებრივია, რომ კადრებმა საზოგადოებაზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდა ორი მოძრავი შემადგენლობა ერთმანეთის პირისპირ და რა საფრთხე ელოდათ მეტროპოლიტენის მგზავრებს, „ალია" თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ლელა სეთურიძეს დაუკავშირდა.

- ეს ხარვეზი სულ 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 19 საათსა და 10 წუთზე მოხდა და 19 საათსა და 25 წუთზე მოძრაობა უკვე გახსნილი იყო. სამწუხაროა, რომ რომელიღაც მგზავრმა ვიდეო გადაიღო და ამ ფაქტთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი მოძრავი შემადგენლობის ბოლო ვაგონს შეექმნა ტექნიკური პრობლემა, ამიტომ მატარებელი გაჩერდა „ტექნიკურ უნივერსიტეტში" და დაიცალა მგზავრებისგან. ბოლო ვაგონი ჩაეხსნა მოძრავ შემადგენლობას და ბაქანზე სხვა, სათადარიგო მატარებელი შემოვიყვანეთ, რომელმაც დაზიანებული ვაგონი ჩაიბა და დეპოში გადაიყვანა. ეს არის სტანდარტული პროცედურა. ამის შემდეგ მატარებლის ნაცვლად, რომელსაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, გამოვიდა სათადარიგო მატარებელი, რომ გრაფიკი არ არეულიყო და 10 წუთში მოძრაობა გაიხსნა. სულ ეს იყო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ, იმ კონკრეტულ ვაგონს დაჭირდა ჩახსნა და შესაკეთებლად დეპოში გადაყვანა.

_ გამოდის, რომ მატარებლების შეჯახების საფრთხე არ ყოფილა და მეტროთი მგზავრობა ისევ უსაფრთხოა?

_ იცით, რატომ ითვლება მეტრო ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად? მეტროს სისტემა ისეა აწყობილი, რომ პრაქტიკულად, 100%-ით გამორიცხულია, რომ ორი მატარებლის რაიმე შემთხვევა დაფიქსირდეს.რაიმე ხარვეზის ან ცდომილების შემთხვევაში სისტემა ავტომატურ რეჟიმში ითიშება და ყველა მატარებელი ჩერდება. ასე, რომ ორი მატარებლის ერთმანეთთან მიახლოვება ან შეჯახება აბსოლუტურად გამორიცხულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×