რეზონანსი
17.01.2019

 (რეზონანსი) 2019 წლის 16 იანვარს საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, დიდ დიღომში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

"თუ გაზის მიწისქვეშა ქსელს ელექტროქიმიური დაცვა აქვს, მისი ექსპლუატაციის ვადა 30 წელიწადია. მიწაში მუდმივად არის მოხეტიალე დენი, რომლის გაზომვა და განეიტრალება აუცილებელია, რათა მილზე ელექტრომაგნიტური პოლუსი არ შეიქმნას და გაზის მილი არ გახვრიტოს. უკვე 30 წელია ასეთი დაცვა აღარ აქვს ჩვენს გაზგამანაწილებელ ქსელს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახალ მილსადენს ელექტროქიმიური დაცვა არა აქვს, მისი ექსპლუატაციის ვადა 15 წელია. ასეთი ძველი და ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში მიწისქვეშა გაზგაყვანილობის ქსელის მოქმედება, როგორიც ჩვენ გვაქვს, კატეგორიულად აკრძალულია ყველა ქვეყანაში არსებული ნორმატივების მიხედვით.ოდორაცია იმისთვის არის საჭირო, რომ გაზი უსუნოა, ამიტომ საგანგებოდ აძლევენ ლაყე კვერცხის სუნს. ეს საკითხი მოუგვარებელია... 

ქალაქში გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს.

მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა - არასდროს დაგმანონ შენობაში ყველა ფანჯარა და კარი. თუ სახლში ჰაერი არ შემოდის, დიდ საფრთხეს უქმნით თქვენს თავს.

თვით გაზი მომწამვლელი არ არის, მომწამვლელია და კლავს წვის პროდუქტი, გამონაბოლქვი. ამიტომ, თუ სარკმელი ოდნავ მაინც გაქვთ გამოღებული, ის არც აფეთქდება და არც მოგწამლავთ. აფეთქება შესაძლოა გამოიწვიოს დახურულ შენობაში როგორც მიწისქვეშა, ისე გაზის ხელსაწყოდან გაჟონვამ. სადღაც ახლოს შესაძლოა მიწისქვეშა გაჟონვა იყოს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს ან კანალიზაციის მილს, დაგროვდეს, მაგალითად, ტუალეტში... თუ გაზს საკმარისი ოდორიზაცია არა აქვს, ადამიანი საეჭვოს ვერაფერს იგრძნობს, აანთებს შუქს და ტუალეტში დაგროვილი გაზი აფეთქდება. ამ ბოლო ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი გამოსაკვლევია, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, გაზის ხელსაწყომ კი არ გაჟონა, არამედ მიწისქვეშა მილმა და ასე დაგროვდა გაზი თუნდაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე", - განაცხადა სოსო სიმონიშვილმა, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ "კვირის პალიტრასთან".

 

"კვირის პალიტრა"

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×