საქართველოში მძიმე სინოპტიკური სიტუაციაა შექმნილი - ხვალ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზვავი, ზღვისპირაქალაქებში კი 4-5 ბალიანი შტორმი.
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, ამინდი ხვალიდან გაუარესდება და გამოსწორებას 20 იანვარს დაიწყებს.
"ხვალ, 17 იანვარს, არის ყველაზე რთული ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, ამიტომ ტემპერატურა დაიკლებს მკვეთრეად. 18-ში ამ სიცივის გავლენის ქვეშ ვიქნებით და ტემპერატურა ვერ მოიმატებს. 19-ში ღამით გამოიდარებს, ყინვები გაძლიერდება.
"უკვე რამდენიმე დღე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის დღის ტემპერატურა მოიმატებს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მათ შორის, დედაქალაქში," - განაცხადა დოდო გვაზავამ "რეზონანსთან" საუბრისას.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ასევე, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. გვაზავას განცხადებით, ძლიერი ნალექი და ზვავსაშიშროება, ისევე, როგორდ დღეს, ხვალაც მოსალოდნელია.
"რთული მეტეოროლოგიოური პირობები იყო წუხელ კობი-გუდაურის მონაკვეთზე. კობში განსაკუთრებით ძლიერად თოვდა. თოვდა გუდაურშიც. ამიტომ შეიქმნა რთული პირობები. შესაბამისად, იქ ზვავსაშიშროებაა.
დღის მეორე ნახევრიდან ველოდებით ძლიერ ნალექს მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით და ჩაკეტვები ალბათ, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია," - აღნიშნა მან.
დღეს, ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მის შესაკეთებლად ასული ორი მამაკაცი ძლიერი ქარის გამო გადმოცვივდნენ.
ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან სამშენებლო ინვენტარი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა.
ბათუმის მერის თქმით, უამინდობის გამო, ქალაქის მასშტაბით 15 გამოძახება დაფიქსირდა.
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აჭარის რეგიონში ძლიერი ქარია, საცხოვრებელი სახლების სახურავების მოხსნის საშიშროება არ არის.
"დღეს და ხვალ აჭარის რეგიონში ძლიერი ქარი ნარჩუნდება. სახურავების მოხსნის საშიშროება იმდენად არ არის, რამდენადაც მოსალოდნელია, რომ იქ ხვალ, ქარი თანდათანობით შესუსტებას დაიწყებს.
"ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი ზღვის ღელვა. ჰაერის ტემპერატურა ბათუმის ტერიტორიაზე ძალიან მაღალი იყო და მემგონი ისეთი საშიში არ უნდა იყოს, რომ რამე ზიანი მიაყენოს ქალაქს," - განაცხადა ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ.
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ევროპაში ახლა მძიმე პროცესები მიმდინარეობს და შესაძლებელია საქართველოშიც განვითარდეს. ის - საქართველოში ზვავსაშიშ ზონად ყველა მთიან რეგიონს ასახელებს.
"ევროპაში ახლა რთული პროცესები მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს ნაწილობრივ. შარშან მაგალითად, მძიმე პროცესები იყო ევროპაში, მაგრამ ჩვენთან არ განვითარდა.
"საქართველოში ზვავსაშიში არის ყველა მთიანი რეგიონი აბსოლუტურად, მათ შორის სტეფანწმინდა. მთელი კავკასიონი, რაც არის გარშემო, ზვავსაშიშია. აქ არა ერთხელ ყოფილა დიდთოვლიანობის დროს ზვავები," - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.