პოლეითილენის მილებში გაყვანილი ბუნებრივი გაზი მოსახლეობისთვის დიდი რისკის შემცველია. საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გაჩენის დროს ადვილად აალებადი პოლიეთილენის მილები, რომელშიც გაზი გადის, მარტივად იწვება, რაც აფეთქებას იწვევს და საბოლოოდ კი, სამწუხაროდ, ფატალური შედეგით სრულდება. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის მილები ისეთი მასალითაა გაყვანილი, შესაძლოა პატარა ბავშვებმაც მარტივად დააზიანონ, - გვაფრთხილებენ სპეციალისტები.
გუშინ, ერთი დღის განმავლობაში, გაზის გაჟონვით ორი აფეთქების შემთხვევა მოხდა. მიზეზი დაუდევრობაა თუ შესაბამისი უწყებების გულგრილი რეაგირება?
გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე დიდ დიღომში, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და აქედან ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა მათი გაწერა კლინიკიდან დღეს მოხდება. ამ დროისთვის, იაშვილის კლინიკაში ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.
აფეთების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს. ადგილზე მისვლის შემდეგ თქვეს, რომ პრობლემა არ იყო და ტერიტორია დატოვეს.
ამასთანავე, გუშინ 18:00 საათზე გორში, ცხინვალის გზატკეცილზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა და 66 წლის მამაკაცი დაშავდა. მამაკაცს სახის არეში დამწვრობა აღენიშნება. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. აფეთქების შედეგად გვერდით მდებარე სახლების მინებიც ჩამსხვრეულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გაზქურაში დაგროვილმა გაზმა გამოიწვია.
თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი გუშინ უკვე მოაწერა.
დღეს, განაკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.