თბილისში გაზის მილების სრულ რეაბილიტაციას ნახევარი მილიარდი ლარი დასჭირდება. სპეციალისტების გაანგარიშებით, "ყაზტრანსგაზს" ქსელების რეაბილიტაციისათვის დაახლოებით ამ თანხის დახარჯვა მოუწევს, თუმცა აუცილებელია ასევე კანონმდებლობის გამკაცრება და არსებული სტანდარტების გაუმჯობესება, რის გარეშეც პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია.
მართალია, დიდ დიღომში გაზის აფეთქების საზარელი შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ აშკარად ზედაპირზეა ის საფრთხე, რის წინაშეც დედაქალაქის მოსახლეობა მომავალშიც შეიძლება, აღმოჩნდეს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ფიქრობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ 1 კომპანიის ბრალეულობა არ არის და შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ სხვებსაც, მათ შორის, მშენებელ კომპანიას, რომელმაც სტანდარტი სათანადოდ ვერ დაიცვა.
რა დარღვევებზეა საუბარი, სავარაუდოდ, რას შეეძლო აფეთქების გამოწვევა და რამდენად დიდია რისკი, რომ მსგავსი ფაქტები განმეორდეს? - "რეზონანსის" კითხვებს სოსო სიმონიშვილი პასუხობს.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, რას შეეძლო აფეთქების გამოწვევა, რამდენად დასაშვებია, რომ იგი გაზის მილების გაუმართაობას უკავშირდებოდეს?
სოსო სიმონიშვილი: რა აფეთქებაც მოხდა, არანაირად არ უნდა იყოს გამოწვეული მიწისქვეშა გაჟონვებით. ეს უფრო ადგილობრივი პრობლემაა. როგორც ხალხი ამბობს, დაკეტილი იყო ბინა და დაგროვდა გაზი, თუმცა ამ შემთხვევამ ინტერესი გაააქტიურა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცალკეული შემთხვევა, რაზეც მოსახლეობა წუხს. ითქვა, რომ შეინიშნებოდა გაზის მძაფრი სუნი და გამოიძახეს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები, რომლებმაც პრობლემა ვერ მოაგვარეს. გაჟონვის კერის აღმოჩენის გარეშე ჯგუფი უკან არ უნდა დაბრუნებულიყო! რატომ მოუვიდათ ასე, ცალსახად თქმა არ შემიძლია.
ალბათ, ხალხი, გაზის მუშაკები შეეჩვივნენ, რომ ოდორიზაცია ხან არის საკმარისი, ხან - არა, ხან კი ზედმეტად მაღალი კონცენტრაციითაა და სუნს იწვევს. არის ხოლმე, რომ სუნი დგას მძაფრად, მაგრამ გაჟონვა მცირეა, რადგან ოდორიზაცია ზედმეტად დიდია. ამჯერად დიდი შეცდომა მოხდა, რადგან გაჟონვა იყო და კერა აუცილებლად უნდა მოენახათ.
თუკი მეექვსე სართულზე იყო ეს პრობლემა (სადაც აფეთქება მოხდა), ასეთ დროს უნდა გამოეძახებინათ პატრული და მათი თანდასწრებით გაეღოთ დაკეტილი სახლის კარი და გაჟონვის კერა მოეძებნათ, უკიდურეს ვითარებაში კი, გაზი გადაეკეტათ. მთლიანობაში, უამრავი საკითხი გამოიკვეთება, რომლებიც ზოგადი პრობლემაა და მათ აღმოფხვრას შეიძლება, მრავალი წელი დასჭირდეს. მომხდარში პასუხისმგებლობა ბევრს აკისრია და "ყაზტრანსგაზი" გამონაკლისი არ უნდა იყოს.
"რ": ალბათ, სამშენებლო კომპანიას გულისხმობთ. კონკრეტულად რაში შეიძლება მშენებელს შევედავოთ ან რამდენად სწორია, რომ შენობა ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული და გაზი მიეწოდებოდა?
ს.ს: რა თქმა უნდა, წესით, გაზი არ უნდა მიეწოდებინათ, რადგან შენობა ექსპლუატაციაში არ იყო შესული. გასარკვევია, რატომ გაჟონა ბუნებრივმა აირმა ან ვინ დაამონტაჟა? შეიძლება, მონტაჟი სწორად გაკეთდა, მაგრამ რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვინმემ მილი დააზიანა.
არის შემთხვევები, როცა კორპუსი არ არის ექსპლუატაციაში შესული, მაგრამ გაზი მაინც შეჰყავთ. თუ "ყაზტრანსგაზის" სპეციალისტებმა შეამოწმეს და ნახეს, რომ გაზის აღჭურვილობა ნორმას აკმაყოფილებს, ქსელთან მიერთება შეიძლება მოხდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ თვითნებურად ჰქონოდათ გაზი გაყვანილი, რადგან კორპუსი ექსპლუატაციაში არ არის გადაცემული. შესაძლოა, ვიღაც ხელოსანი მოძებნეს და გააკეთებინეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიებია, სინამდვილე არ ვიცით. ყველაფერი გაირკვევა.
"რ": ცხადია, რომ ეს ერთი უბნის პრობლემა არ არის და რისკი არსებობს მთელი ქალაქის მასშტაბით, კონკრეტულად რა საფრთხეა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
ს.ს: თბილისში გაზგაყვანილობის მილები იმდენად მოძველებულია, რომ უკვე ექსპლუატაციის მესამე ვადა გასდის. ეს ხდება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი ნორმები და რეგულაციები, გარდა "ყაზტრანსგაზის" შიდა განაწესისა, რაც კომპანიას აბსოლუტურად ყველა ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. რისკი მაღალია, რადგან რეალურად ძალიან ბევრ ადგილას ჟონავს გაზი თბილისში, რასაც ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო ვერ ვგრძნობთ.
უსაფრთხოების წესები მთელ მსოფლიოში მკაცრად არის განსაზღვრული და ყველა ქვეყნისათვის უნიფიცირებულია, დაახლოებით ერთნაირი მიდგომა აქვთ დადგენილ სტანდარტთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საშიშია მიწისქვეშა მილები, მიწისზედა მილებიდან თუ გაზი გაიჟონა, შეიძლება, ცეცხლი გაჩნდეს და მაინცდამაინც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ იქ, სადაც გაზი გროვდება და გარკვეული პროპორციით შეერევა ჰაერს, იწვევს აფეთქებას, ძალიან დიდია ამის ალბათობა.
პრობლემა რომ მოგვარდეს, აუცილებელია მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია, სხვანაირად არაფერი გამოვა. ამის შესახებ სხვადასხვა დროს მივწერე პარლამენტს, ენერგეტიკის სამინისტროსა და ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. ცხადია, "ყაზტრანსგაზი" ცდილობს, ეს პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ ხშირად თავს ზემოთ ძალა არ არის. წესით, 30 წელში ვადა გასდის ქსელებს და უკვე 60 წელზე მეტია, არ შეცვლილა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქსელს ელექტროქიმიური დაცვა არ აქვს, ასეთ დროს კი ექსპლუატაციის ვადა ნახევრდება, ჯამში, სამმაგი ვადა გამოდის.
"რ": საინტერესოა, რა ჯდება მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია, რა თანხაა საჭირო, რომ გამოსავალი მოიძებნოს და მოსახლეობა საფრთხეს გადაურჩეს?
ს.ს: ძვირი სიამოვნებაა, არანაკლებ 0,5 მილიარდი ლარი დასჭირდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის დედაქალაქი, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, მაშინ ეს დიდი ხარჯი არ უნდა იყოს. ქალაქს სჭირდება უსაფრთხო გაზი, მაგრამ, მეორე მხრივ, ინვესტორს შეუძლია კი ამხელა ტვირთის აწევა? ასეა თუ ისე, გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
ევროპაში საქართველოს მსგავსი ე.წ. "მესამე ქვეყნის" ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად 100-მილიარდიანი ფონდია შექმნილი. ჩვენმა ჯგუფმა "ყაზტრანსგაზში" მუშაობის პერიოდში თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ლაბორატორია შევქმენით. აქამდე არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ პროექტი გავაკეთეთ. შედეგად, 13 მლნ კუბ/მეტრის გაჟონვა შევამცირეთ, ეს ძალიან დიდი საქმეა. მაშინ ეს მოხერხდა და ახლაც შესაძლებელია, მაგრამ დიდი მუშაობაა გასაწევი.
სიტუაციიდან გამოსავალი ნახევარი მილიარდი ლარია. ეს თანხაა საჭირო მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაციისთვის. თანაც აუცილებელი, გადაუდებელი საქმეა, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ქსელის დიაგნოსტიკა. უამისოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებების რიცხვი გაიზრდება.